ქართველები და მათი გოლები ევროლიგაზე - კვირის პალიტრა

ქართველები და მათი გოლები ევროლიგაზე

დასრულდა თუ არა ევროპის ჩემპიონატი, ფეხბურთის მოყვარული მაშინვე ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო, რადგან უეფას განრიგი იმდენად მჭიდროდ არის აწყობილი, რომ არავის სცალია ამოსუნთქვისათვის. დიდმა ფეხბურთმა ქუთაისამდეც მოაღწია, მაგრამ, სამწუხაროდ, მასპინძლებმა მაინცდამაინც ვერ ივარგეს და ფრეს დასჯერდნენ ყაზახურ "აქტობესთან". მიუხედავად იმისა, რომ მოედანიც ჩინებულ მდგომარეობაში იყო და ამინდიც წმინდა საფეხბურთო, რატომღაც სტადიონი არ შეივსო და შინ დარჩენილი გულშემატკივარიც, ალბათ, უკმაყოფილო არ დარჩენილა, - ქუთათურებს ბევრი რამ აქვთ გამოსასწორებელი საპასუხო შეხვედრაში. აი, რუსთაველებმა კი შესანიშნავად ჩაატარეს გასვლითი შეხვედრა ალბანურ "ტეუტასთან".

თანაც, რაოდენ სასიხარულოა, ათასში ერთხელ დიდი ანგარიშით მოგების უნარი, ჩვენს გუნდებსაც რომ აღმოაჩნდებათ ხოლმე. არადა, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ანგარიში შეხვედრის დასასრულისკენ გახსნა. 75-ე წუთზე პირველი გოლის ავტორად დიმიტრი ტატანაშვილი იქცა. შემდეგ კი ჯერი გივი კვარაცხელიაზე მიდგა. მასპინძელთა კარში მან ჯერ კიდევ თამაშისას გაიტანა ბურთი, ხოლო დამატებულ წუთებში კი - თერთმეტმეტრიანი დარტყმით. ამგვარად, "ტორპედო" და "მეტალურგი" განმეორებით მატჩს სხვადასხვა განწყობით შეხვდებიან. მკითხველს კი შევახსენებთ, რომ 19 ივლისს ევროპის ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელი გორის "დილაც" ჩაერთვება, - მისი მეტოქე გამოცდილი დანიური კლუბი "ორჰუსი" იქნება. საქართველოს ჩემპიონის "ზესტაფონის" მეტოქე კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს“"ნეფთჩია". უნდა ითქვას, რომ ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს ბაქოს "ინტერის" ესტონურ "ნარვასთან”გასვლით გამარჯვებაში. სტუმართა ხუთი გატანილი გოლისგან სამი ჩვენს თანამემამულეთა ანგარიშზეა. მე-12 და 36-ე წუთებზე "ინტერი" ცხადაძის დუბლით დაწინაურდა, 71-ე წუთზე კი ესტონელთა კარში ბურთი ადამიამ გაიტანა. ამგვარად, ქართველთა ანგარიშზე ევროლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში 7 გოლია, რაც ურიგო შედეგი სულაც არ არის.

არჩილ ბენაშვილი