ერთა თასიანი და მეოთხმოცე - კვირის პალიტრა

ერთა თასიანი და მეოთხმოცე

საქართველო 33:3 უკრაინა

ევროპის "ერთა თასი" ისევ ჩვენია! გასულ შაბათს, ავჭალის სტადიონზე უკრაინის ნაკრების 33:3 ძლევით, ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, ლიდერების გარეშე მოთამაშე საქართველომ თასი თავისთან დაიტოვა და თუ მერეც იმავე მეტოქეების წინააღმდეგ მოუწევს თამაში, ძნელი სავარაუდოა, ან მომავალში დაუთმოს ვინმეს. გადახალისებული შემადგენლობის გამო ცოტათი არეული, მაგრამ მაინც ლამაზი ანგარიში, თამაში და გამარჯვება ვნახეთ და "ერთა თასი" ისტორიაში მეხუთედ აღვმართეთ! ივნისის ბოლომდე ისედაც ყველას უკრაინა (და მასთან ერთად - პოლონეთი. - ავტ.) აკერია პირზე, მაგრამ ბოლო დღეებში, ჩვენთვის ეს ქვეყანა რაგბიშიც აქტუალური იყო. შეგახსენებთ, უკრაინელი მორაგბეების წინააღმდეგ ჯერ კიდევ თებერვალში, თანაც დნეპროპეტროვსკში უნდა გვეთამაშა, მაგრამ მატჩი ჯერ უამინდობის გამო გადაიდო, მერე კი, დივიზიონიდან უკვე დაქვეითებული უკრაინელების თანხმობით სულაც თბილისში გადმოიტანეს.

"ერთა თასის" გასაფორმებლად ბორჯღალოსნებს ამ მატჩში ფრე, ან მარცხიც (ოთხი ლელოს გატანის შემთხვევაში. - ავტ.) კი აძლევდათ ხელს, მაგრამ როდის იყო, ქართველი მორაგბე თავს ზოგავდა? მით უმეტეს, ნაკრებში ამჯერად გამოძახებულთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რომ ეროვნული გუნდის სრულფასოვანი მოთამაშეა, ზოგიერთმა კი ეროვნული ნაკრების მაისური სულაც პირველად მოირგო. გარდა ამისა, 16 და 23 ივნისს მილტონ ჰეიგის სამწყსოს სტუმრად ურთულესი მატჩები ელის აშშ-ის და კანადის ნაკრებებთან და ჩრდილოამერიკული ტურნეს წინ, შაბათის მატჩი "მოსათელადაც" წაგვადგა. უკრაინის ნაკრებთან გამარჯვებების ასპროცენტიანი (ცხრა შეხვედრიდან ცხრავე მოვუგეთ. - ავტ.) სტატისტიკა გვაქვს, მაგრამ ბოლო მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ ეროვნული გუნდის მაისური მეოთხმოცედ მოირგო, რაც ქართული რაგბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია! მამუკა გორგოძის არყოფნით "ისარგებლა" და ამ უკანასკნელს ლელოების ანგარიშით (22 ლელო) გადაასწრო უკრაინელებთან დუბლის შემსრულებელმა ირაკლი მაჩხანელმა. მის გარდა, ლელოები ვახტანგ მაისურაძემ (ორჯერ) და მერაბ შარიქაძემ გაიტანეს.