ბოდიში, თქვენ გელით იმედგაცრუება! - კვირის პალიტრა

ბოდიში, თქვენ გელით იმედგაცრუება!

ძიუდოს მესვეურებმა, ნაკრების მწვრთნელიანად, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს ხალხს

ამ კვირის ბოლოს ლონდონში ზაფხულის საიუბილეო XXX ოლიმპიური თამაშები დამთავრდება. დარჩენილი კვირა ძალზე დაძაბული იქნება და ეს ბუნებრივიცაა, - მონაწილე ქვეყნები შეეცდებიან, ოლიმპიადა ღირსეულად დაამთავრონ. ბუნებრივია, გამონაკლისი არც ჩვენ ვართ.

დღეს შევეცდებით გაგიზიაროთ თამაშების უკვე განვლილი ეტაპის ჩვენეული შეფასება.

ლონდონში მიმდინარე ამ ოლიმპიადაზე ჩვენთვის  მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი და უჩვეულო არაფერი მომხდარაო, ვერ ვიტყვით. მოხდა და ძალიან მტკივნეულიც. ამაზე ქვემოთ. ახლა კი იმას გეტყვით, რომ ლონდონში დიდი იმედით მივდიოდით და თუმცა, მედლების მოპოვების შანსი ისევ გვაქვს, ვერ დავეთანხმებით, ვინც ქართული სპორტის მესვეურებს უკვე ამტყუნებს და წინმსწრებად სდებს ბრალს დაპირებების შეუსრულებლობაში. რა სადავოა, რომ არ შეიძლებოდა, მათ ეთქვათ, 35 ოლიმპიელისგან ვინ მოიგებდა მედალს და ვინ არა. ასე დაკონკრეტება საქმეს წაახდენდა, ბევრს ფსიქოლოგიურად სამშობლოში, ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე დათრგუნავდა და გულს აუცრუებდა. შანსი ყველას გაქვთო, აქეზებდნენ და ამაში არაბუნებრივი და ალოგიკური არაფერია. სხვა საქმეა, ვისიც მართლა გვეიმედებოდა, მშრალზე რომ დაგვტოვა.

გადაავლეთ თვალი ძიუდოისტთა ოლიმპიურ ტურნირს. ლაშა შავდათუაშვილის გარდა ვინმემ რამე გააკეთა? მედალს ნუ ავიჩემებთ, მაგრამ პირველ, ან უკეთეს შემთხვევაში, მეორე შეხვედრიდან რომ გამოეთიშები შეჯიბრებას, თანაც ისე, ხეირიანად ერთი ილეთიც არ ჩაგიტარებია, ამას მომზადება არ ჰქვია. და ამის საპირისპიროდ, ლაშამ ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო იპონით. პირობები არ გვქონდაო, ვერავინ დაიჩივლებს. ალბათ, დასხდებიან და გადახედავენ, რა დაუჯდა ბიუჯეტს ნაკრების ხარჯები და მერე სირცხვილმა იმართლოს თავი. ისე, ძიუდოს მესვეურებმა, ნაკრების მწვრთნელიანად, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს ხალხს იმედის გაცრუებისთვის. არა ვართ ჩვენ ის ქვეყანა, ძიუდოში ერთი ოქროს მედლის ბრწყინვალებამ რომ აგვამჩატოს. თუმცა, არც ოლიმპიური გმირების ღირსეულად დაფასება გვესწავლება. ვერც ის იქნება ჩვენთვის ნუგეში, რომ თვით ძიუდოს სამშობლო - იაპონია ოლიმპიური ძიუდოს  ისტორიაში  პირველად ამ ოლიმპიადაზე დარჩა ვაჟებში უმედლოდ.

ჩვენი ძიუდოისტებისგან ყველაზე გამოუცდელმა გორელმა ბიჭმა ხომ შეძლო ის, რაც საქართველოს ნაკრების სხვა წევრებს ოცნებად დარჩათ? მერედა, როგორ ლაღად გაჩემპიონდა. მოდი, დავფიქრდეთ, რატომ უნდა ჩაევლო უკვალოდ ძიუდოში ბოლო წლებში თავჩენილ ინტრიგებს. გორელ ყმაწვილს კი ეს არ შეხებია, უფროსთა ასაკში სულ ახალი გადასული იყო.

ორიოდე სიტყვას ბეთქილ შუკვანზეც ვიტყვი. ხმა აქაც მოდის, რომ ლონდონში მყოფმა სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებმა თითქოს არაფერი იღონეს ამ სპორტსმენის ინტერესების დასაცავად. ვითარებაში გასარკვევად ახლა აქ არც დროა და არც ადგილი, მაგრამ სამინისტროს საიტზე რაც წავიკითხე, თავის მართლებას ვერ ვუწოდებ. თავად ვიყავი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური დელეგაციის მისიის ხელმძღვანელი ლილეჰამერში ოლიმპიადაზე და კარგად ვიცი, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ყველაფერს წყვეტს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი და ოლიმპიური კომიტეტი. სხვა, თუნდაც სპორტის მინისტრი, ვერაფერში ჩაერევა, ოლიმპიური ქარტია ასეთ სტატუსს ოლიმპიადაზე არ ცნობს. ასეთია რეალობა.

რაც შეეხება სპორტის სხვა ოლიმპიურ სახეობებში უკვე ჩამთავრებულ ტურნირებს, ძიუდოს საერთო ფონზე გასაკვირი ნამდვილად არაფერია.

ვისურვებდი, "კვირის პალიტრის" მომავალ ნომერში არა ასეთ თემებზე, არამედ გამარჯვებებზე გვესაუბროს.

თენგიზ გაჩეჩილაძე,

სპეციალურად "კვირის პალიტრისთვის" ლონდონიდან