ევრო 2012 - კვირის პალიტრა

ევრო 2012

კვირის  მიმოხილვა

პოლონეთისა და უკრაინის სტადიონებზე მთელი კვირა ერთიმეორის უმჯობეს მატჩებს ვუცქერთ და ფეხბურთის მოყვარულთ ძალიან გვიჭირს რომელიმე გუნდის გამორჩევა. მეტიც, დაგვენანება შვედეთის ნაკრების მსგავსად, უახლოეს მომავალში გამოვარდნილი გუნდებიც კი, რომლებიც სამახსოვროდ შემტევ და ლამაზ ფეხბურთს დაგვიტოვებენ. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი ხომ განსხვავებული ფენომენია. იგი ყოველთვის ცდილობს და ახერხებს კიდევაც, რომ ფეხბურთში დაინახოს რაღაც ისეთი, რაც სხვისთვის წარმოუდგენელი და შეუმჩნეველია.

უცნაურია, მაგრამ პირველი ორი ტურის შემდეგ, მეოთხედფინალის საგზური ჯერჯერობით ვერც ერთმა გუნდმა ვერ გაინაღდა. მეტიც, სავარაუდო წყვილების განჭვრეტაც აზრსმოკლებულია. A ჯგუფის ყველაზე საინტერესო გუნდი რუსეთის ნაკრებია, რომლის პროგრესიც აშკარად თვალში საცემია.

"სიკვდილის ჯგუფად" შერაცხილ B ჯგუფში ფეხბურთის მოყვარული საოცრად გააწბილა ჰოლანდიის ნაკრებმა, რომლის პოტენციური შესაძლებლობები ნამდვილად არ შეესაბამება ჩემპიონატზე ზედიზედ ორ მარცხს. გერმანიის, დანიისა და პორტუგალიის გუნდები კი მომავალში კიდევ მოუმატებენ. უბრალოდ საწყენია, რომ მათგან ერთ-ერთს ჩემპიონატის დატოვება მოუწევს. დაგვენანება ჩ ჯგუფის უიღბლო გუნდიც, რადგან პლანეტის უძლიერეს ესპანეთის ნაკრებთან ერთად, უღიმღამო ამხანაგური მატჩების ფონზე გაგვაკვირვა იტალიის ნაკრებმაც, რომლის ჩემპიონატს მიღმა დატოვება, შესაძლოა, მომდევნო ტურში ესპანელებმა და ასევე შესანიშნავად მოთამაშე ხორვატებმა განიზრახონ. D ჯგუფში კი აშკარად პროგრესირებადი საფრანგეთის ნაკრების ჩემპიონატის მასპინძელ უკრაინის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, როგორც იქნა, ინგლისის გულშემატკივარმაც გაიხარა - შვედებთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ინგლისელებმა თავიანთ სასარგებლოდ მოატრიალეს და მეოთხედფინალში გასვლის შანსიც მოიპოვეს.

გულშემატკივრებს ისღა დაგვრჩენია, მოუთმენლად ველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ღირსეულ მეოთხედფინალისტებს ობიექტური მსაჯობის ფონზე.

არჩილ ბენაშვილი