ქართულ ძიუდოს ახალი თავკაცი ეყოლება - კვირის პალიტრა

ქართულ ძიუდოს ახალი თავკაცი ეყოლება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში ცვლილებები იგეგმება: გასული კვირის მიწურულს ფედერაციის ამჟამინდელმა თავკაცმა გიორგი ალექსიძემ გვითხრა, რომ რამდენიმე დღეში გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს და ბიზნესსაქმიანობას დაუბრუნდება. "ჯერ კიდევ შარშან ვთქვი, რომ ლონდონის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ თანამდებობას დავტოვებდი. მაშინ, ოლიმპიურ ოქროსაც დაგპირდით და მგონი, ორივე პირობა შევასრულე", - უთხრა "კვირის პალიტრას" გიორგი ალექსიძემ.

ფედერაციის თავკაცთან ერთად, შეიცვლება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც (სხვათა შორის, უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა სწორედ ალექსიძის იდეა იყო. - ავტ.), - ავსტრიელ პიტერ ზაიზენბახერს კონტრაქტის ვადა უკვე ამოეწურა. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ავსტრიელს ქართველი მწვრთნელი (გვარი არ სახელდება. - ავტ.) შეცვლის, გიორგი ალექსიძის სავარაუდო შემცვლელად კი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი და ძიუდოს ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი ცეზარ ჩოჩელი სახელდება.