მხოლოდ რეკორდი, თუ კარიერაც? - კვირის პალიტრა

მხოლოდ რეკორდი, თუ კარიერაც?

კობიაშვილსდისკვალიფიკაცია ემუქრება

ლევან კობიაშვილს გერმანიის ბუნდესლიგის რეკორდსმენობამდე ერთი მატჩი აკლია. ბერლინის "ჰერტას" 34 წლის ფეხბურთელს, ისევე როგორც ბრაზილიელ ზე რობერტოს, ბუნდესლიგაში 336 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რაც ლეგიონერებს შორის გერმანიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. უკვე კარგა ხანია, ზე რობერტო ბუნდესლიგაში აღარ თამაშობს და ლეგიონერთა შორის ერთპიროვნულ ლიდერობამდე ლევანს ერთი მატჩიღა აკლია, თუმცა, სწორედ ეს ერთი მატჩი იქცა მისთვის გადაულახავ ბარიერად. ბერლინურმა კლუბმა უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხა და დიდია ალბათობა, რეკორდის გაუმჯობესება ლევანმა კლუბის გამოცვლის შემთხვევაშიც ვერ შეძლოს!

საქმე ის არის, რომ დიუსელდორფის "ფორტუნასთან" (ბუნდესლიგის საგზურის გარეშე ბერლინელები სწორედ "ფორტუნამ" დატოვა. - ავტ.) განმეორებითი მატჩის დასრულების შემდეგ, "ჰერტას" რამდენიმე მოთამაშემ და მათ შორის - კობიაშვილმაც, შეხვედრის მთავარ არბიტრ ვოლფგანგ შტარკს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავად დაზარალებულის თქმით, კობიაშვილი და კრისტიან ლელი მას რამდენჯერმე ხელითაც შეეხნენ... ქართველი ფეხბურთელი კი ამბობს, ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძალიან გაუჭირდება. გერმანიის საფეხბურთო კავშირის სასამართლომ საქმის განხილვა გასულ პარასკევს დაიწყო, მაგრამ განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო და საბოლოო ვერდიქტს ორშაბათს გამოიტანს. სასჯელი რომ მკაცრი იქნება, ძნელი გამოსაცნობი არ არის - საქართველოსგან განსხვავებით, გერმანიაში მსაჯზე ხელის აღმართვას არავის პატიობენ. გაზეთი "ბილდი" ვარაუდობს, რომ სოლიდური ფულადი ჯარიმის გარდა, კობიაშვილს 6 კვირიდან 2 წლამდე (!) დისკვალიფიკაციაც ემუქრება! ასე რომ, რეკორდს ვინ ჩივის - თუ ვეტერანი ქართველი მართლაც ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, მისი ასაკის გათვალისწინებით (10 ივლისს კობიაშვილი 35 წლის ხდება. - ავტ.), ეს, ფაქტობრივად, კარიერის დასასრული იქნება...