სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

გასული კვირის სპორტული სიახლეები დიდწილად ფეხბურთსა და კალათბურთს უკავშირდებოდა. ინფორმაცია, ძირითადად, ნეგატიურია, თუმცა, ქართული სპორტის გულშემატკივარი სასიხარულო ამბების გარეშეც არ დარჩენილა. თორნიკე შენგელიას "ბრუკლინ ნეთსში" გადასვლა უკვე გადაწყვეტილია და გადასინჯვას არ ექვემდებარება. ჩვენმა 20-წლამდელმა კალათბურთელებმა ბევრით ვერაფრით გვასახელეს, აი, 16-წლამდელთა ნაკრებმა კი ბუქარესტში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლებთან პირველ შეხვედრაში ანგარიშით 55:51 გაიმარჯვა, რაც სტიმულად უნდა იქცეს ჩვენი ნორჩი კალათბურთელებისთვის მომდევნო მატჩებში.

საფეხბურთო მოვლენებიც ფრიად საინტერესო იყო. ხუთშაბათის საღამომ ძალაუნებურად  გაგვახსენა საქართველოს თასის სკანდალური ფინალური მატჩი, რომელშიც გორის "დილამ" ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონი" დაამარცხა და კიდევ კარგი...

გაირკვა, რომ გასულ კვირას ქართული ფეხბურთი ევროარენაზე ყველაზე ღირსეულად "დილას" უნდა წარმოეჩინა. გორელებმა გასვლაზე საკმაოდ გამოცდილ დანიურ "ორჰუსს"”სძლიეს. გამარჯვება მით უფრო სასიხარულოა, რომ ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნის ჩემპიონატი ამჟამად მიმდინარეობს და დანიური კლუბებიც კარგ სათამაშო ფორმაში არიან. რუსთაველებმა მეორე წრეში უკვე ვეღარ ივაჟკაცეს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მისულ მაყურებელსაც უხასიათოდ მოუწია შინ დაბრუნებამ. სანუგეშო მხოლოდ საპასუხო გოლია და კიდევ თეორიული შანსი, რომლის თანახმადაც, "მეტალურგს"”ძალუძს მეტოქესთან ორბურთიანი სხვაობის სტუმრად აღმოფხვრა.

საინტერესოა, რომ თეორიის პრაქტიკად გადაქცევას კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია არათუ ვარაუდობს,  გვპირდება კიდეც. ბაქოს“"ნეფთჩის" შინ დამარცხებისა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი იმერლების მეტოქე "ჟილინასა" და "ჰაპოელს" შორის გამარჯვებული იქნება.

არჩილ ბენაშვილი