"ამათ სპორტისა არაფერი გაეგებათ" - კვირის პალიტრა

"ამათ სპორტისა არაფერი გაეგებათ"

ქართველ ძიუდოისტთაგან ოლიმპიური ოქროს მედალი იმ მოჭიდავემ მოიპოვა, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ - 20 წლის ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) ტატამზე ისეთი აქტიური და შეუპოვარი იყო, ბევრად გამოცდილმა და ტიტულოვანმა მეტოქეებმაც ვერაფერი მოუხერხეს. სამაგიეროდ, სხვა ქართველი ძიუდოისტები იყვნენ უჩვეულოდ ინერტული... საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილი თავკაცი შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა საუკეთესო ფორმას საჭიროზე ადრე მიაღწიეს, ოლიმპიადას კი გამოფიტული შეხვდნენ.

- ოლიმპიადამ კარგად გამოაჩინა, როგორ მდგომარეობაშია დღეს ქართული ძიუდო. ერთი წლის წინ რომ დაეჯერებინათ ჩვენთვის, ჯერ კიდევ შეიძლებოდა საქმის გამოსწორება, მაგრამ... ზაიზენბახერს იგივე დაემართა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის დროს, - ძიუდოისტების ფორმის პიკი ამჯერადაც ვერ დაამთხვია უმნიშვნელოვანეს ტურნირს. ბიჭები კატასტროფულ მდგომარეობაში იყვნენ: სუნთქვა არ უვარგოდათ, ძალა არ ჰქონდათ.

- რისი ბრალია ეს ყველაფერი?

- არასწორი მომზადებისა და შორეულ ქვეყნებში - იაპონიაში, კორეაში, მონღოლეთში, არგენტინაში და ა.შ. უაზრო ვოიაჟების. იმ დროს, როცა ფიზიკური მომზადება და საბაზო შეკრება იყო საჭირო, ზაიზენბახერი სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებინებდა და ორთაბრძოლაში ავარჯიშებდა, ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე კი დაბალი დონის ტურნირებზე აჭიდავებდა, სადაც, ჩვენების გარდა, ოლიმპიადის ლიცენზიის მქონე არც ერთი სპორტსმენი არ მონაწილეობდა. ასეთ მნიშვნელოვან ტურნირამდე ერთი თვით ადრე, სპორტსმენის ტურნირზე საჭიდაოდ წაყვანა დაუშვებელია. ბოლო თვე, თვე-ნახევარი უნდა ჩაიკეტო, კონფიდენციალურად ივარჯიშო, მეტოქეს არ გააგებინო, როგორ ემზადები. ჩვენები კი სწორედ მაშინ გამოდიოდნენ და ტრაბახობდნენ, ნახეთ, ჩვენი მოჭიდავეები რა მაგარ ფორმაში არიანო. ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე მართლაც ჩინებულ ფორმაში იყვნენ.

- რამდენიმე თვის წინ თანამდებობაზე თქვენი დაბრუნება თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ...

- პირადად სპორტის მინისტრმა და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ მთხოვეს, მდგომარეობა გამომესწორებინა, თუმცა, მეორე დილას გადაწყვეტილება შეცვალეს... არადა, მართლაც შეიძლებოდა სიტუაციის გამოსწორება. იმის გამო, რომ არასწორად ავარჯიშებენ, ძიუდოისტებმა ოთხი წელი, ფაქტობრივად, ტყუილად დაკარგეს. რაც ვიცოდით, რითიც ვდომინირებდით მსოფლიოში, იმის გადავიწყება გადაწყვიტეს.

ზაიზენბახერმა ქართულ სტილს გადააჩვია თავისი შეგირდები, ვერც ახალი შეასწავლა და... სადღაც შუაში არიან გაჩერებული. ტატამზე რომ დგანან, არ იციან, რა გააკეთონ.

ძიუდოისტები მითითების მოლოდინში მწვრთნელისკენ ტყუილად იყურებიან, ავსტრიელი უემოციო სახით ზის. ენობრივი ბარიერიც არსებობს. არადა, საკმარისად გვყავს კარგი მწვრთნელები, რომელთაც შეეძლოთ, სეკუნდანტად ყოფილიყვნენ, ქართულად მაინც დაუძახებდნენ ბიჭებს. მისდა საბედნიეროდ, ლაშა შავდათუაშვილმა ნაკრებში მხოლოდ ბოლო სამი თვე გაატარა და ავსტრიელმა მისი "გადაწვა" და "მოშლა" ვერ მოასწრო. ზაიზენბახერისთვის მთავარი ხელფასი იყო, ოლიმპიადიდან აქ არც ჩამოვა! პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას, ვინც ეროვნული ნაკრების მწვრთნელად მუშაობის გამოცდილების უქონელი ადამიანი ჩამოიყვანა. ნუთუ ამის შემდეგ კიდევ ეყოფათ ნამუსი, თანამდებობებზე დარჩნენ?

იმედია, ზაიზენბახერი ამ ოლიმპიადის შემდეგ წავა, პოლიტიკური ვითარებაც შეიცვლება და სპორტი აღარ იქნება პოლიტიზებული, პროფესიონალები იქნებიან ყველგან. ახლა კი ხელმძღვანელები სპორტის თითქმის ყველა სახეობაში პარტიული ნიშნით არიან დანიშნული.

- ბეთქილ შუკვანის წაგებაში მართლაც მსაჯია დამნაშავე?

- იყო რამდენიმე მომენტი, როცა შეიძლებოდა შუკვანისთვის არათუ ვაზარი, იპონიც კი მიეცათ, თუმცა... ბეთქილი ამის მიუხედავადაც იგებდა და 5 წამი ვეღარ გაძლო. ქართველი მწვრთნელი რომ ჰყოლოდა, მითითებას საჭირო დროს მისცემდა.

- სპორტული მხარე ერთია, მაგრამ როგორც შუკვანი ამბობს, ბიძინა ივანიშვილისადმი სიმპათიის გამოხატვისთვის მას პრობლემები შეუქმნეს.

- იმის გამო, რომ შენი აზრი გაქვს და სხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერ მხარს, ქართული სპორტის მტრად უნდა გამოგაცხადონ? ცუდია, რომ ქართულ სპორტში არიან პირები, რომელთათვისაც განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების შეურაცხყოფა, მათზე ზეწოლა უცხო არ არის. შუკვანმა თქვა, პოლიტიკაში არ ვერევი, უბრალოდ, სიმპათია გამოვხატე "ქართული ოცნების", იმ ადამიანის მიმართ, ვინც ბევრი რამ გააკეთა ქართული სპორტისთვისო. ამისთვის მტრად უნდა გამოაცხადო? ეს იმის ბრალია, რომ იმ თანამდებობებზე არიან, რომლებიც არ ეკუთვნით და არ შეეფერებათ, რადგან სპორტისა არაფერი გაეგებათ!

- ზაიზენბახერმა თქვა, რომ ოლიმპიადაზე ირაკლი ცირეკიძის წაყვანა უნდოდა, მაგრამ უარი თავად ძიუდოისტისგან მიიღო. ეთანხმებით ამ ვერსიას?

- ირაკლი წლების განმავლობაში ვარჯიშობდა ჩემი ხელმძღვანელობით, არანაირი პრობლემა არ მქონია მასთან, ერთხელ არ მახსოვს, დისციპლინა დაერღვიოს. მსოფლიო ჩემპიონატიც მაშინ მოიგო და ოლიმპიადაც. თუ ტურნირის მსვლელობისას "ჩაეძინა", შეკრებაზე ან აეროპორტში არ მივიდა, ეს მხოლოდ სპორტსმენის პრობლემა არ არის, მათი დანაშაულიცაა, ვისაც ასეთი საკითხების მოგვარება ევალებათ. თუ არა და, მაშინ სპორტსმენსაც უცრუვდება გული. რაც შეეხება მისი არწაყვანის თუ არწასვლის მიზეზს, თუ ცირეკიძე და ლომერ ჟორჟოლიანი მართლაც შეთანხმდნენ, ვინც ევროპის ჩემპიონატზე უკეთ იჭიდავებდა, ლონდონშიც ის წავიდოდა, ეს ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მიუღებელია. ოლიმპიადა სოფლის პირველობა არ არის და არც სპორტსმენების გადასაწყვეტია, ვინ სად უნდა იჭიდაოს.

- კარგზეც ვთქვათ, ლაშა შავდათუაშვილის სახით ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს...

- აღფრთოვანებული ვარ მისი ჭიდაობით. ლაშამ კარგად გამოიყენა ის, რომ ფაქტობრივად, არავინ იცნობდა. ყველა ორთაბრძოლის დროს აქტიურობდა, სულ უტევდა და ღირსეულად გაჩემპიონდა. ისეა მომართული, ისეთი გაწონასწორებულია, რომ დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ გაგვახარებს.

- ბოლო დროს პოლიტიკაში გადაერთეთ...

- დაარსების დღიდან "ქართული ოცნების" გვერდით ვარ და აქტიურად ვმონაწილეობ კოალიციის საქმიანობაში. როგორც ცნობილია, კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად ვიყრი კენჭს, ყოველდღიურად ვხვდები ამომრჩევლებს და მინდა, წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის გაჯანსაღებაში. კოალიციაში ძალიან ბევრი სპორტსმენია და გვინდა, სპორტი პოლიტიკისგან გათავისუფლდეს. თუ პარლამენტში მოვხვდით, სპორტის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იქნება.