საუკეთესო გუნდი და მწვრთნელი - კვირის პალიტრა

საუკეთესო გუნდი და მწვრთნელი

კონტაქტურ კარატეში ჩატარებული მსოფლიო თასიდან, რომელსაც უკრაინის ქალაქმა ოდესამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრები შვიდი მედლით დაბრუნდა. 20 ქვეყნის 1200 კარატისტს შორის ქართველი მხოლოდ 11 იყო, თუმცა, ჩვენებურებმა ოდესიდან 3 ოქროს და 2-2 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მაინც წამოიღეს. ჩემპიონები ვახტანგ კირკიტაძე (ორ სხვადასხვა კატეგორიაში. - ავტ.) და ჯაბა ხარჩილავა გახდნენ, ვერცხლი ალექსანდრე ჯაფარიძემ და გოგიტა კაკაჩიამ მოიპოვეს, ბრინჯაო კი სურენ ვართანიანმა და გიორგი კვარაცხელიამ. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრები ტურნირის საუკეთესო გუნდად დაასახელეს, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან როგავა კი - საუკეთესო მწვრთნელად! ეროვნული ნაკრები საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული კარატისტებისგან დაკომპლექტდა და მსოფლიო თასზე გასამგზავრებლად ისინი კარატეს ფედერაციას უნდა დაეფინანსებინა, თუმცა... საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ოდესაში წასასვლელი თანხის მოძიება სპორტსმენებს თავად მოუხდათ. ქართული სპორტისთვის ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის, მაგრამ იმედია, კარატისტებს ასეთი ჩინებული შედეგის შემდეგ მაინც აღარ ექნებათ დაფინანსება სახვეწარი.

არჩილ ბენაშვილი