ქეცბაიაზე ნაწ-ყენია - კვირის პალიტრა

ქეცბაიაზე ნაწ-ყენია

ლევან ყენია ნაკრებში აღარ ითამაშებს

გვეგონა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ასეთ რაღაცებს "გადაეჩვივნენ", თუმცა... ეროვნული ნაკრების 21 წლის ნახევარმცველმა ლევან ყენიამ თურქეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გამოაცხადა, რომ სანამ ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნის, ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს! შეგახსენებთ, რომ კოჭის ტრავმით გამოწვეული სამწლიანი შესვენების შემდეგ, ყენია ნაკრებს მიმდინარე წლის თებერვალში, ალბანეთთან ამხანაგური მატჩის დროს დაუბრუნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც "შალკესთან" კონტრაქტი უკვე დაუმთავრდა და ამჟამად უგუნდოდ არის, თემურ ქეცბაიამ თურქებთან მატჩისთვისაც გამოიძახა, თუმცა მოედანზე არ შეუყვანია. ლევანიც სწორედ ამის გამოა ნაწყენი: "ამხანაგურ შეხვედრაში 1:3 ვაგებდით და არ შეიძლებოდა, რამდენიმე წუთით მაინც შევეყვანე მოედანზე? მით უმეტეს, ჩემი თამაშის სანახავად რამდენიმე კლუბის სკაუტები იყვნენ ჩამოსული. ქეცბაიამ მითხრა, მგონი, შენ ფეხი გტკივაო. აAრადა, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვიყავი. შესაძლოა, არაპროფესიონალური გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ რაც მოხდა, იმაზე თვალს ვერ დავხუჭავ", - უთხრა ყენიამ "ლელოს" კორესპონდენტს.