სოკრატე, ფან-ზონა თუ ოსვენციმი? - კვირის პალიტრა

სოკრატე, ფან-ზონა თუ ოსვენციმი?

თუ მსაჯებმა მომდევნო ტურებშიც ასე გააგრძელეს,  უკრაინულ-პოლონურ დუეტს ფინალურ მატჩშიც ვნახავთ

სოკრატემ თქვა, კარგი დასაწყისი მცირე რამ არ არის, მაგრამ მცირედან იწყებაო. რაც შეეხება ცუდ სტარტს, ამაზე ბერძენ ფილოსოფოსს კრინტიც არ დაუძრავს, მაგრამ... არა, "ევრო-2012"-ის პირველ დღეს  არაფერი დაეწუნებოდა: გახსნის ცერემონიალიც თვალსასეირო გამოდგა, თამაშებიც და საწყის ორ მატჩში შვიდი(!) გოლიც ვნახეთ, თუმცა, პოლონეთი-საბერძნეთის მატჩის მთავარმა არბიტრმა საფეხბურთო ზეიმის პირველი დღის "გაფუჭება" ნაწილობრივ მაინც მოახერხა. მასპინძელი გუნდების მიმართ მსაჯების სიმპათია ნამდვილად არ გვიკვირს, მაგრამ კარლოს ველასკო კარბალიომ ნამეტნავად მოინდომა. სოკრატემ "მხოლოდ ის იცოდა, რომ არაფერი იცოდა", და საბერძნეთის ნაკრების მცველ სოკრატისსაც (პაპასტოპულოსი. -ავტ.), წარმოდგენაც არა აქვს,  რისთვის გააძევა ესპანელმა არბიტრმა. ძალაუნებურად პოლონელთა კარში არდანიშნული აშკარა პენალტიც გაგახსენდება კაცს და... თუ მსაჯებმა მომდევნო ტურებშიც ასე გააგრძელეს, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუ უკრაინულ-პოლონური დუეტი ფინალურ მატჩშიც ვნახეთ.

რაც შეეხება "არასაფეხბურთო" ამბებს, მსაჯის გარდა, თავი ფანებმაც "გამოიჩინეს" - ზოგიერთმა რასისტული გამოხდომებითა და აყალმაყალით, სხვებმა კი... მაგალითად, ლოძის ერთ-ერთ ლუდის ბარში ადგილობრივი ფანების ჯგუფს რუსი და ბრიტანელი გულშემატკივრები "შემოელახა". სხვათა შორის, წლევანდელ ჩემპიონატს ბრიტანელი ფანების რეკორდულად მცირე "დესანტი" სტუმრობს, რის ერთ-ერთ მიზეზადაც ინგლისელმა გულშემატკივრებმა... უკრაინელი და პოლონელი ხულიგნები დაასახელეს! აყალმაყალის მოყვარულ ბრიტანელ ფანებს რომ ვინმეს ხულიგნობა გაუკვირდებათ, მაგრამ თუ ზემოაღნიშნულ ცემა-ტყეპას გავიხსენებთ, რას ერჩი, სწორი ინფორმაცია ჰქონია ხალხს. რუსეთი-ჩეხეთის მატჩის დასრულების შემდეგ რუსებს უკრაინელი ქომაგებისგანაც მოხვდათ - ჩრდილოელებს არ მოსწონებიათ, უკრაინელები ჩეხეთის ნაკრებს რომ ქომაგობდნენ და... მანამდე, ჰოლანდიის ნაკრების ვარჯიშის საყურებლად შეკრებილ 35 ათას (!) ფანში ისეთებიც გამოერივნენ, ნარინჯისფერთა "შავგვრემანი" ფეხბურთელები რასისტული შეძახილებით რომ შეამკეს. საინტერესოა, ასე ძალიან თუ ეზიზღებოდათ, მათი ვარჯიშის სანახავად რაღატომ გაისარჯნენ? ამასობაში უკრაინაში ჩასულმა სტუმრებმა დონეცკს კემპინგი დაუწუნეს. გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ზონა ჩემპიონატის გახსნისთვის დასრულებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ... "დონეცკის კემპინგში დარჩენას მირჩევნია, ღამე ოსვენციმში გავატარო", - ეს დონეცკში ჩასული ერთ-ერთი ქომაგის სიტყვებია. თუმცა, უკრაინის ყველა ფან-ზონა როდი ჰგავს საკონცენტრაციო ბანაკებს. მაგალითად, ხარკოვის ფან-ზონა, რომელიც 22000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, ევროპაში უდიდესია. და რადგან ოსვენციმი ვახსენეთ, იმასაც გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის გახსნამდე ერთი დღით ადრე, ამ საკონცენტრაციო ბანაკს გერმანიის, ჰოლანდიისა და იტალიის ნაკრებების ფეხბურთელები ესტუმრნენ.

P. S. "ევრო-2012"-ის სხვა ამბები (მათ შორის - საფეხბურთოც) შემდეგ ნომერში იყოს.