ყენია დაუშვილთან? - კვირის პალიტრა

ყენია დაუშვილთან?

უკრაინულ პრესას თუ ვერწმუნებით,  საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლევან ყენია ახალი სეზონიდან ლვოვის "კარპატის" ღირსებას დაიცავს. 21 წლის ქართველის სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" ჩარიცხვის ამბავი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო და საქმის ბოლომდე მისაყვანად მხოლოდ კონტრაქტზე ხელმოწერაღა იყო საჭირო. ლევანი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა რუსეთის ჩემპიონი გუნდის შემადგენლობაში და საკონტროლო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "გადაწყვეტილი" არაფერიც არ ყოფილა და "ზენიტის" იტალიელი თავკაცი ლუჩანო სპალეტიც მხოლოდ იმიტომ "იტანდა" ახალწვეულს, რომ მისი გადაბირების სურვილი კლუბის პრეზიდენტმა გამოთქვა. კარგია, ლევანმა თავს დროულად რომ "უშველა" - პრეზიდენტი ერთია, შემადგენლობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას კი მთავარი მწვრთნელი იღებს და სათადარიგოთა სკამზე ყურყუტს, რა თქმა უნდა, შედარებით დაბალი ბიუჯეტისა და ამბიციის მქონე კლუბშიI გადაბარგება და სათამაშო პრაქტიკა სჯობს. მართალია, უკრაინელი კოლეგები გვარწმუნებენ, რომ "კარპატიში" (რომლის შემადგენლობაში ბუბა დაუშვილიც ირიცხება. - ავტ.) ლევანის გადასვლა უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ რუსული კლუბის შემთხვევაშიც ასე იყო და... მოკლედ, დაველოდოთ ოფიციალურ პრეზენტაციას!