ოფიციალურად: საქართველო-აზერბაიჯანი - კვირის პალიტრა

ოფიციალურად: საქართველო-აზერბაიჯანი

ამ კვირაშIი 2012 წლისა იწყება, ჩვენ კი 2020-ში გასამართზე უფრო მეტს ვფიქრობთ... მიხვდებოდით - ევროპის ჩემპიონატს ვგულისხმობთ. ამაში გასაკვირიც არაფერი უნდა იყოს - უკრაინა-პოლონეთის მინდვრებზე ბურთის გორებას ხომ მხოლოდ მაყურებლის რანგში მივადევნებთ თვალს,  "ევრო-2020"-ისგან კი გაცილებით მეტს მოველით. ყოველ შემთხვევაში, გასული კვირის მიწურულს საქართველომ და აზერბაიჯანმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ევროპის 2020 წლის  ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ერთობლივად იბრძოლებენ. ამის შესახებ ქართული და აზერბაიჯანული ფეხბურთის პირველკაცებმა პარასკევს ბათუმში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ილაპარაკეს. ზვიად სიჭინავამ და როვნაგ აბდულაევმა დაგვანამუსეს - არც ახლა გჯერათ, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე სერიოზულად რომ ვფიქრობთო? რა გამოვა ამ საქმიდან, მომავალი გვიჩვენებს, იმავე ბრიფინგზე კი ისიც გახდა ცნობილი, რომ 15 მაისს, ანუ განაცხადის შეტანის ბოლო დღეს, საქართველოს უეფაში... ორი წერილი გაუგზავნია!

"ევრო-2020"-ის მასპინძლობის სურვილს ერთ წერილში დამოუკიდებლად გამოვთქვამდით, მეორეში კი აზერბაიჯანთან ერთად, ოღონდ, შიდა ჩემპიონატში არსებულ პრობლემებს გადავყევით და აზერბაიჯანულ მხარეს ამის შესახებ დროულად ვერ ვაცნობეთო, - თქვა სიჭინავამ. მისი თქმით, ამ საქმეში ყველაფერი გარკვეულია და ორი ქვეყანა ერთობლივად იბრძოლებს ჯერ მასპინძლობის უფლების, მერე კი ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის... სურვილს წინ არაფერი უდგას, მაგრამ მთავარია, ჩვენი მეზობლები გზადაგზა კიდევ არ გავანებივროთ ასეთი "სიურპრიზებით".