შერმადინი "მაქაბიში" "დაბრუნდა" - კვირის პალიტრა

შერმადინი "მაქაბიში" "დაბრუნდა"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ახალი სეზონიდან თელ-ავივის "მაქაბიში" ითამაშებს. ევროპული კალათბურთის გრანდის ამერიკელი თავკაცი დევიდ ბლატი დიდი ხანია აკვირდება 216 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელს, მისი გადაბირება კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იტალიური "კანტუს" შემადგენლობაში მოთამაშე ქართველმა ევროლიგის ორი მატჩის ჯამში "მაქაბის" 28 ქულით და 15 მოხსნით "დაამახსოვრა" თავი. გიორგი შერმადინი ახლა თბილისშია და სანამ ევროკალათბურთისთვის დაიწყებს მზადებას, ევროფეხბურთისთვისაც იცლის:

- შეიძლება ითქვას, "მშობლიურ" კლუბში "ბრუნდებით" - გიორგი შერმადინის კარიერა ხომ თბილისის "მაქაბიში" დაიწყო.

- აქ რომ ვთქვი, "მაქაბიში" გადავედი-მეთქი, ზოგიერთმა იფიქრა, რომ თბილისურ გუნდში დავბრუნდი (იცინის). ებრაულ კლუბს ჩემი გადაბირების სურვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა და მიხარია, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და ახალ გუნდთან შესაერთებლად თელ-ავივში სანაკრებო მატჩების შემდეგ ჩავალ.

- როცა კარიერას იწყებდით, წარმოიდგენდით, რომ წლების შემდეგ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში ითამაშებდით?

- მაღალ დონეზე თამაშის იმედი ყველას აქვს. კალათბურთში ვარჯიში საკმაოდ გვიან, 16 წლისამ დავიწყე და ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილის დახმარებით იმდენს მივაღწიე, რომ ჯერ თბილისის "მაქაბის" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გავხდი, მოგვიანებით კი ბერძნულ გრანდში - "პანათინაიკოსში" მოვხვდი.

- გასული სეზონიც შევაფასოთ: აშკარაა, რომ "კანტუში" გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო: სათამაშო დროც გქონდათ და იტალიის ჩემპიონატშიც და ევროლიგაზეც გამორჩეული იყავით.

- "კანტუში" გადასვლით ნამდვილად სწორი ნაბიჯი გადავდგი. ამ კლუბს ძალიან კარგი სისტემა და მენეჯმენტი აქვს, სათამაშო დროც მქონდა და ყველაფერი ჩინებულად მიდიოდა. ჩემთვისაც და გუნდისთვისაც მთელმა სეზონმა კარგად ჩაიარა - იტალიაშიც და ევროლიგაზეც. ეგაა, ცოტა ფინიშმა დამწყვიტა გული - ფეხის ტრავმის გამო დიდი დრო გამიცდა და იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიაც წავაგეთ.

- თქვენთან განშორება "კანტუს" ხელმძღვანელობასაც ძალიან გაუჭირდა და "მაქაბის" წინააღმდეგ სარჩელის შეტანასაც კი აპირებდნენ.

- მათი კარგად მესმის, უნდოდათ, მომდევნო სეზონშიც "კანტუში" დავრჩენილიყავი, მაგრამ "მაქაბი" სხვა დონის კლუბია და დარწმუნებული ვარ, ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა.

- მარკოიშვილმა რა გითხრათ?

- რა თქმა უნდა, ერჩივნა, ისევ ერთად გვეთამაშა, მაგრამ მითხრა, როგორც შენი კარიერისთვის არის უკეთესი, ისე მოიქეციო. მანუჩარი გუნდის ლიდერია, "კანტუსთან" მომავალ სეზონშიც აკავშირებს კონტრაქტი და ალბათ, დარჩება.

- ევროლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული იყავით და ბლატმაც ამიტომ წაგიყვანათ თავის გუნდში, მაგრამ თავად რას ფიქრობთ, შეძლებთ "მაქაბის" ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას?

- "მაქაბიდან" ბერძენი შორცანიტისი გაუშვეს, წასვლას აპირებდა ჰენდრიქსიც. ასე რომ, ჯერჯერობით უცნობია, ვის დაიმატებს კლუბი მათ ნაცვლად, რა შემადგენლობა იქნება. ვერ ვიტყვი, ჩასვლისთანავე ძირითადი ხუთეულის მოთამაშე ვიქნები-მეთქი, მაგრამ თავის იმედი რომ არ მქონდეს, არც გადავიდოდი.

- NBA--ს წლევანდელ დრაფტში, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება, თორნიკე შენგელიაც მონაწილეობს. 2008 წელს სადრაფტო განაცხადი თქვენც გააკეთეთ, მაგრამ მერე გადაიფიქრეთ. რატომ?

- მაშინ ამერიკელი აგენტი მყავდა და განაცხადი მან გამოიტანა. იყო მიზეზები, რომელთა გახსენებაც აღარ მინდა. თორნიკეს რაც შეეხება, ვფიქრობ, დრაფტზე არჩევის ძალიან კარგი შანსი აქვს. ტრევიზოს კემპზეც დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია. დარწმუნებული ვარ, თავს ამერიკაშიც გამოიჩენს.

- ზაფხულის ბოლოს ნაკრებს 2013 წლის ევრობასკეტის შესარჩევი მატჩები ელის.

- ივლისის დასაწყისში შევიკრიბებით, 17-ში კი ავსტრიაში გავემგზავრებით, სადაც რამდენიმე საკონტროლო მატჩსაც ჩავატარებთ. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება უკვე გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია, ტრავმებმა არ შეგვაწუხოს, ყველა მოთამაშე ფორმაში იყოს და ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გვექნება. ყველა მატჩში მოსაგებად გავალთ.

- ევროპის ჩემპიონატი უკვე "გახურდა" და ფეხბურთზე რომ არ გკითხოთ, არ შეიძლება.

- საზღვარგარეთ ჩემი პირველი კლუბი ათენის "პანათინაიკოსი" იყო და მისი "ხათრით" საბერძნეთის ნაკრებს ვგულშემატკივრობ.