"ორგანიზების მხრივ ლონდონი პეკინს ნამდვილად ვერ შეედრება" - კვირის პალიტრა

"ორგანიზების მხრივ ლონდონი პეკინს ნამდვილად ვერ შეედრება"

"ლონდონში ერთი სადილი, საშუალოდ, 18-20 გირვანქა სტერლინგი გვიჯდება, რაც დაახლოებით, 50 ლარია"

ლონდონის ოლიმპიადის პირველი დღე ქართული დელეგაციისთვის ცუდად დაიწყო: პირველ წრეში წმინდა გამარჯვების შემდეგ, ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი (60კგ) ფრანგ მეტოქესაც უგებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე მოწინააღმდეგის ილეთი გამოეპარა და "იპონით" დამარცხდა! რინგზე გაუსვლელად გამოეთიშა ოლიმპიადას მოკრივე მერაბ თურქაძე (56კგ) - აწონისას ქართველი სპორტსმენი ნორმაზე 300 გრამით მძიმე აღმოჩნდა. არადა, წინასწარი აწონისას თურქაძის წონა მისი წონითი კატეგორიის შესაბამისი გახლდათ. გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მოკრივის ტრავმის შესახებაც. ნამდვილი მიზეზი მალე გაირკვევა, თუმცა, Mმთავარი ის არის, რომ ქართული კრივის ერთადერთი ემისარი ოლიმპიადას უბრძოლველად გამოეთიშა. ნაადრევად დაასრულა ოლიმპიადა ველომრბოლელმა გიორგი ნადირაძემაც. დანარჩენი ქართველი ოლიმპიელების შესახებ გაზეთის ამ ნომერში ვერაფერს გეტყვით. სამაგიეროდ, ინგლისის დედაქალაქში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს შორის ყველაზე გამოცდილთან - გაზეთ "ლელოს" რედაქტორ თენგიზ გაჩეჩილაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მეშვიდედ (ზამთრის თამაშების ჩათვლით, მეცამეტე ოლიმპიადას ესწრება! - ავტ.) აშუქებს. ბატონ თენგიზს ოლიმპიადის ოფიციალური გახსნის ცერემონიალის დასრულებისთანავე შევეხმიანეთ.

- გახსნის ცერემონიალი ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი შთამბეჭდავი - არასდროს! წინასწარ გამოაცხადეს, სრული პროგრამის ნახვა თუ გინდათ, სტადიონზე ადრე მიბრძანდითო და მეც ოფიციალური გახსნის დაწყებამდე ორი საათით ადრე მივედი. პირველად ვნახე ქვეყნის ასე ლამაზად წარმოდგენილი ისტორია, ყოფა, ტრადიციები, საქმიანობა, ეროვნული სამოსი. ტელერეპორტაჟს თქვენც ნახავდით, მაგრამ ტრიბუნიდან ეს ყველაფერი მაინც განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ჩანდა. თავისი ხალხის ტრადიციების წარმოჩენას თითქმის ყველა ოლიმპიადის გახსნის დროს ცდილობენ, მაგრამ ასე სრულყოფილად, ასეთი მასშტაბით პირველად ვნახეთ.

- ჩირაღდანიც საკმაოდ ორიგინალურად აანთეს...

- ცუდი ნამდვილად არ იყო. სტადიონის პრესლოჟაში მსხდომთ 3D  სათვალეები დაგვირიგეს და შეგვეძლო, გახსნის ცერემონიალისთვის 3დ ფორმატში გვეყურებინა. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერავინ მოიფიქრებდა ისეთ ორიგინალურ ხერხს, რაც ესპანელებმა გვიჩვენეს 1992 წელს, ბარსელონის ოლიმპიადის გახსნისას: აღმოსავლეთ ტრიბუნაზე მდგომმა მშვილდოსანმა ანთებული ისარი ზუსტად დასავლეთ ტრიბუნაზე აღმართულ ოლიმპიურ ჯამში ჩააგდო და ოლიმპიური ჩირაღდანი ისე აანთო!

- ოლიმპიურ სოფელთან ახლოს დაბინავდით?

- სამწუხაროდ, ოლიმპიური სოფლიდან საკმაოდ შორს ვცხოვრობთ, მეტროს ხაზის გამოცვლა ორჯერ გვიწევს. კარგი ის არის, რომ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, სტადიონზე დასასწრებ ბილეთში მგზავრობის ღირებულებაც შედის, სტუმრებმა სამგზავრო ბილეთების აღებაზე რომ აღარ იწვალონ! ჩვენი მასპინძელი ქალბატონი ქართული სიმღერების გამვრცელებელი და ანსამბლის ხელმძღვანელი გახლავთ. პირველად რომ შევედით მის სახლში, გაოცებული დავრჩით - მთელი კარადა სავსეა ქართული სიმღერების დისკებით. რა ქართული სიმღერაც ჩაწერილა CD-ზე, მგონი, ყველა აქვს. ასე რომ, ქართულ გარემოში ვართ.

- ბევრჯერ გითქვამთ, რომ ორგანიზაციის მხრივ, პეკინის ოლიმპიადა შეუდარებელი იყო. ახლაც ასე ფიქრობთ?

- ამ მხრივ ლონდონი პეკინს ნამდვილად ვერ შეედრება: ინფორმაციის მოწოდება, დამუშავება, ჟურნალისტების მომსახურება, ტრანსპორტირება - პეკინში უმაღლეს დონეზე იყო. ლონდონში ვერ ვგრძნობთ ისეთივე ყურადღებას და პატივისცემას, როგორსაც 2008 წლის ოლიმპიადისას ვგრძნობდით. საკვირველია, მაგრამ დაგვირიგეს ჩანთები, რომლებშიც ორ პატარა ბროშურასთან ერთად... "ჯილეტის" საპარსი ქაფი დევს! ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ როგორც კი მეორე შენობაში გადიხარ, "საჩუქარს" გართმევენ და სპეციალურ ყუთში აგდებენ. საითაც გაიხედავ, ყველგან "ჯილეტის" საპარსი ქაფის ბალონებით სავსე ყუთებია! გაუგებარია, ვის რაში სჭირდება საპარსი ქაფი, ან რისთვის გვაძლევენ, ან რატომღა გვართმევენ?! გარდა ამისა, წელს პირველად ჟურნალისტები სტადიონზე გამართულ საერთო ზეიმში არ მონაწილეობდნენ. გარშემო ყველაფერი განათებული იყო, ყველა დროშებს აფრიალებდა, ჟურნალისტთა ლოჟა კი ჩაბნელებული იყო...

- ლონდონური "დაბალი" ფასების შესახებ ისედაც ყველას მოეხსენება და ალბათ, ოლიმპიადის დღეებში ყველაფერი ორმაგი ღირს...

- კი, სიძვირეა. ერთი სადილი, საშუალოდ, 18-20 გირვანქა სტერლინგი გვიჯდება, რაც დაახლოებით, 50 ლარია. ნახევარლიტრიან "კოკა-კოლას" რომ 2 გირვანქა სტერლინგზე (დაახლოებით ხუთი ლარი. - ავტ.) იაფად ვერსად იშოვი, რაღაზეა ლაპარაკი?!

- ყველა ქუჩაზე იგრძნობა, რომ ლონდონი ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს?

- მთელ ქალაქში ნამდვილად არ იგრძნობა, მხოლოდ ოლიმპიურ სოფელთან მიახლოებისას მიხვდებით, რომ ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში ხართ. სხვა ქალაქებში კი, აეროპორტიდანვე, ყველა ქუჩაში გვხვდებოდა საზეიმო ატმოსფერო.

- ორგანიზების მაღალი დონისა და სამი ოქროს მედლის გარდა, პეკინის ოლიმპიადა ქართველებისთვის უსიამოვნო მოგონებებსაც უკავშირდება...

- ჩვენებს ასპარეზობა რომ უნდა დაეწყოთ, სწორედ ამ დროს დაიწყო საქართველოში ომი. ეს ისეთი შოკისმომგვრელი ამბავი იყო, რომ სპორტსმენებმა ოლიმპიადის მიტოვება და საქართველოში დაბრუნებაც კი გადაწყვიტეს. თუმცა, ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნებს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთ შემთხვევაში, მიზეზს არავინ გაითვალისწინებდა და აუცილებლად დაგვსჯიდნენ. დემარში პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, ოლიმპიურ თამაშებს კი პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებს. გარდა ამისა, წლობით მომზადებულ სპორტსმენებს ოლიმპიადიდან უკან რომ დააბრუნებ, წყალში იყრება ყველა გეგმა, ამდენი წლის ნაშრომი, გაწეული ხარჯი... როგორი საქმეა: სპორტსმენმა ლიცენზია მოიპოვა, მედლის მოგების შანსი აქვს, შენ კი უკან აბრუნებ. ამიტომაც, საბოლოოდ მაინც გონივრული გადაწყვეტილება მივიღეთ - დავრჩენილიყავით ოლიმპიადაზე და სწორედ იქ გვეთქვა ჩვენი სათქმელი. დაგვემტკიცებინა, რომ გაუტეხლები ვართ. როცა ნინო სალუქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, კვარცხლბეკზე რუს სპორტსმენთან ერთად იდგა. რუსეთი საქართველოს ეომებოდა, მათ კი ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს და ხელი გადახვიეს. ამით კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ხალხებს, მით უმეტეს, სპორტსმენებს, საომარი არაფერი გვაქვს. სხვათა შორის, რუს ჟურნალისტებსაც ვატყობდით, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევდნენ, გრძნობდნენ, რომ მათმა ქვეყანამ დიდი დანაშაული ჩაიდინა. ყოველი შეხვედრისას საჩუქრებს გვჩუქნიდნენ, თბილად გველაპარაკებოდნენ...

- ალბათ, გამგზავრებისას ყოველთვის გაქვთ მოლოდინი, წინათგრძნობა... ამჯერად როგორი განწყობით ჩახვედით ოლიმპიადაზე?

- ამაღლებული განწყობით. განსაკუთრებით იმის გამო, რომ საქართველოდან გამომგზავრებისას სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციიდან მივიღე ცნობა - 2 აგვისტოს, ლონდონში, სპეციალურ მიღებაზე ვარ მიწვეული. ოლიმპიურ თამაშებზე პირველად უყრიან თავს იმ სპორტულ ჟურნალისტებს, რომლებსაც ათი და მეტი ოლიმპიადა აქვთ გაშუქებული. იქნება დაჯილდოება, დიდი ბანკეტი და ა.შ. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ ქართული ჟურნალისტიკის და რაც მთავარია, უძველესი სპორტული გაზეთის - "ლელოს" აღიარებაა; ჩვენი გაზეთი მალე 80 წლის გახდება; ჟურნალისტთა თაობები, 1952 წლიდან მოყოლებული, "ლელოს" ფურცლებზე ოლიმპიადების ქართულენოვან მატიანეს ქმნიდნენ.

მიხარია, რომ სწორედ მე მხვდა წილად ბედნიერება, ვიყო იმ რჩეულ ჟურნალისტთა ჯგუფში, რომელთაც ასეთ პატივს მიაგებენ.

ასეთივე ამაყი და ბედნიერი ვიყავი 1994 წელს, როცა მე, როგორც ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს პირველი ოლიმპიური დელეგაცია წავიყვანე ლილეჰამერის ზამთრის ოლიმპიადაზე! ბევრი ამბობს, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ოლიმპიადებში 1996 წლიდან მონაწილეობს. ზაფხულის ოლიმპიადებს შორის ჩვენთვის პირველი მართლაც ატლანტის ოლიმპიადა იყო, ზოგადად ოლიმპიადებში კი, დამოუკიდებლად 1994-დან ვმონაწილეობთ. ძალიან მინდა, რომ ლონდონის ოლიმპიადა ბოლო არ იყოს ჩემთვის და შემდეგ ოლიმპიადებსაც დავესწრო. თუ, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე არ იქნება წინააღმდეგი (იცინის).

- 35 ქართველი სპორტსმენიდან 28 ოლიმპიადის დებიუტანტია...

- დიახ, მაგრამ გამოუცდელობის მიუხედავად, ბევრი ჩვენი სპორტსმენი გამხდარა ოლიმპიური ჩემპიონი თუ პრიზიორი. ამჯერადაც წარმატების იმედი გვაქვს, ვნახოთ, რა იქნება. სხვათა შორის, ამერიკელებმა სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გამოთვალეს, რომ გუნდურ პირველ ადგილს აშშ-ის ნაკრები დაიკავებს, მეორეზე ჩინელები გავლენ, მესამე ადგილზე კი - რუსეთი და ა.შ. ამ პროგნოზის მიხედვით საქართველოს გუნდურ 37-ე ადგილს უწინასწარმეტყველებენ. რაც შეეხება ინდივიდუალურ ჩათვლას, მანუჩარ ცხადაიას ჩემპიონობა "გამოუწერეს", ქრისტინე ესებუას კი - ვერცხლის მედალი. თუმცა, "ლელოში" სტუმრობისას ესებუამ გვითხრა - ვერცხლი არა, ოქრო მინდაო! რა თქმა უნდა, პროგნოზები ზუსტად არ მართლდება, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენს სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს სჯერათ, რომ შედეგები უკეთესი იქნება, ვიდრე ამერიკელებმა გვიწინასწარმეტყველეს...