"მოყვარულთა რალიში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია" - კვირის პალიტრა

"მოყვარულთა რალიში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია"

"მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპის მასპინძლობაც შეგვიძლია"

2 ივნისს თბილისში გაიმართება მასშტაბური შეჯიბრება - მოყვარულთა რალი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც მართვის მოწმობა და ავტომანქანა აქვს. მიმდინარე სარბოლო სეზონში ეს საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული მეხუთე ტურნირი იქნება, სულ კი 2012 წლის კალენდრით 19 ღონისძიებაა გაწერილი, 11 - პროფესიონალებს, 8 - მოყვარულებს შორის. საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი მიქიაშვილი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოსა და სპონსორების მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველოს არა მხოლოდ ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპის მასპინძლობაც შეუძლია.

- პირველ რიგში, მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წლევანდელი სარბოლო სეზონი, რომელიც 31 მარტს გაიხსნა, გადატვირთულია საინტერესო ასპარეზობებით. 4 შეჯიბრება უკვე ჩავატარეთ, ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო კი 20 მაისს ჩატარებული ბოლო ასპარეზობა გამოდგა - რალი პროფესიონალ ავტომრბოლელთა შორის. მონაწილეები პირველობისთვის ისეთი აზარტით იბრძოდნენ, არც თავს ზოგავდნენ და არც ავტომანქანებს. ამის გამო ბევრ მათგანს ავტომობილმა უმტყუნა და შეჯიბრებას გამოეთიშნენ. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ყველა კმაყოფილი დარჩა.

- კარგია, რომ ბოლო წლების ჩავარდნის შემდეგ საქართველოში რალი პოპულარობას იბრუნებს.

- მთელ მსოფლიოში რალი ავტოსპორტის ყველაზე სანახაობრივ და პოპულარულ სახეობად მიიჩნევა, რაზეც მსოფლიო საავტომობილო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგიც მეტყველებს. რალის დროს გადამწყვეტია დრო სტარტიდან ფინიშამდე, მაგრამ მძღოლის პროფესიონალიზმის გარდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მანქანის გამძლეობასაც ენიჭება. ჩვენთან კი სხვადასხვა მიზეზის გამო მონაწილეების დიდი ნაწილი რბოლის დასრულებას ვერ ახერხებს.

- როგორ შეიძლება გამოსწორდეს ეს პრობლემა?

- იმისთვის, რომ სპორტსმენებმა რალიში საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენა შეძლონ, მხოლოდ ჩვენი ხელშეწყობა საკმარისი არ არის. აუცილებელია, სახელმწიფოს მხარდაჭერა, რათა ჩვენს ქვეყანაში ავტოსპორტის ეს სახეობა განვითარდეს.

- წლების წინ საქართველო რალიში აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის ეტაპებს მასპინძლობდა. ახლა აღარ გვანდობენ ასეთი მასშტაბის ტურნირებს?

- ეს იმის ბრალია, რომ ავტოსპორტში არაკომპეტენტური ადამიანები ჩაერივნენ. მაგალითად, წლების წინ ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა ჩვენზე ბევრად უკან იყო, როდესაც საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი ტარდებოდა, უკრაინელებს ამაზე ოცნებაც კი არ შეეძლოთ. დღეს კი მათი ავტოსპორტი ჩვენზე ბევრად მაღალ საფეხურზეა. გასულ წელს მათ უმასპინძლეს საერთაშორისო რალის ჩემპიონატის ეტაპს (IRC), რომლის გამო უკრაინაში ორ მილიონამდე ტურისტი ჩავიდა. გვინდა მომავალ წელს საქართველომ უმასპინძლოს აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ეტაპს და ბოლო წლებში დაკარგული წარმატება დავიბრუნოთ.

- სურვილი ერთია, მაგრამ რამდენად რეალურია ეს ყოველივე?

- სპონსორებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, ამ ათწლეულის ბოლომდე საქართველოში ჩატარდეს არა მარტო ზემოხსენებული IRC, არამედ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა, მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი რალიში  WRC. ამის შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის რელიეფი და ინფრასტრუქტურა ნამდვილად გვაძლევს. სპორტის ეს სახეობა ქვეყნისათვის იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ შესაძლებელია, ასპარეზობამ რეგიონების დიდი ნაწილიც მოიცვას და იმ რეგიონებსა თუ დასახლებებს, სადაც რალის მარშრუტი გაივლის, უამრავი ტურისტი ესტუმროს.

- რამდენიმე სიტყვა საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაციის მიერ დაგეგმილ უახლოეს შეჯიბრებაზეც გვითხარით.

- 2 ივნისს თბილისში მასშტაბური ასპარეზობა - მოყვარულთა რალი ჩატარდება. ეს სახეობაც, სადაც მომავალი პროფესიონალი სპორტსმენები იზრდებიან, მივიწყებული იყო. შეჯიბრების დღეს ყველა მონაწილეს დაურიგდება "ლეგენდა" (რალის მარშრუტის რუკა), რომლის მიხედვითაც შტურმანი პილოტს უკარნახებს გზასა და დაბრკოლებებს სტარტიდან ფინიშამდე. განსაზღვრულ მონაკვეთებზე ჩასმულია სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები, დაბრკოლებები და თამაშები.

- ვის შეუძლია მოყვარულთა შეჯიბრებაში მონაწილეობა?

- ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს მართვის მოწმობა და ავტომობილი. მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის "ლეგენდის" კითხვა და ა.შ., უკვე შეიქმნა სპეციალური კურსები, სადაც ყველაფერს შეისწავლიან მოყვარულთა რალის შესახებ. ამ კურსების მეშვეობით, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა სრულიად უფასოდ მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ავტოსპორტით.