შესარჩევ ეტაპს რუმინეთით ვიწყებთ - კვირის პალიტრა

შესარჩევ ეტაპს რუმინეთით ვიწყებთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 18 აგვისტოს, რუმინეთთან მატჩით დაიწყებს. საქართველოსა და ავსტრიაში ჩატარებული ორი შეკრების შემდეგ იგორ კოკოშკოვის გუნდმა გასულ კვირას თბილისის ოთხთა ტურნირი მოიგო, ოფიციალური მატჩების დაწყებამდე ხუთი დღით ადრე კი გენერალურ რეპეტიციას ლაიფციგში, გერმანიის ნაკრებთან მატჩში გაივლის. თბილისის ტურნირში ჩვენმა გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, მაგრამ სწორედ 13 აგვისტოს, ლაიფციგში გამოჩნდება, როგორ ხვდება ჩვენი გუნდი ევრობასკეტის შესარჩევ მატჩებს. რაც შეეხება სპორტის სასახლეში ჩატარებულ ტურნირს, მასპინძელთა უპირატესობა სამივე შეხვედრაში აშკარა იყო - ბელორუსს - 99:76, ესტონეთს - 87:71, უკრაინას კი - 95:69 მოვუგეთ.

თუმცა, ისიც კარგად გამოჩნდა, რომ იგორ კოკოშკოვი ისევ "ძველი გვარდიის" იმედად არის. ასეთ დროს, ძალაუნებურად, ჩნდება კითხვა - თუ ასეა, რა საჭირო იყო ნაკრების "გაახალგაზრდავების" საბაბით ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ვლადიმერ ბოისას და გიორგი გამყრელიძის ნაკრებს მიღმა დატოვება? მით უმეტეს, ის ახალგაზრდა კალათბურთელები (ოთარ ფხაკაძე, რეზო როგავა, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე და ნოდარ თენიეშვილი), რომლებსაც "ვეტერანები" უნდა "ჩაენაცვლებინათ", იგორ კოკოშკოვმა ავსტრიული შეკრების დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაითხოვა (?!).

კითხვები გაჩნდა ნაკრების ამერიკელ ახალწვეულებთან - კორი ფიშერსა და ჯეიკობ პულენთან დაკავშირებითაც, თუმცა ოთხთა ტურნირის მატჩებმა გვიჩვენა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა ორივეს შეუძლია. ახლა საკითხავი მხოლოდ ის არის, რომელ მათგანზე (ოფიციალური მატჩის განაცხადში მწვრთნელს მხოლოდ ერთი ნატურალიზებული კალათბურთელის შეყვანა შეუძლია. - ავტ.) შეაჩერებს არჩევანს იგორ კოკოშკოვი. თბილისის ტურნირის მატჩებში ფიშერს და პულენს მწვრთნელი მონაცვლეობით ათამაშებდა. შედეგად, ჯეიკობმა მოედანზე კორიზე მეტი დრო გაატარა და ორ მატჩში 22 ქულაც (ბელორუსთან - 5, უკრაინასთან კი - 17 ქულა. - ავტ.) მოაგროვა. რაც შეეხება კორი ფიშერს, რომელიც თურქული "ანტალიას" ნაცვლად, ახალი სეზონიდან ესპანურ "ხუვენტუტში" ითამაშებს, მოედანზე გასვლის შესაძლებლობა ესტონეთთან შეხვედრაში მიეცა და 27 წუთში 6 ქულა შესძინა გუნდს. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ნაკრების მწვრთნელს პულენი უფრო ეიმედება, დანარჩენს კი შესარჩევი მატჩებისას ვნახავთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი გუნდი პირველ საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში, რუმინეთის ნაკრებთან გამართავს და  ტურს 11 სექტემბერს, ჰოლანდიის მასპინძლობით დაასრულებს.

შესარჩევი შეხვედრების სრული გრაფიკი კი ასეთია:

18 აგვისტო  - საქართველო-რუმინეთი

21 აგვისტო - ბოსნია-საქართველო

24 აგვისტო - საქართველო-ლატვია

27 აგვისტო - ჰოლანდია-საქართველო

2 სექტემბერი - რუმინეთი-საქართველო

5 სექტემბერი - საქართველო-ბოსნია

8 სექტემბერი - ლატვია-საქართველო

11 სექტემბერი - საქართველო-ჰოლანდია