ჟამი ფიქრისა და განსჯისა წინ არის - კვირის პალიტრა

ჟამი ფიქრისა და განსჯისა წინ არის

მიიწურა ზაფხულის XXX საიუბილეო ოლიმპიური თამაშების 17 დაძაბული დღე. ეს იყო გამორჩეულად მძიმე ოლიმპიადა, განსაკუთრებით - ოქროს მაძიებელთათვის, რომელთა შორის ვიყავით ჩვენც. თვალი გადაავლეთ ყველა ქვეყნის ოლიმპიურ მონაგარს და დაინახავთ, რომ საქართველო კვლავ მსოფლიოში გამორჩეული სპორტული ქვეყნების რიგებში რჩება. თუმცა, ჩვენ, რასაკვირველია, მეტი გვინდოდა. ცხადია, იყო ლაფსუსები, მაგრამ იყო ჩვენი ოლიმპიელების თავდადებაც. მედლისთვის ბრძოლაში ის იმარჯვებს, ვისაც სათანადო სპორტულ მომზადებასთან ერთად მტკიცე ნერვები და კრიტიკულ სიტუაციაში სხარტი აზროვნების უნარი აქვს.

სამწუხაროდ, მსოფლიო ოლიმპიური მოძრაობის თავის ტკივილად იქცა მიკერძოებული, არაობიექტური მსაჯობა, რაც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ადრეც და ახლაც. არბიტრების დასჯა საქმეს ვერ შველის, დასჯილი ის ოლიმპიელი რჩება, რომელიც ამ დიდებული სპორტული ასპარეზობის საპატიო კვარცხლბეკის საფეხურზე ჩამოაქვეითეს.

ჩვენი ოლიმპიელებიდან განსაკუთრებით მოჭიდავეების იმედი გვქონდა. მართალია, მედლები მოვიპოვეთ, მაგრამ ოქროც მეტი გვინდოდა, ვერცხლიც და ბრინჯაოც, თუმცა, როგორც იტყვიან, რაც არის, ეს არის. ცხელ გულზე ანალიზი მართებული არ იქნება - ჟამი ფიქრისა და განსჯისა წინ არის.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია საქართველოში დღეს დაბრუნდება.

თენგიზ გაჩეჩილაძე სპეციალურად "კვირის პალიტრისთვის" ლონდონიდან