სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

გასული კვირის სპორტული სიახლეები დიდწილად უკვე კარს მომდგარ ლონდონის ოლიმპიადას უკავშირდებოდა. მაგალითად, ცნობილი გახდა ძიუდოისტთა შვიდეული, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს ოლიმპიურ თამაშებზე. ესენი არიან ბეთქილ შუკვანი (60კგ); ლაშა შავდათუაშვილი (66კგ); ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ); ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ); ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ); ლევან ჟორჟოლიანი (100კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100კგ).

17-22 ივლისს კი პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ბუნებრივია, სპორტის ქომაგები ველით წარმატებას როგორც თავისუფალ, ასევე ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე ჩვენი ფალავნებისაგან.

სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელი ქალებისათვის გასული კვირა წარუმატებელი გამოდგა. სტამბოლში მიმდინარე ტურნირზე ნათია გეგია ესპანელ მეტოქესთან ორ სეტში დამარცხდა; ანა ტატიშვილს კი პალერმოში მატჩის შეწყვეტამ ბარძაყის ტრავმის გამო მეორე სეტში მოუწია.

ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ევროპის საფეხბურთო ლიგის განმეორებით მატჩებს. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის“"ტორპედოსა" და ყაზახეთის "აქტობეს" ოსტატ ფეხბურთელთა მატჩის შემდეგ ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა მასპინძელთა გუნდის საოცარი გულშემატკივრობის გამო, ქუთათურებმა იმ საღამოს შეარცხვინეს ქართული ფეხბურთი და რომ არა მეტოქე გუნდის ფეხბურთელთა დაბალი დონის საშემსრულებლო ოსტატობა შეტევის დასკვნით ფაზაში, "ტორპედო" 0:1-ის ნაცვლად უფრო დიდი ანგარიშით რომ დამარცხებულიყო, არ უნდა გაგვკვირვებოდა.

ქართული ფეხბურთის პრესტიჟი ევროსარბიელზე რუსთავის “მეტალურგმა” დაიცვა. ორი მატჩის ჯამში რუსთაველებმა ალბანური "ტეუტა" ცხრა გატანილი ბურთით მიწასთან გაასწორეს და კლუბი უკვე მომდევნო ეტაპზე ჩეხურ“"პლზენთან" სათამაშოდ ვარჯიშობს.

არჩილ ბენაშვილი