"კეთილი იყოს შენი მობრძანება!" - კვირის პალიტრა

"კეთილი იყოს შენი მობრძანება!"

შენგელია ნაკრებში ნიუ-ჯერსის გავლით მიდის

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შეკრება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ეროვნულ გუნდს მიღმა დატოვეს ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ვლადიმერ ბოისა და გიორგი გამყრელიძე, დავიმატეთ ორი ამერიკელი ახალწვეული და ახალგაზრდა კალათბურთელები... თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლო დროს ყველაზე ხშირად მაინც თორნიკე შენგელიას სახელი ისმის: საქართველოს ნაკრების 20 წლის ფორვარდმა ჯერ ტრევიზოს კემპზე გაიბრწყინა, მერე NBA-ს "საზაფხულო ლიგაზე", გასულ კვირას კი "ბრუკლინ ნეთსისგან" (ყოფილი "ნიუ-ჯერსი ნეთსი". - ავტ.) 2-წლიანი კონტრაქტიც დაიმსახურა და სანაკრებო შეკრებაზე კარგი განწყობით მიდის. შენგელია ნიუ-ჯერსიში 19 ივლისს ჩავიდა და როგორც თავად გვითხრა, ეროვნულ ნაკრებს კონტრაქტის გაფორმების შემდეგ შეუერთდება:

"გუშინ სამედიცინო შემოწმება გავიარე, "ბრუკლინთან" კონტრაქტს კი ხელს ხვალ (ინტერვიუ ჩაწერილია 20 ივლისს. - ავტ.) მოვაწერ. ამერიკულმა კლუბმა ჩემს ყოფილ გუნდ "შარლერუას" უკვე გადაუხადა გამოსასყიდი თანხა, 300 ათასი დოლარი. თუმცა, სანამ ხელშეკრულებას არ გავაფორმებთ, ამ ყველაფერს ოფიციალურად არ ახმაურებენ. მოვაწერ თუ არა კონტრაქტს ხელს, მაშინვე ავსტრიაში გავფრინდები სანაკრებო შეკრებაზე. ალბათ, ორშაბათიდან უკვე ეროვნულ გუნდთან ერთად ვიქნები".

მიუხედავად იმისა, რომ "საზაფხულო ლიგაზე" მატჩიდან მატჩამდე უმატებდა და მისი თამაშით "ბრუკლინის" ხელმძღვანელობაც კმაყოფილი იყო, თორნიკე არ ელოდა, რომ გუნდში მისი დატოვების საკითხს ასე სწრაფად გადაწყვეტდნენ:

"ვარჯიშიდან გამოვედი და ტელეფონზე "ბრუკლინის" წარმომადგენლის შეტყობინება დამხვდა: გილოცავ, კეთილი იყოს გუნდში შენი მობრძანებაო! მაშინვე ჩემს აგენტს დავურეკე, ასეთი სმს მივიღე და სიმართლეა-მეთქი? რომ დამიდასტურა, ისე გამიხარდა, რომ სიტყვებიც არ მყოფნის იმ გრძნობის გადმოსაცემად".

2-წლიანი კონტრაქტის მიუხედავად, ახალგაზრდა მოთამაშე კარგად აცნობიერებს, რომ NBA-ს ერთ-ერთი ამბიციური ("ბრუკლინის" მეპატრონე რუსი მილიარდერი მიხაილ პროხოროვია. - ავტ.) კლუბის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ადვილი არ იქნება:

"ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული. ვარჯიშს სექტემბრის ბოლოს დავიწყებთ. თავიდან, ალბათ, იშვიათად მომიწევს მოედანზე გასვლა. კლუბმა ბევრი ძლიერი მოთამაშე დაიმატა: დერონ უილიამსი, ჯო ჯონსონი, კრის ჰემფრისი, მირზა ტელეტოვიჩი... "ბრუკლინს" ფორვარდის პოზიციაზეც ძლიერი კალათბურთელები ჰყავს და სავარაუდოდ, მწვრთნელი უპირატესობას მათ მიანიჭებს. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სათამაშო დრო დავიმსახურო".

აშინებს თუ არა კონკურენცია? თორნიკე ამბობს, რომ - პირიქით:

"რაც უფრო დიდია კონკურენცია, მით უფრო საინტერესოა. შეიძლება, იშვიათად მომიწიოს თამაშმა, მაგრამ ვარჯიშის დროსაც კი დიდ გამოცდილებას მივიღებ და ბევრ რამეს ვისწავლი".

თითქმის ერთი თვეა, ქართველი მოთამაშე ამერიკის შეერთებულ შტატებშია, მაგრამ...

"სასტუმრო და სპორტდარბაზი - რაც აშშ-ში ჩამოვედი, ჩემი "მარშრუტი" მხოლოდ ეს არის. ატლანტაშიც წვიმდა, ნიუ-ჯერსიშიც წვიმს. წვიმის მეტი ამერიკაში ჯერ არაფერი მინახავს (იცინის)".…

ეგ არაფერი, აშშ-ის ქალაქების დასათვალიერებლად თორნიკე შენგელიას მინიმუმ ორი წელი ექნება. ახლა კი მთავარი ეროვნული ნაკრებია, რომელსაც აგვისტოში "ევრობასკეტ-2013"-ის შესარჩევი მატჩები ელის:

"ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის საბრძოლო განწყობით მივდივარ და ახლაც ასე იქნება. ყველანაირად შევეცდებით, რაც შეიძლება ბევრი თამაში მოვიგოთ და გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ".