"შერკინებაში სერიოზული პრობლემები გვაქვს" - კვირის პალიტრა

"შერკინებაში სერიოზული პრობლემები გვაქვს"

"უკრაინელთა მასპინძლობა უფრო იაფი დაგვიჯდება, ვიდრე ასეთი "მოგზაურობა"

9 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს "ერთა თასის" ბოლო ტურის მატჩი უკრაინაში უნდა ეთამაშა. თუმცა, ამ შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ, ბორჯღალოსნებს ურთულესი მატჩი ელით დენვერში, აშშ-ის ნაკრებთან და ამერიკის ისედაც "მიუვალ", ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარე ქალაქამდე ჩასაღწევად "შემოვლითი გზებით" რომ არ ემგზავრათ, უკრაინელებს მატჩის თბილისში გადატანა სთხოვეს. აშშ-დან ჩვენი გუნდი კანადაში გადაინაცვლებს და მასპინძელთა ნაკრებს გაეჯიბრება. გარდა ამისა, გასული კვირის მიწურულს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 17 და 24 ნოემბერს თბილისში იაპონიისა და ფიჯის ეროვნულ გუნდებს ვუმასპინძლებთ. მომავალ მატჩებზე სალაპარაკოდ საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარეს - გია ნიჟარაძეს შევეხმიანეთ.

- გადაწყვეტილია, რომ დნეპროპეტროვსკის ნაცვლად უკრაინასთან მატჩი თბილისში ჩატარდება. უკრაინული მხარე ადვილად დაითანხმეთ?

- 9 ივნისს უკრაინაში უნდა გვეთამაშა, მერე კი ჩრდილოამერიკულ ტურნეში წავსულიყავით. თუმცა, როდესაც გასამგზავრებლად დავიწყეთ მზადება, აღმოჩნდა, რომ დნეპროპეტროვსკიდან აშშ-ში ჩასაღწევად ძალიან გრძელი გზის გავლა მოგვიწევდა: თბილისიდან სტამბოლში უნდა ჩავსულიყავით და მატჩის გასამართ ადგილამდე თურქეთის გავლით ჩაგვეღწია. დნეპროპეტროვსკი-კიევის ავიარეისის ბილეთები ვეღარ ვიშოვეთ, ამიტომაც თამაშის შემდეგ გუნდს კიევამდე 5-6 საათის განმავლობაში ავტობუსით მოუწევდა მგზავრობა. გამთენიისას კიევიდან გერმანიაში გავფრინდებოდით, იქიდან - ნიუ-იორკში, ნიუ-იორკიდან კი - დენვერში... გარდა იმისა, რომ მორაგბეები მგზავრობით დაიქანცებოდნენ, დავიანგარიშეთ, რომ უკრაინელებისთვის მასპინძლობა უფრო იაფი დაგვიჯდება, ვიდრე ასეთი "მოგზაურობა". რაც შეეხება უკრაინელთა დათანხმებას, ეს არ გაგვჭირვებია. ამ ქვეყნის რაგბის კავშირთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მათთვის არც მატჩის შედეგი წყვეტს რამეს, რადგან დივიზიონიდან გავარდნისგან ვეღარაფერი იხსნით. რაც მთავარია, ფინანსური თვალსაზრისითაც აწყობდათ - მასპინძლების ხარჯზე თბილისში სტუმრობა ცუდი არ უნდა იყოს. თანხმობა "ფირა-აერისგანაც" მივიღეთ, ასე რომ, 9 ივნისს უკრაინის ნაკრებს ავჭალის სტადიონზე ვუმასპინძლებთ.

- საქართველოს ნაკრები შეკრებას როდის დაიწყებს?

- გუნდი 2 ივნისს შეიკრიბება და მზადებას ტრადიციულად, "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე დაიწყებს, უკრაინასთან მატჩის შემდეგ კი, გამთენიისას, აშშ-ში გაემგზავრება. რაც შეეხება შემადგენლობას, როგორც ყოველთვის ივნისის თვეში, ამ მხრივ სერიოზული პრობლემები გვექნება.

- კლუბების მიერ მორაგბეების ნაკრებში გამოშვებას გულისხმობთ?

- არა მხოლოდ ამას. რამდენიმე მორაგბე ტრავმირებულია, ნაკრების წამყვანი მოთამაშეები საფრანგეთის ჩემპიონატის ფლეი-ოფში მონაწილეობენ, ზოგი კლუბის ძიებაშია და ა.შ. დღევანდელი მონაცემებით, შერკინებაში სერიოზული პრობლემები გვაქვს - წამყვანი მოთამაშეების უმეტესობა ჩამოსვლას ვერ ახერხებს. რაც შეეხება ხაზის მოთამაშეებს, ამ რგოლში გაცილებით კარგად არის საქმე. დღესდღეობით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამერიკაში ის გუნდი გაემგზავრება, ვინც უკრაინასთან ითამაშებს. თუმცა, მინდა გულშემატკივრებს შევახსენო - ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ წლევანდელ წელს გარკვეული ექსპერიმენტებისთვის გამოვიყენებთ. მოთამაშეების გამოსაცდელად მხოლოდ ეს წელი გვაქვს, 2013 წლიდან ამის შესაძლებლობა აღარ გვექნება - გაისიდან ხომ მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლი იწყება. ექსპერიმენტებმა შეიძლება რეიტინგში დაგვაქვეითოს, მაგრამ არც რეიტინგის გამოსწორებაა პრობლემა. ჩრდილოეთ ამერიკაში წასაგებად ნამდვილად არ მივდივართ, პირიქით - ბოლო წუთამდე ვიომებთ, მაგრამ მინდა, გულშემატკივარს ვთხოვო, ყველაფერს გაგებით შეხვდეს. ივნისის თვეში ყოველთვის ვაწყდებით ასეთ პრობლემებს, მაგრამ იმის გამო, რომ წამყვანი მოთამაშეები გვაკლია, უარს ვერ ვიტყოდით - აშშ და კანადა შარშან ნოემბერში გვეთამაშნენ და ვალდებული ვართ, "ვალი" ივნისში დავუბრუნოთ.

- თბილისში აშშ-საც მოვუგეთ და კანადასაც. ასე რომ, ჩვენი მასპინძლები სარევანშოდ იქნებიან შემართული...

- დიახ და ჩვენი თხოვნის მიუხედავად, ამერიკელებმა სწორედ იმიტომ დანიშნეს ჩვენთან მატჩი ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარე ქალაქ დენვერში. იციან, რომ იქაურ პირობებთან ადაპტაცია გაგვიჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოს მთიანეთში ადგილი ვერ მოვძებნეთ, სადაც შეკრებას შევძლებდით - იმ კურორტებზე, სადაც სასტუმროებია, მოედანი არ არის. არადა, ჩემი აზრით, მაღალმთიან კურორტებზე სპორტული ინფრასტრუქტურა აუცილებლად უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში ჩვენი კურორტები უამრავი გუნდისთვის გახდებოდა მიმზიდველი.

- უკრაინელებს ავჭალაში დავხვდებით. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ნაკრებს სხვა სტადიონი არც აქვს...

- სხვა არენის ძებნა არც დაგვიწყია. სტადიონის დაქირავება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და რადგან სპორტული თვალსაზრისით უმნიშვნელო მატჩია და არ გვგონია, განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვიოს, ვამჯობინეთ, უკრაინასთან შეხვედრა ჩვენს მოედანზე დაგვენიშნა. თუმცა, ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან შეხვედრებსაც ავჭალაში ვუმასპინძლებთ. ჯერ არ ვიცით, სად ვითამაშებთ 17 და 24 ნოემბერს, როცა თბილისში იაპონიისა და ფიჯის უძლიერესი ნაკრებები გვესტუმრებიან, მაგრამ იმედია, სტადიონის პრობლემა არ გვექნება.

-  A  ნაკრების ბრიტანულ ტურნეს როგორ შეაფასებთ?

- ეს ტურნე ძალიან საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ საქართველოს A ნაკრებმა პირველად ითამაშა ასეთი ძლიერი გუნდების წინააღმდეგ. მით უმეტეს, ეს, ფაქტობრივად, მესამე შემადგენლობა იყო და არა - A ნაკრები. ასეთი გუნდით უელსის ჩემპიონატის ნაკრებს რომ მოუგებ, ხელწამოსაკრავი არ არის და იმაზე მიანიშნებს, რომ ქართული რაგბი წინ მიდის. უფრო საინტერესო იქნებოდა, რეალური A ნაკრები რომ წასულიყო ბრიტანეთში, მაგრამ მოთამაშეების გამოშვებასთან დაკავშირებით მაშინაც იმავე პრობლემას წავაწყდით.

- ევროპის ჩემპიონატზე ქართველი 18-წლამდელების გამოსვლაც შეაფასეთ...

- სპორტული თვალსაზრისით ჩვენი 18-წლამდელების გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ: მოვუგეთ იტალიას და ჩვენივე შეცდომები რომ არა, გამარჯვება შოტლანდიასთანაც შეგვეძლო. თუმცა, ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დისციპლინის თვალსაზრისით ახალგაზრდა მორაგბეებთან ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ისიც გამოჩნდა, რომ ძალიან საინტერესო თაობა მოდის და ამ გუნდის 9-10 მოთამაშე სერიოზულად მიიქცევს უფროსთა ნაკრების მწვრთნელების ყურადღებას.

- რამდენიმე დღის წინ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ინიციატივით ამავე სახელწოდების ახალი სარაგბო გუნდი დაფუძნდა...

- ეს გუნდი "თსუ-ლომების" და მოძრაობა "დავითიანნის" ინიციატივით შეიქმნა, რაგბის კავშირი კი შეძლებისდაგვარად ეხმარება.  ლაპარაკია იმაზე, რომ შეიქმნას ერთგვარი სასწავლებელი, სადაც თავს მოიყრიან არასრულწლოვანთა კოლონიებიდან გამოსული მოზარდები, იძულებით გადაადგილებული ჭაბუკები, ობლები და ა.შ. ეს ბავშვები ერთად ისწავლიან და სხვადასხვა პროფესიას დაეუფლებიან, ერთგვარი დამხმარე საშუალება კი რაგბის თამაში იქნება. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, რადგან ასეთი სასწავლებლის შექმნას დიდი დაფინანსება და სპეციალისტების ჩართვა სჭირდება.

- ქართველი მორაგბეები ევროპის უძლიერეს კლუბებს "გაუშინაურდნენ", რის ერთ-ერთ ბოლო დასტურად დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგში" ჩარიცხვაც გამოდგება. რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი?

- მთელ მსოფლიოში ქართველი მორაგბეების ავტორიტეტის ზრდაზე. ბასილაია "პირველი მერცხალია" ბრიტანულ ბაზარზე. სერიოზულად ვმუშაობთ, რათა "კოლპაკის" საერთაშორისო ხელშეკრულებას შევუერთდეთ. როგორც ცნობილია, ბრიტანეთში სამუშაო ვიზის მისაღებად აუცილებელია, სპორტსმენს ნაკრების მიერ წელიწადში ჩატარებული მატჩების 75%-ში ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული. "კოლპაკთან" შეერთების შემთხვევაში კი ჩვენი მორაგბეები ყოველგვარი პრობლემების გარეშე, ულიმიტოდ შეძლებენ ბრიტანულ კლუბებში თამაშს. გარდა ამისა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას "ჰარტლპულის" სარაგბო აკადემიასთან. მწვრთნელთა საბჭო აგრძელებს ბავშვების შერჩევას, სარაგბო მონაცემების გარდა, აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის კარგად ცოდნა და სექტემბერში ახალგაზრდა მორაგბეების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრება ჰარტლპულში. ასე რომ, თანდათან ბრიტანულ ბაზარსაც "ვითვისებთ".

- ხუთთვიანი თანამშრომლობის შემდეგ ნაკრების სამწვრთნელო შტაბზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- მილტონ ჰეიგს და კრის გიბსს ისეთმა ხალხმა გაუწია რეკომენდაცია, ამ მწვრთნელების კვალიფიკაციაში ეჭვი ნამდვილად არ გვეპარებოდა. მსოფლიოში საუკეთესო ახალზელანდიური სარაგბო სკოლის წარმომადგენლები მაღალი რანგის სპეციალისტები არიან და რაგბი უსაზღვროდ უყვართ. რაც მთავარია, უბრალო ადამიანები არიან, მოთამაშეებთანაც ადვილად გამონახეს საერთო ენა. წლის ბოლომდე სრულად შეისწავლიან ქართული რაგბის რესურსს და სამოქმედო გეგმაც ამის შესაბამისად მომზადდება. თუმცა, მიზანი ისედაც ცნობილია - მსოფლიო თასზე გასვლა და იქ ბევრად უკეთ თამაში, ვიდრე ახალ ზელანდიაში. ახალ სისტემას, რომელსაც მწვრთნელები გუნდში ნერგავენ, დრო სჭირდება, მაგრამ ყველა ხედავს, რომ საქართველოს ნაკრები უკვე თამაშობს განსხვავებული სტილით. დარწმუნებული ვარ, რომ სარაგბო აკადემია, რომელიც ახლახან შეიქმნა, ნამდვილი კადრების "სამჭედლო" იქნება; ვნერგავთ მზადების ულტრათანამედროვე სისტემებს და ეს ყველაფერი შედეგს აუცილებლად მოიტანს. ასე რომ, მოვითმინოთ, ივნისის ტესტ-მატჩებს მაინცდამაინც შედეგის თვალსაზრისით ნუ შევხედავთ, მერე კი ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის იაპონიასთან და ფიჯისთან. ასეთი ძლიერი ნაკრებები საქართველოში არასდროს ჩამოსულან. სწორედ ეს მატჩები გამოაჩენს, რა დონის ნაკრები გვყავს. მთავარია, ნოემბერში უძლიერესი შემადგენლობის შეკრება მოვახერხოთ...