"მომავალ ჩემპიონატებზე გაცილებით მეტ შემტევ გუნდს ვნახავთ" - კვირის პალიტრა

"მომავალ ჩემპიონატებზე გაცილებით მეტ შემტევ გუნდს ვნახავთ"

უეფაში 53 ქვეყანაა გაწევრებული და საქართველოს გარდა, ჩემპიონატს ყველგან პროფესიული ფეხბურთის ლიგა ატარებს

"ევრო-2012"-მა განსაკუთრებული გემო მას შემდეგ დაიდო, რაც ევროპის ჩემპიონატზე გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა და ფეხბურთის გურმანებს "ჩაროზად" სამიოდე მატჩიღა შემორჩათ. ძნელი წარმოსადგენია, უკრაინა-პოლონეთის სტადიონებზე ჩატარებული შეხვედრები ფეხბურთის რომელიმე ქომაგმა გამოტოვოს. ამიტომაც მათ გარჩევას სპეციალისტის კომენტარი ვარჩიეთ და უკვე ჩატარებულ თამაშებსა და თანამედროვე ტენდენციებზე სალაპარაკოდ ვლადიმერ გუცაევს შევეხმიანეთ. თბილისის "დინამოს" ვეტერანი თავდამსხმელი ფეხბურთს "შიგნიდანაც" კარგად იცნობს და მწვრთნელის რანგშიც არაერთი მატჩი ჩაუტარებია. გარდა ამისა, ბატონი ვოვა პროფლიგის (რომლის აღდგენაც დიდის ამბით დააანონსეს, თუმცა, ასევე მოულოდნელად გადაიფიქრეს. - ავტ.) პრეზიდენტობის კანდიდატიც გახლდათ და ამ თემაზეც დავუსვით კითხვა. მანამდე კი ვეტერან ფეხბურთელს გასულ კვირას მოულოდნელად გარდაცვლილი ლეგენდარული თავდამსხმელის - რამაზ შენგელიას გახსენება ვთხოვეთ.

- რამაზ შენგელიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის. საქართველომ დიდი ფეხბურთელი და დიდი კაცი დაკარგა. წლების განმავლობაში ვიცნობდი და მისგან ერთხელაც არ გამიგონია ხმამაღალი სიტყვა. ნამდვილი ვარსკვლავი იყო, არა მხოლოდ საქართველოს, საბჭოეთისა და ევროპული მასშტაბის. მარტო ის რად ღირს, ორჯერ რომ დაასახელეს საბჭოთა კავშირის უძლიერეს ფეხბურთელად! რამაზმა უდიდესი კვალი დატოვა და ქართული ფეხბურთის ლეგენდად დარჩა.

- წარმოუდგენელი საგოლე ალღო ჰქონდა...

- გერდ მიულერი განსაკუთრებული ტექნიკით არ გამოირჩეოდა, მაგრამ "მიეკარებოდა" თუ არა ბურთს, გოლი იყო. ასეთი იყო რამაზიც. საგოლე ალღოს გარდა, საოცარი სისწრაფეც ჰქონდა, ბევრს მოძრაობდა, სულ იხსნებოდა და მისი "დაჭერა" მცველებისთვის ურთულესი საქმე გახლდათ. მის პოზიციაზე ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყოლია, მაგრამ, ჩემი აზრით, რამაზ შენგელია საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ცენტრფორვარდი იყო!

- რამდენიმე წლით იყო თქვენზე უმცროსი, მაგრამ ცნობილია, რომ მოედანზეც და მის მიღმაც კარგად გესმოდათ ერთმანეთის.

- მე და დათო ყიფიანი თანატოლები ვიყავით და შესაბამისად, უფრო ახლო მეგობრებიც, მაგრამ, ბუნებრივია, რამაზთანაც ვმეგობრობდი. იუმორის მოყვარული, ძალიან მოწესრიგებული და კარგი ადამიანი იყო, ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებდით. მიმაჩნია, რომ იმ პერიოდში, საბჭოთა კავშირში ისეთი ძლიერი და კარგად შეთამაშებული შემტევი სამეული, როგორიც შენგელია-ყიფიანი-გუცაევის ტრიო იყო, არც ერთ გუნდს არ ჰყავდა.

- ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს... გული არ გწყდებათ, დიდ საფეხბურთო ტურნირზე ერთხელაც რომ ვერ ითამაშეთ?

- როცა უყურებ, ძალაუნებურად ადარებ შენს თავს, შენს მეგობრებს თანამედროვე ფეხბურთელებს, რას იზამდი, როგორ ითამაშებდი. ხშირად მიფიქრია, რომ ამა თუ იმ მომენტში ასე უაზროდ არ მოიქცეოდნენ შენგელია, ყიფიანი, დარასელია, ჩივაძე და სხვები. მეგობრები ერთად რომ ვუყურებთ ფეხბურთს, სულ მეუბნებიან, რამხელა ხელფასები აქვთ თანამედროვე ფეხბურთელებს, თქვენ კი რა დონის ფეხბურთელები იყავით და მიზერული ანაზღაურება გქონდათო. მართლაც ასეა, თუმცა, ბედნიერი იმით ვართ, რომ დიდი სიყვარული დავტოვეთ ხალხში. 13 მაისის გამარჯვებიდან 30 წელიწადზე მეტია გასული, მაგრამ დღემდე ვგრძნობთ უდიდეს სიყვარულს, ქუჩაში გვაჩერებენ და ისეთ დეტალებს იხსენებენ, ჩვენც რომ აღარ გვახსოვს.

- "ევრო-2012"-ით კმაყოფილი ხართ?

- დიდი ტურნირები ყოველთვის საინტერესოა და გამონაკლისი არც მიმდინარე ჩემპიონატია. საკმაოდ ბევრი კარგი მატჩი ვნახეთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, დარჩენილი თამაშები ბევრად საინტერესო იქნება.

- პირადად თქვენთვის, რა იყო სიახლე ამ ჩემპიონატზე?

- მიხარია, რომ უკვე ბევრი ნაკრები ცდილობს სამი თავდამსხმელით თამაშს. მართალია, გუნდების უმეტესობაში ფლანგის მოთამაშეები ნახევარმცველებს უფრო ჰგვანან და ბოლომდე მაინც არ არიან კლასიკური გარემარბები, მაგრამ ვფიქრობ, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზეც და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც გაცილებით მეტ შემტევ გუნდს ვნახავთ.

- გულშემატკივარსაც ეს უნდა, ფეხბურთში ხომ მთავარი გოლებია.

- რა თქმა უნდა. ვფიქრობ, მალე დაბრუნდება დრო, როცა შეტევას ისევ დიდი ყურადღება დაეთმობა. შედეგი მნიშვნელოვანია, მაგრამ უკვე პრაგმატიკოსი მწვრთნელებიც მიხვდნენ, რომ ამასთან ერთად ქომაგს სანახაობრივი თამაში და ბევრი გოლი უნდა. იყო დრო, როცა  დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ გარემარბები - გარინჩა, ჰენტო, კოპა, მესხი, მეტრეველი, ჩისლენკო და სხვები. მერე, გარკვეული დროის განმავლობაში, ამ პოზიციის მოთამაშეები დაიკარგნენ და კარგია, რომ მათზე ისევ გაჩნდა მოთხოვნა.

- უკრაინა-პოლონეთის სტადიონებზე მოთამაშე ნაკრებებისგან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონათ?

- გული დამწყდა ხორვატების და შვედების გავარდნის გამო, ორივე ქვეყანას ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ ტურნირზე ყველაზე ძლიერი ნაკრებები გერმანიასა და ესპანეთს ჰყავთ. მოხარული ვიქნები, თუ ფინალში ეს ორი გუნდი ითამაშებს (ინტერვიუ ჩაწერილია პარასკევს. - ავტ.).

- მსაჯობაზე რას იტყვით, გაამართლა დამატებითი არბიტრების გამოჩენამ?

- შეცდომები ევროპის ამ ჩემპიონატზეც არის, თუნდაც, უკრაინელთა მიერ გატანილი და არჩათვლილი ბურთი და ა.შ. რამდენიმე მსაჯი დაისაჯა კიდეც, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ წინა ტურნირებთან შედარებით უკეთესი მსაჯობაა.

- რომელი თავდამსხმელი მოგეწონათ?

- ჩინებულად თამაშობს გერმანიის ნაკრების ფორვარდი მარიო გომესი, უკვე შევიდა ფორმაში კრიშტიანუ რონალდუ, ძალიან დაიხვეწა და გუნდის ლიდერის შესაფერისად ითამაშა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. პირველ მატჩში ძალიან კარგად ითამაშეს რუსეთის ნაკრების ფორვარდებმაც, მაგრამ მერე რა დაემართათ, გაუგებარია. მეტს მოველოდი ჰოლანდიელი თავდამსხმელებისგან, ასევე, ფერნანდო ტორესისგანაც.

- პროფესიული ფეხბურთის ლიგასთან დაკავშირებულ ამბებზეც უნდა გკითხოთ: გამოგვიცხადეს, პროფლიგა უნდა აღდგესო და ლიგის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი თქვენც იყავით, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება ისევ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აიღო თავზე.

- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისევ არის ხალხი, რომლებიც ამბიციებისა და გამორჩენის სურვილის გამო ფეხბურთის განვითარებას აფერხებენ. უეფაში 53 ქვეყანაა გაწევრებული და საქართველოს გარდა, ჩემპიონატს ყველგან პროფესიული ფეხბურთის ლიგა ატარებს. გასული ჩემპიონატი სათანადოდ რომ ვერ ჩაატარა, სფფ-მ გამოაცხადა, გინდათ, პროფლიგა - "წაიღეთ და ჩაატარეთო", მაგრამ... როგორც ჩანს, როცა დათვალეს რამდენ ფულს კარგავდნენ, გადაიფიქრეს. პროფლიგა არ გვჭირდებაო და ახალი თანამდებობა - უმაღლესი ლიგის დირექტორი მოიგონეს... ქართულ ფეხბურთს ეს კარგს არაფერს მოუტანს. თავადაც ნახავთ, რომ მომავალი პირველობაც წინასავით "უნაკლო" იქნება.