ყენია კარიერის "ზენიტში"? - კვირის პალიტრა

ყენია კარიერის "ზენიტში"?

"დიდი ტურნირები უინტერესო გახდა"

ლევან ყენიასთვის გაურკვევლობის პერიოდი დასრულდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, რომელსაც კოჭის ტრავმის გამო თითქმის სამი წელი გაუცდა, ახალი სეზონიდან პრემიერლიგაში ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე, რუსეთის მოქმედ ჩემპიონ, სანქტპეტერბურგის "ზენიტში" ითამაშებს. ხელშეკრულება 1+2 სისტემით გაფორმდა, ქართველი ახალწვეულის ოფიციალური წარდგენა კი რამდენიმე დღეში იგეგმება და მაშინ გაირკვევა, რომელნომრიან მაისურას მოირგებს 21 წლის ფეხბურთელი. მიაღწევს თუ არა კარიერის ზენიტს რუსულ კლუბში, დრო გვიჩვენებს, დღევანდელი მდგომარეობით კი, თურქეთის ნაკრებთან უთამაშებლობის გამო განაწყენებული ახალგაზრდა ფეხბურთელი ნაკრებში მიბრუნებას არ აპირებს. ასე რომ, ლევან ყენიასთან სალაპარაკო თემა საკმარისად დაგროვდა:

- ერთი შეხედვით, ევროპის წამყვანი ჩემპიონატიდან რუსეთში გადასვლა უკან გადადგმულ ნაბიჯს ჰგავს, მაგრამ პეტერბურგში ძალიან კარგი სიტუაცია დამხვდა. თუ არ სჯობს, "ზენიტი" "შალკეს" არაფრით ჩამოუვარდება - ძალიან დიდი კლუბია: შესანიშნავი ბაზა აქვს, მაღალი კლასის ფეხბურთელები და ძლიერი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ფინანსური შესაძლებლობების შესახებაც ყველამ იცის. ასე რომ, პირველი შთაბეჭდილება ძალიან კარგია, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- საფეხბურთო მხარეს რაც შეეხება? გუნდთან ერთად შეკრებაზეც იყავი და ითამაშე კიდეც...

- "ზენიტის" შემადგენლობის ნახევარზე მეტს რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები შეადგენენ, ძლიერი კოლექტივია. მოთამაშეებმა და მწვრთნელმა კარგად მიმიღეს. ლუჩანო სპალეტი ყურადღებიანი ადამიანია, სულ კარგ ხასიათზეა და ხშირად იცინის. როგორც მწვრთნელს შეეფერება, ცოტათი თავშეკავებულია, მაგრამ ჯერჯერობით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. გულშემატკივრები როგორ მიმიღებენ, მოგვიანებით გამოჩნდება, თუმცა, არა მგონია რამე პრობლემას წავაწყდე - სპორტია და პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

- როგორც მახსოვს, "ზენიტმა" ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაგადგა თვალი.

- სანქტპეტერბურგელებს ჩემი შეძენა სამი წლის წინაც სურდათ, მაგრამ მაშინ შეთანხმება არ შედგა. ახლა კი, როცა უკვე თავისუფალი აგენტი ვიყავი, წამოვედი და ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი.

- რეალური შემოთავაზებები სხვა კლუბებისგანაც გქონდა?

- ყველაზე რეალური ბერლინის "ჰერტაში" გადასვლა იყო. ლევან კობიაშვილის ამჟამინდელ კლუბს ბუნდესლიგაში რომ შეენარჩუნებინა ადგილი, ალბათ, კობისთან გადავიდოდი, მაგრამ ბერლინელები მეორე ბუნდესლიგაში გავარდნენ, იქ თამაში კი არ მსურდა. თურქეთის ნაკრებთან თამაშის წინ რომის "ლაციოც" დაინტერესდა. ჩემი თამაშის ნახვა სურდათ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ გამოვჯანმრთელდი და ფეხი აღარ მაწუხებდა, მაგრამ... "ზენიტის" წარმომადგენლებმაც მას შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშისას რომ მნახეს. უნახავად ვინ აგიყვანს?

- "ზენიტთან" კონტრაქტი 1+2 სისტემით გააფორმე?

- დიახ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტი შვებულებაშია, რამდენიმე დღეში დაბრუნდება და ოფიციალური პრეზენტაციაც ამის შემდეგ გაიმართება. ოფიციალური მხარე დიდად არც მაინტერესებს - კონტრაქტი უკვე მაქვს. ახლა მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და თამაშებით დავამტკიცო რა შემიძლია.

- თითქმის სამწლიანი უქმობის შემდეგ, თამაშთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები გადალახე?

- დიდი ხნის პაუზის შემდეგ, თვითრწმენის დასაბრუნებლად დრო მჭირდებოდა. მას შემდეგ უკვე ვითამაშე რამდენიმე მატჩი და თამაშის შიში უკვე აღარ მაქვს. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ვუმატებ და ვცდილობ, ძველებურ კონდიციას დავუბრუნდე. რაც მეტს ვივარჯიშებ და ვითამაშებ, თავდაჯერებულობა მომემატება. ძველებურად ჯერ ვერ ვარ, მაგრამ ფეხბურთის თამაში კიდევ შემიძლია (იცინის).

- შენზე ლაპარაკის დროს ხშირად მოგვისმენია, ნიჭიერია, მაგრამ უიღბლოო...

- იმედია, ასეთი შეფასებები წარსულში დარჩება. ვცდილობ, ჩემს საქმეს კონცენტრაცია არ მოვაკლო, პროფესიულად მივუდგე და რაც საჭიროა ჩემი მხრიდან, ვაკეთებ. ვცდილობ, რაც შეიძლება შევზღუდო ტრავმის მიღების ალბათობა. თუმცა, თამაშის დროს არავინ არის დაზღვეული.

- "ზენიტის" ერთ-ერთი ძლიერი რგოლი ნახევარდაცვაა - პოზიცია, სადაც უნდა ითამაშო...

- რა თქმა უნდა, ძლიერი ნახევარმცველები არიან, მაგრამ ყველაფერი მაინც მწვრთნელის გადასაწყვეტია. ვნახოთ, რა თვალით შემომხედავს ლუჩანო სპალეტი, რამდენ დროს მომცემს სათამაშოდ. მაღალი დონის კონკურენცია, პირველ რიგში, ჩემთვის არის კარგი, რომ მოდუნების საშუალება არ მქონდეს და სულ მეტი და მეტი ვივარჯიშო. ცდას არ დავაკლებ და ვეცდები, ყველა შანსი გამოვიყენო.

- თემა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს, - ლევან ყენიასა და თემურ ქეცბაიას ურთიერთობა... მწვრთნელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილება თურქეთთან მატჩის შემდეგ საჯაროდ დააფიქსირე...

- მაშინდელმა წყენამ ცოტათი გადამიარა, მაგრამ ასეთი რაღაცის გაკეთება ნამდვილად ხელის კვრა იყო ჩემთვის. უნდა დავეხმაროთ ფეხბურთელს, რათა მერე თავად დაეხმაროს ნაკრებსო და... საქმით სხვანაირად მოიქცა. არც ხელს ვადებ და არც ვიცი, იდგა თუ არა ვინმე ამ გადაწყვეტილების უკან - თუ რამე იყო, თვითონ თქვან. სათადარიგოთა სკამზე ბევრჯერ დამიმთავრებია მატჩი და საფეხბურთო კონდიციის გამო რომ ვმჯდარიყავი სათადარიგოთა შორის, არ მექნებოდა პრობლემა. როცა ვხედავ, რომ ვერ ვივარჯიშე ან ვერ დავამტკიცე რაღაც, პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ მივხვდი, რომ არასაფეხბურთო მიზეზის გამო არ მათამაშეს. ბოლო წლებში ფეხბურთში დასაბრუნებლად ბევრი ვიშრომე და ძალიან მწყდება გული, როცა ამას არ აფასებენ. კარგი იქნება, თუ თვითონ მთავარი მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ და იტყვის, რა მოხდა, პირადად მე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი.

- მაგრამ თემურ ქეცბაიამ ალბანეთთან მატჩში მაშინ გათამაშა, როცა ვარჯიში ახალი განახლებული გქონდა...

- თურქეთთან მატჩისას ქეცბაიამ ისეთი არგუმენტები დაასახელა, უბრალოდ, ვერ გავიგე. ნაკრებში რომ გამომიძახეს, მაგას თუ მაყვედრიან, მაშინ აღარ ვიცი, რა ვთქვა. ნაკრებში 16 წლიდან ვთამაშობ და თავი არასდროს დამიზოგავს. ნაკრებში თუ ვითამაშებ, ბურთს გავიტან ან საგოლე გადაცემას გავაკეთებ, ისევ ნაკრებს არ წაადგება? მარტო ჩემთვის ხომ არ ვთამაშობ ფეხბურთს? ნაკრებზე უნდა ვიფიქროთ და არა თითოეულ ფეხბურთელზეო, დაიწერა, მაგრამ ფეხბურთელები ნაკრებისთვის არ თამაშობენ? თუ ბატონ თემურს რამის თქმა უნდა ამ სიტუაციის თაობაზე, სიამოვნებით მოვუსმენ.

- მაშინ თქვი, სანამ თემურ ქეცბაია იქნება ნაკრების მწვრთნელი, ეროვნულ გუნდში აღარ ვითამაშებო. ეს ცხელ გულზე ნათქვამი იყო თუ ახლაც იგივე პოზიცია გაქვს?

- მინდა, თემურ ქეცბაიასგან მოვისმინო, რა მოხდა, რაში იყო საქმე. როცა მოვისმენ, ამის მერე გადავწყვეტ, ვითამაშებ თუ არა.

- სანქტ-პეტერბურგი მოგეწონა?

- ძალიან ლამაზი, დიდი ქალაქია, მით უმეტეს, გელზენკირხენთან შედარებით. ალბათ, კარგა ხანი დამჭირდება, სანამ მის დათვალიერებას შევძლებ. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი არა ქალაქი, არამედ ახალ გუნდთან ადაპტაციაა.

- "ევრო-2012"-ით კმაყოფილი ხარ?

- ბავშვობიდან გერმანიას ვგულშემატკივრობ, მეგონა, წელს ფინალამდე მაინც მივიდოდნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში თავდაჯერებულობა დააკლდათ, ლიდერის ფუნქცია ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერ იკისრა. ესპანეთი უკონკურენტო იყო. დაღლილობა კი ეტყობოდათ, მაგრამ იგრძნობოდა, რომ როცა მოისურვებდნენ, მაშინ მოუმატებდნენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ესპანეთის ნაკრებთან თამაშის ყველას ეშინია, გაურბიან და თამაში დაწყებამდე აქვთ წაგებული. ესპანელები უმაღლესი დონის, ძალიან სანახაობრივ თამაშს აჩვენებენ, მაგრამ რამე უნდა შეიცვალოს, თორემ უინტერესო გახდა დიდი ტურნირები, წინასწარ ვიცით, რომ ესპანეთი გაიმარჯვებს (იცინის).