ვერცხლი დრაფტის წინ - კვირის პალიტრა

ვერცხლი დრაფტის წინ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და "შარლერუას" ფორვარდ თორნიკე შენგელიას ბელგიის ჩემპიონობამდე ნახევარი წუთი დააკლდა. "ოოსტენდესთან" ფინალური სერიის გადამწყვეტი, მეხუთე მატჩის ოვერტაიმის დასრულებამდე 30 წამით ადრე ქართველმა კალათბურთელმა თანაგუნდელები 74:72 დააწინაურა, თუმცა, საბოლოოდ მატჩის გმირის წოდება მაინც მეტ ლოიესკის ერგო, რომლის ზუსტმა სამქულიანმაც "ოოსტენდეს" ოქროს მედალი, შარლერუელებს კი მწარე იმედგაცრუება მოუტანა. შენგელიამ მოედანზე 24 წუთი გაატარა და ანგარიშზე 14 ქულა, 3 მოხსნა, ამდენივე დაფარება და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. დრამატულ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ 20 წლის კალათბურთელი იმედგაცრუებული იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორიოდ კვირაში თორნიკეს კარიერის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ელის: "აქამდე, მხოლოდ ბელგიის ჩემპიონატზე ვფიქრობდი, ამიერიდან კი მთლიანად მომავალი დრაფტისთვის მზადებაზე გადავერთვები", - გვითხრა შენგელიამ. შეგახსენებთ, თორნიკე უკვე იტალიაშია და თავის გამოჩენას ტრევიზოს ცნობილ კემპზე (NBA-ს მიერ ორგანიზებული საჩვენებელი ტურნირი. - ავტ.) შეეცდება. თორნიკე და მისი აგენტი სწორედ ტრევიზოს კემპის შემდეგ გადაწყვეტენ, დარჩება თუ არა 28 ივნისს შენგელიას გვარი  NBA-ს წლევანდელი დრაფტის მონაწილეთა სიაში...