სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

დასრულდა ლონდონის ოლიმპიური თამაშები და, ბუნებრივია, საქართველოს სპორტსმენთა ასპარეზობის შესახებ საუბარი კიდევ დიდხანს გასტანს.

გასულ კვირას ქართველ ოლიმპიელთა გამოსვლა ლონდონიდან დაბრუნებულმა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა შეაფასა: "ნაკრების ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, - ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო საქართველოს ნაკრებისათვის მედლების უპრეცედენტო რაოდენობაა, იმის გათვალისწინებით, რომ უკეთესი შედეგების მიღწევა შეგვეძლო", - განაცხადა მან.

უკვე გადაწყდა, რომ ზაიზენბახერი ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს - ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ძიუდოისტთა თავკაცი აცხადებს, რომ მიზანი მიღწეულია, ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა და მასაც შეუძლია ამიერიდან თავის ბიზნესს მიხედოს და მწვრთნელის პოსტი დატოვოს.

თუკი აქამდე ოლიმპიადას ველოდით, შემოდგომაზე ქართველი ქომაგის ყურადღება რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისაკენ იქნება მიპყრობილი, სადაც 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულისათვის 6 ქართველი მოჭადრაკე - მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე და სოფიკო ხუხაშვილი - იასპარეზებს.

ჩემპიონატში მონაწილეობას 64 მოჭადრაკე მიიღებს. იგი ექვს წრედ, ოლიმპიური სისტემით გასტანს. ტურნირის საპრიზო ფონდი 450.000 დოლარია, მსოფლიო ჩემპიონისათვის განკუთვნილი თანხა კი 60.000 დოლარი.

დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში და, ბუნებრივია,  ევროპის ლიგაზე გორის "დილას" წარმატებული დებიუტის გამო ჩვენი ყურადღებაც განსაკუთრებითაა გამახვილებული სპორტის ამ სახეობის მიმართ.

ყოველ სეზონს თან ახლავს უხვი ტრანსფერები და უკრაინული "ზორია" ქართველთა ნავსაყუდლად შეიძლება იქცეს. საქმე ისაა, რომ აქ მოთამაშე ჯაბა ლიპარტიასა და გიული მანჯგალაძეს უახლოეს მომავალში შეიძლება საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ვლადიმერ დვალიშვილიც შეემატოს. პოლონური "პოლონიას" პრესატაშე ადამ დრუგალანსკის ინფორმაციით, ქართველი უკრაინულ კლუბში უკვე სამედიცინო შემოწმებას გადის და დიდია იმის ალბათობა, რომ "ზორიასთან" კონტრაქტი გააფორმოს.

ტრანსფერების მრავალფეროვნებით მსოფლიო ფეხბურთიც გამოირჩევა. ამჯერად მკითხველის ყურადღებას ორ ოთხწლიან კონტრაქტზე გავამახვილებთ: პირველი მათგანი "გახმაურებულ დარჩენას" უკავშირდება. სეზონის დაწყების წინ თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ გონსალო იგუაინს მადრიდის "რეალი" უნდა დაეტოვებინა, მაგრამ თურმე, ნურას უკაცრავად, - არგენტინელმა ფორვარდმა სამეფო კლუბთან 2016 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და მისი ხელფასი აქ 4,5 მილიონი ევრო იქნება. კიდევ ერთი გახმაურებული ოთხწლიანი კონტრაქტი კი ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ და "მანჩესტერ იუნაიტედმა" გააფორმეს. თუკი ყველაფერი რიგზე იქნა, ამ ოთხი წლის განმავლობაში ფეხბურთელი მანჩესტერულ კლუბში 48,9 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს.

არჩილ ბენაშვილი