"მაინცდამაინც ახლა აღარ ვარ ნაკრებში" - კვირის პალიტრა

"მაინცდამაინც ახლა აღარ ვარ ნაკრებში"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2013 წლის ევრობასკეტის შესარჩევი მატჩებისთვის არასრული შემადგენლობით ემზადება. გუნდს ავსტრიული შეკრებისას შეუერთდებიან ამერიკელი ახალწვეული კორი ფიშერი, ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია და ის ოთხი მოთამაშე, რომლებიც ამჟამად 20-წლამდელთა შემადგენლობაში თამაშობენ.  რაც შეეხება ვლადიმერ ბოისას, ნიკოლოზ ცქიტიშვილსა და გიორგი გამყრელიძეს, მათ შეკრების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყვეს, რომ... ნაკრების გაახალგაზრდავების გამო გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი ვერ მოხვდნენ. ბუნებრივია, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით სამივე "ვეტერანი" უკმაყოფილო დარჩა. ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რომელიც გასულ სეზონში ირანის ჩემპიონი და დასავლეთ აზიის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა, განაცხადა, რომ სანამ ნაკრებს იგორ კოკოშკოვი წვრთნის, ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს. რაც შეეხება ვლადიმერ ბოისას, ნაკრების ყველაზე სტაჟიანი წევრი 4 ივლისს 31 წლის გახდა, თუმცა, იუბილე ერთი დღით ადრე გადაიხადა. რამ გაანაწყენა ყველაზე მეტად და ითამაშებს თუ არა საქართველოს ჩემპიონატში, ბოისასთან ინტერვიუში წაიკითხავთ.

- მე და ჩემი ხორვატი მეგობარი შვებულებას ოჯახებთან ერთად, ხორვატიის ერთ-ერთ კუნძულზე ვატარებთ. ჩვენი შვილები თანატოლები არიან და ერთად ძალიან კარგად ერთობიან. ჩემი მეგობარი 2 ივლისს არის დაბადებული, მე - 4-ში, ამიტომაც 3 ივლისს ერთად აღვნიშნეთ (იცინის).

- და ნაკრების ხელმძღვანელობისგან "საჩუქარიც" მიიღეთ.

- ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი უარყოფითი ემოცია ოჯახის წევრებზე არ  გადასულიყო. საბედნიეროდ, ტელეფონი ჩართული მქონდა, თორემ ნაკრებში რომ არ გამომიძახეს, შეიძლებოდა, მხოლოდ მაშინ გამეგო, თბილისში რომ ჩამოვიდოდი.

- ვინ გაგაგებინათ?

- ოთხი-ხუთი დღით ადრე კოკოშკოვმა დამირეკა და მითხრა, რაც 2011 წელს გავაკეთეთ, დიდი მიღწევაა, მაგრამ მგონია, რომ მუშაობა აქ უნდა დავამთავროთ(?!) და იფიქრე ამ საკითხზეო. როცა მივხვდი, რისი თქმა უნდოდა, ვუთხარი, ნაკრებიდან წასვლას ჯერ არ ვაპირებ, მინდა, სანაკრებო კარიერა ლამაზად დავამთავრო-მეთქი. 2-3 დღეში შეგეხმიანებიო, მაგრამ ვეღარ დავუკავშირდით ერთმანეთს. მერე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა დამირეკა და მითხრა, რომ გამოძახებულთა შორის არა ვარ. ბატონ ბესოსა და მთელ ფედერაციას დიდ პატივს ვცემ და იმედია, ეს მხოლოდ მთავარი მწვრთნელის არჩევანი იყო და ამ გადაწყვეტილებაში მათი წილი უმნიშვნელოა.

- ნაწყენი ხართ?

- კლუბების მწვრთნელებს ბევრჯერ უთხოვიათ, სანაკრებო მატჩებზე არ წახვიდეო, მაგრამ უპირატესობას ყოველთვის ეროვნულ გუნდს ვანიჭებდი. ნაკრებში 15 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და მგონი, მე, ცქიტიშვილი და გამყრელიძე არ ვართ იმის ღირსი, 18-კაციან შემადგენლობაში მაინც არ მოვხვდეთ და ეს შეკრებამდე 3-4 დღით ადრე გაგვაგებინონ. თუ სასურველ ფორმაში არ ვიქნებოდით, შეკრებისას მაინც ხომ შეიძლებოდა, ეთქვათ, რომ ხუთ წუთზე მეტს ვერ მათამაშებდნენ და ა.შ. ბევრს ეწყინა, ნაკრებში რომ არ გამომიძახეს, რაც მთავარია, ხალხს ვუყვარვარ და ვახსოვარ, სხვა რაღაცებზე ფიქრი კი ნამდვილად არ მინდა.

- ნიკა ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სანამ იგორ კოკოშკოვია ნაკრების სათავეში, ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს. თქვენც იმავე აზრისა ხართ?

- კოკოშკოვი იქნება თუ სხვა მწვრთნელი, თუ ნაკრებში გამომიძახებენ, ვითამაშებ. უპირატესობას მუდამ ნაკრებს ვანიჭებდი, მაგრამ რა მივიღე შედეგად? ახლა აღარ მიძახებენ, როცა უგუნდოდ ვარ და შემიძლია, სულ ნაკრებში ვიყო. ეროვნულ გუნდში თამაში დიდი პატივია, მაგრამ გამოდის, შეცდომას ვუშვებდი, ამ წლების განმავლობაში ნაკრებს რომ ყოველთვის კლუბზე მაღლა ვაყენებდი.

- მართალია, რომ სოლიდარობის ნიშნად თქვენი ძმა, ანატოლიც აპირებდა სანაკრებო შეკრების მიტოვებას და თქვენ გადააფიქრებინეთ?

- ანატოლის თავიდანვე ვუთხარი, ამდენი წელია ნაკრებში ხარ და სანამ გუნდს სჭირდები, უნდა ითამაშო-მეთქი. თუნდაც ცოტა ხნით რომ შევიდეს მოედანზე, ყოველთვის დიდი ენერგია შეაქვს გუნდში. მიმაჩნია, რომ ნაკრებმა არ უნდა დაკარგოს ასეთი მოთამაშე. მე თუ არა, გუნდში ერთი ბოისა მაინც უნდა იყოს (იცინის).

- 2013 წლის ევრობასკეტი სლოვენიაში ჩატარდება და, ალბათ, იქ თამაში ძალიან გინდოდათ, სლოვენია ხომ თქვენი მეორე სამშობლოა - კარიერის საუკეთესო წლები ამ ქვეყანაში გაატარეთ, სლოვენიის მოქალაქე ხართ, მეუღლეც იქაური გყავთ.

- ფედერაციამაც, კალათბურთელებმაც, ნაკრების კაპიტანმაც, ყველამ იცოდა, რომ სლოვენიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა ძალიან მინდოდა, მაგრამ... მაინცდამაინც ახლა აღარა ვარ ნაკრებში და ყველაზე მეტად ეს მწყინს.

- ნაკრების ახალწვეულზე, კორი ფიშერზე თუ გსმენიათ რამე?

- მაგ კალათბურთელზე არაფერი ვიცი. ნაკრების ხელმძღვანელობის არჩევანი იყო და იმედია, გაამართლებს.

- თქვენს მომავალ კლუბთან დაკავშირებით არის რამე სიახლე?

- ჯერჯერობით ახალი არაფერია, მაგრამ გამოჩნდება რამე. ერთი მხრივ, ნაკრებში არყოფნა დამეხმარება იმით, რომ თავიდანვე ახალ გუნდთან ერთად ვიქნები. შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატშიც მნახოთ.