ევრო 2012 კვირის მიმოხილვა - კვირის პალიტრა

ევრო 2012 კვირის მიმოხილვა

ევროპის ჩემპიონატის მეორე კვირა დიდი საფეხბურთო შთაბეჭდილებებით აღსავსე რომ იქნებოდა, რა თქმა უნდა, ველოდით, თუმცა ზოგიერთი რამ მართლაც საკვირველი აღმოჩნდა ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრისთვისაც კი.

მივყვეთ ჯგუფებს და თითოეული გუნდი შეძლებისდაგვარად განვიხილოთ. A ჯგუფში ყველაზე დიდ მოულოდნელობად რუსეთის ნაკრების მარცხი იქცა საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან, რამაც ეს უკანასკნელი გაიყვანა მეოთხედფინალში. საფეხბურთო ექსპერტები არც ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის - პოლონეთის ნაკრების ჩამოწერას ელოდნენ ტურნირიდან. გამოვიდა ისე, რომ პირველ ორ ტურში ჩატარებული მატჩების მიხედვით,  A ჯგუფიდან მეოთხედფინალში შედარებით სუსტი – ჩეხეთისა და საბერძნეთის გუნდები  გავიდნენ, რომელთაგან ორივემ მარცხი იწვნია მეოთხედფინალურ შეხვედრებში პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებებთან.

ტურნირის დიდ მოულოდნელობად ჰოლანდიის ნაკრების სრული კრახი იქცა. ნარინჯისფრებს ორი წაგებული მატჩის შემდეგაც კი შეეძლოთ ბრძოლის გაგრძელებაზე ფიქრი, მაგრამ პორტუგალიელთა მიერ ჩატარებული შესანიშნავი მატჩის გარდა, გუნდში შიდა პრობლემებმა იჩინა თავი და "სიკვდილის ჯგუფისა" და მთლიანად ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ტურნირს მიღმა დარჩა.

ძალზე საინტერესო გამოდგა  C ჯგუფის დასკვნითი ტურის შეხვედრები, რადგან იტალიის ნაკრების ბედი, გარკვეულწილად, ესპანელებისა და ხორვატების საბრძოლო განწყობაზე იყო დამოკიდებული. მათ შორის, 2:2-ის ან უფრო შედეგიანი ფრის შემთხვევაში, ტურნირს იტალიელები დაემშვიდობებოდნენ. 0:0-ზე და მეტოქეთა შორის ერთ-ერთის მოგებისას კი გზა მეოთხედფინალისაკენ უკვე "სკუადრა აძურას" ეხსნებოდა. თუმცა, რჩებოდა 1:1-ის იტალიელთათვის ფრიად არასასიამოვნო ვარიანტიც. მატჩის მიწურულს ესპანელებმა მეტოქის კარში ბურთი გაიტანეს, ხორვატთა საპასუხო გოლის შემთხვევაში, იტალიელებს არც დრო ჰქონდათ დარჩენილი ირლანდიელთათვის მესამე – მათი გამყვანი ბურთის გასატანად, არც ენერგია. საბოლოოდ "სკუადრა აძურასათვის" ყველაფერი კარგად დასრულდა და მეოთხედფინალში აპენინელთა მეტოქედ ინგლისის ნაკრები გადაიქცა.

ინგლისელებს კი მუდმივად თან სდევთ კარის ხაზს აქეთ-იქით დაცემული ბურთებისა და აქედან გამომდინარე ჩათვლილი თუ არჩათვლილი გოლების სინდრომი. მათ წინააღმდეგ მატჩში მსაჯობის მსხვერპლად, ტურნირის კიდევ ერთი მასპინძელი - უკრაინის ნაკრები იქცა. შვედებმა კი ჰოლანდიელთა და ირლანდიელთაგან განსხვავებით, მესამე ტურის შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნული გუნდი დაამარცხეს, კარი ღირსეულად გაიხურეს და თავაწეულებმა დატოვეს ჩემპიონატი.

გაზეთის გამოსვლისას უკვე ცნობილია ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების თამაშის შედეგი. ალბათ, ეს მატჩი გაგვცემდა პასუხს ლორან ბლანის გუნდის ბრძოლისუნარიანობაზე. ერთი კია, რომ  C და D ჯგუფიდან გასულმა გუნდებმა, მეოთხედფინალები ორი ფინალის ტოლფას მატჩად გვიქცია, რამაც კიდევ მეტი აზარტი შესძინა ისედაც უაღრესად საინტერესო ტურნირს.

არჩილ ბენაშვილი