ივნისში ევროპა ფეხბურთით იცხოვრებს! - კვირის პალიტრა

ივნისში ევროპა ფეხბურთით იცხოვრებს!

იულია ტიმოშენკოს პატიმრობის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყნის მთავრობა უკრაინას ბოიკოტს უცხადებს, კიევსა და დონეცკში სასტუმროების ფასები არანორმალურად მაღალია, უსაფრთხოების კოეფიციენტი კი - საკმაოდ დაბალი... ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, უკრაინა-პოლონეთის სტადიონებზე "ევრო-2012" სტარტს მაინც აიღებს. ორგანიზატორთა წინასწარი განცხადებების თანახმად, ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი საკმაოდ მოკლე - მხოლოდ 12-წუთიანი იქნება და შესაბამისად, ტურნირის პირველ მატჩამდე ოციოდ წუთით ადრე დაიწყება. რაც შეეხება "ევრო-2012"-ის პირველ შეხვედრას, ის 8 ივნისს, ვარშავის ეროვნულ სტადიონზე 20.00 საათზე დაიწყება - ტურნირის თანამასპინძელი პოლონეთი საბერძნეთის ნაკრებთან "გაარკვევს ურთიერთობას" . ასე რომ, მთელი ივნისის განმავლობაში ("ევრო-2012"-ის ფინალი 1-ელ ივლისს გაიმართება. - ავტ.) ევროპა ფეხბურთით იცხოვრებს. ბუნებრივია, ტურნირს, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივარი ოთხი წელი ელოდა, გაზეთის მომდევნო ნომრებშიც საფუძვლიანად გავაშუქებთ. ამჯერად კი, ჩემპიონატში მონაწილე გუნდებისა და ფეხბურთელების შესახებ საინტერესო სტატისტიკას შემოგთავაზებთ.

Deutschland, Deutschland uber alles!

გერმანიის ჰიმნის არ იყოს, ამ ქვეყნის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეც ყველაზე "მაღალია" - გერმანელი ფეხბურთელების საშუალო სიმაღლე 185 სანტიმეტრია. რაც შეეხება ცალკეულ ფეხბურთელებს, "ევრო-2012"-ის ყველაზე ტანმაღალი (199 სმ) მოთამაშე შვედეთის ნაკრების მეკარე ანდრეას ისაკსონი იქნება.

ყველაზე "ბებრები"

კონტინენტის წლევანდელ პირველობაზე ყველაზე "ხანდაზმული" ნაკრები იტალიას, შვედეთს, რუსეთსა და ირლანდიას ეყოლებათ - ამ გუნდების მოთამაშეთა საშუალო ასაკი 28 წელია. ყველაზე ახალგაზრდული კოლექტივი გერმანიას ჰყავს - ამ ნაკრების ფეხბურთელების საშუალო ასაკი 24 წელი გახლავთ. ტურნირის ყველაზე ასაკოვანი (37 წლის) მოთამაშე ბერძენი კოსტას ხალკიასია, ყველაზე ახალგაზრდა კი - 18 წლის ჰოლანდიელი ჯეტრო ვილემსი. სხვათა შორის, თუ "ევრო-2012"-ის რომელიმე მატჩში მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მიეცა, ვილემსი ენცო შიფოს რეკორდს გააუმჯობესებს - ეს უკანასკნელი 18 წლისა და 115 დღის იყო, როცა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

გამოცდილები

ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების საშუალო რაოდენობით ჰოლანდიის გუნდი ლიდერობს - "ნარინჯისფერთა" ფეხბურთელებს ნაკრებში საშუალოდ 42 მატჩი აქვთ ჩატარებული. ყველაზე გამოუცდელი ფეხბურთელები კი საფრანგეთსა და პოლონეთს ჰყავთ - საშუალოდ 21 სანაკრებო მატჩი. "ევრო-2012"-ის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯი იკერ კასილასი იქნება, რომელსაც ზურგს 130 სანაკრებო მატჩი უმაგრებს!

210 ტიტული

გაზეთ "მარკას" ცნობით, ესპანეთის ნაკრების იმ ფეხბურთელებს, რომლებიც კონტინენტის წლევანდელ პირველობაზე ითამაშებენ, 210 ტიტული აქვთ! საშუალოდ, ამ გუნდის თითოეულ მოთამაშეს 9,13 ტიტული აქვს. მეორე ადგილზე პორტუგალიის ნაკრებია ჯამური 151 ტიტულით, მესამეზე კი - ჰოლანდია (126).

3,7 მილიარდი

ექსპერტების გამოთვლით, "ევრო-2012"-ის მონაწილე ფეხბურთელთა საერთო ღირებულება 3,7 მილიარდი ევროა! ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი გახლავთ - ტრანსფერმარკტ.დე-ის ინფორმაციით, ამ ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ღირებულება 658 მილიონია. მეორე-მესამე ადგილებზე გერმანია (474 მლნ) და ინგლისი (398 მლნ) გავიდნენ. ევროპის ჩემპიონატის ყველაზე "იაფფასიანი" გუნდი კი ირლანდიის ეროვნული ნაკრებია - "სამყურების" საერთო ფასი სულ რაღაც 71 მილიონია, რაც მარტო პორტუგალიის ნაკრების ლიდერის - კრიშტიანუ რონალდუს ღირებულებაზეც კი ნაკლებია.