ევრო 2012 კვირის მიმოხილვა - კვირის პალიტრა

ევრო 2012 კვირის მიმოხილვა

"გაივლის წლები და ფეხბურთის მოყვარულები სიამოვნებით გავიხსენებთ იმ დღეებს, რომლებმაც პოლონეთსა და უკრაინაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატს დაგვაკავშირა. ამ პატარა სტატიის დაბეჭდვისას "ევრო 2012"-ის ჩემპიონის ვინაობა უკვე გვეცოდინება და ვინც უნდა იყოს, ფაქტია, რომ მას სამართლიანად ექნება კონტინენტის უძლიერესი ნაკრების ტიტული მოპოვებული. C ჯგუფი მაინც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ჩემპიონატის მომავალ ფინალისტებს შორის აქ ჩატარებულმა პირველივე შეხვედრამ მოგვხიბლა და ხანგრძლივი გათვლების შედეგად გვაფიქრებინა, რომ ფინალში კვლავ შეიძლებოდა ისინი  ერთმანეთს დაჰპირისპირებოდნენ, რადგან მოვლენათა გარკვეული ჯაჭვის შემთხვევაში, იტალიელები ხელსაყრელი” მეტოქის - გერმანიის წინააღმდეგ აღმოჩნდებოდნენ, ხოლო ესპანელები... ესპანელებისათვის ყველაფერი სულერთია - ისინი ხომ ამ ბოლო წლებში ქვას ქვაზე აღარ ტოვებენ. საბოლოოდ ასეც მოხდა, მაგრამ მანამდე "ევრო 2012"-მა არაერთი გუნდი დაგვიტოვა მეხსიერებაში. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ნახევარფინალისტები უნდა გამოვარჩიოთ. პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებთან ბრძოლაში ფინალში გასვლას ცოტა დააკლდა. მეტოქეებმა დაცვაში საოცრად აწყობილი თამაში გვიჩვენეს, თანაც ისე, რომ ეს არ იყო დაცვითი ფეხბურთი. როდის გახდება პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი? მაშინ ხომ არა, როდესაც ბუნდესნაკრები "სკუადრა აძურას" დაამარცხებს? პირველი ნახევარფინალისაგან განსხვავებით, ვარშავაში კონტინენტის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდებმა ღია ფეხბურთი გვიჩვენეს და ნეიტრალურ მაყურებელსაც კი ფეხბურთით ტკბობის უდიდესი სიამოვნება მიანიჭეს. იტალიელებმა გერმანული მანქანა, ტრადიციულად, ნახევარდაცვით მოარყიეს, დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იყო, რასაც“"სკუადრა აძურა" არასოდეს უჩიოდა...

საბოლოოდ "ევრო 2012" ფეხბურთის მოყვარულთა მეხსიერებაში, ალბათ, რაინდული სულისკვეთებით გამსჭვალული, შემტევი ფეხბურთის დემონსტრირებად  დარჩება. უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩატარებული მატჩებიდან თითქმის ყველა საინტერესო გამოდგა, რასაც ბოლო მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატებით ცოტა არ იყოს გულგატეხილები, მაინცდამაინც არ ველოდით.

არჩილ ბენაშვილი