"კალაძის დიდი სპორტიდან გაცილების მატჩი საქართველოში აუცილებლად უნდა გაიმართოს" - კვირის პალიტრა

"კალაძის დიდი სპორტიდან გაცილების მატჩი საქართველოში აუცილებლად უნდა გაიმართოს"

"დაბადებიდანვე "ადინოჩკა" ვარ და, ალბათ, ბოლომდე ასე დავრჩები"

მას შემდეგ, რაც ბაქო 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატ ქალაქებს შორის ვერ მოხვდა, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა ქართულ განაცხადს შეუერთდეს და "ევრო-2020"-ის მასპინძლობისთვის ჩვენთან ერთად იბრძოლოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან ლაპარაკი სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ. თუმცა, სფფ-ის თავკაცთან ინტერვიუში გვერდს ვერც სკანდალურად დასრულებულ (თუ ჯერაც დაუსრულებელ?!) ეროვნულ ჩემპიონატს, სანაკრებო მატჩსა და სხვა საინტერესო ამბებს ავუვლიდით.

- მოხარული ვარ, საქართველოს განაცხადს აზერბაიჯანიც რომ შეუერთდა და ერთად ვიბრძოლებთ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. ორ ქვეყანას მეტი ფინანსური საშუალება ექნება, ერთად მეტი გამოგვივა. ივნისის დასაწყისში შევიკრიბებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და 30 ივნისს, კიევში გასამართ უეფას კონგრესზე წარვდგებით, სადაც შეტანილ საბუთებს განიხილავენ. თუ ერთ ეტაპს გავივლით, მერე ვიზრუნებთ შემდგომ ნაბიჯზე - პროექტებზე, ქალაქებზე, სტადიონებზე და ა.შ.

- ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში მაღალი დონის სტადიონები, სასტუმროები, აეროპორტები უნდა იყოს. ამ ყველაფრის მშენებლობას კი დიდი ფული სჭირდება.

- სახელმწიფოსგან ასპროცენტიანი მხარდაჭერა გვაქვს - არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგანაც. რაც შეეხება კერძო სექტორს, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული - სასტუმროების, რესტორნების, სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებმა დაინტერესება თავად უნდა გამოიჩინონ.

- საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი სკანდალურად დასრულდა: "ზესტაფონიც" და "მეტალურგიც" მიიჩნევენ, რომ სეზონი პირველ ადგილზე დაასრულეს.

- ყველაფერი დებულების მიხედვით გაკეთდა და საქართველოს ჰყავს 2011/2012 წლების სეზონის ჩემპიონი - "ზესტაფონი".

- მაგრამ, თუ სფფ ისედაც დებულების მიხედვით ხელმძღვანელობდა, რატომ წარმოიშვა გაურკვევლობა და ჩემპიონის გამოსავლენად რატომ გახდა საჭირო აღმასკომის სხდომის გამართვა?

- გაურკვევლობა კლუბებისთვის 15 მარტს გაგზავნილმა წერილმა გამოიწვია.  სფფ-ის იმ თანამშრომელმა, რომელმაც ეს გააკეთა, თავდაპირველად, არასწორად მოგვაწოდა ინფორმაცია. მას შემდეგ კი, რაც ყველაფერი შეისწავლა აღმასკომმა და იურისტებთან გავიარეთ კონსულტაცია, ჩემპიონი კანონიერად დასახელდა.

- "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ განაცხადა, რომ "მერანი"-"მეტალურგის" მატჩი გარიგებული იყო და ამის დამამტკიცებელი საბუთებიც აქვს. რა მოხდება, თუ კოკაია მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს?

- როგორც ვიცი, ბატონმა ილია კოკაიამ ბოლო ინტერვიუში თქვა, ყველა მტკიცებულება მაქვს, ოღონდ, შესაძლოა, მათ წარმოსადგენად ერთ კვირაზე მეტი დამჭირდესო. ამ დღეებში შეიკრიბება აღმასკომი და იმსჯელებს. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქმე აღმასკომთან გვაქვს და არა სასამართლოსთან. შევისწავლით საქმეს და განაჩენს დებულებაში არსებული პარაგრაფების მიხედვით გამოვიტანთ, რომელიც სასჯელის სხვადასხვა პუნქტს ითვალისწინებს - ფულად ჯარიმებს, ქულების დაკლებას, ფეხბურთიდან ერთი წლით მოკვეთას, პირველ ლიგაში დაქვეითებას და ა.შ. რას გადაწყვეტს აღმასკომი, თუ "ზესტაფონის" პრეზიდენტი თავის ნათქვამს ვერ დაამტკიცებს, ნამდვილად არ ვიცი.

- ქულების დაკლება ახსენეთ, ანუ, შესაძლებელია, ისე მოხდეს, რომ "ზესტაფონს" ჩემპიონობა ჩამოერთვას?

- დღეს საქართველოს ჩემპიონი არის ზესტაფონის "ზესტაფონი"!

- თქვენი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის აზრით, გაამართლა იმ სისტემამ, რომლითაც საქართველოს 2011/2012 წლების საფეხბურთო სეზონი ჩატარდა?

- ეს ექსპერიმენტული ჩემპიონატი იყო. 3 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში შევიკრიბებით ყველა კლუბის წარმომადგენელთან ერთად, თავის მოსაზრებებს, სურვილებს გაგვაცნობენ და ვიმსჯელებთ. შემდეგ კი ყრილობაზე გადავწყვეტთ, როგორი ფორმატით ჩატარდება მომავალი ჩემპიონატი.

- საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩზე რას იტყვით, თურქეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ნაჩვენები თამაში მოგეწონათ?

- მეორე ტაიმით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვნახე ქართული ფეხბურთის მომავალი, კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები. სამწუხაროდ, თემურ ქეცბაიამ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი მოისაკლისა საქართველოს თასის ფინალის გამო. რაც შეეხება თურქეთთან შეხვედრის პირველ ტაიმს, ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც ვიცით, ასე რომ, რაიმე ახლის თქმა გამიჭირდება.

- საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ კარიერა დაასრულა. გაიმართება საქართველოში მისი დიდი სპორტიდან გაცილების მატჩი?

- აუცილებლად! კარიერა დაასრულა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა და კახა კალაძის დიდი სპორტიდან გაცილების მატჩი საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს შეკითხვა არც უნდა დაგესვათ.

- მას შემდეგ, რაც კალაძემ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, ექვს თვეზე მეტი გავიდა და მისი გაცილების მატჩი არავის უხსენებია.

- ეს უკვე თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული - ბატონმა კახამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ და როდის აპირებს.

- ერთ-ერთ ინტერვიუში გვითხარით, "ადინოჩკა" ვარო. თქვენს საქმეში ისევ "ადინოჩკა" ხართ თუ შეიცვალა რამე? და კმაყოფილი ხართ იმ პერიოდით, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე გაატარეთ?

- მგონი, დაბადებიდანვე "ადინოჩკა" ვარ და, ალბათ, ასეთივე დავრჩები. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ორი წელიწადი და ოთხი თვეა, რაც ფედერაციაში მოვედი და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ სფფ-მ უკვე ყველა ვალი გაისტუმრა. ჩემი ოცნება იყო ქართულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა, ეს ოცნება 17-წლამდელებმა ამისრულეს და იმედია, ამ კვირაში 19-წლამდელებიც გაგვახარებენ. ხვალაც რომ წავიდე ამ თანამდებობიდან, ჩემს დროს გაკეთებული სტადიონები, ინფრასტრუქტურა მაინც დარჩება. ასე რომ, კმაყოფილი ვარ.