"ჩანს, ოლიმპიური ჩემპიონობა არ მიწერია" - კვირის პალიტრა

"ჩანს, ოლიმპიური ჩემპიონობა არ მიწერია"

"დათო, მამა, ოქრო ვერ არის, მაგრამ შენ გამოასწორებ!" - ბრინჯაოს მედლის მოგების შემდეგ, 5 წლის შვილისთვის სათქმელი გიორგი გოგშელიძემ ვიდეოკამერებს უთხრა. ადვილი წარმოსადგენია, რამხელა გულისტკივილი ამოაყოლა ამ სიტყვებს გორელმა ფალავანმა, რომელიც 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ მხოლოდ იმიტომ დარჩა სპორტში, კარიერა ლონდონში მოპოვებული ოქროთი რომ დაესრულებინა. 32 წლის ვაჟკაცმა მთელი ოლიმპიადა მყესგაგლეჯილმა იჭიდავა და ნახევარფინალში განცდილი მწარე იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც გამონახა ძალა, საქართველოსთვის მორიგი ოლიმპიური ბრინჯაო მოეტანა. ჯერ არ გადაუწყვეტია, დაასრულოს თუ არა კარიერა, თუმცა, გიორგი გოგშელიძემ ის დანამდვილებით იცის, რომ ვარჯიშის გარეშე ვერ გაძლებს:

- არის მიზეზები, რომლებიც სპორტიდან წასვლაში მიშლის ხელს. მინდა, კარიერა ოქროს მედლით დავასრულო, თანაც, გაისად ევროპის ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება და... ცოტა ხანს დავისვენებ და გადაწყვეტილებას მერე მივიღებ. თუმცა, სპორტის გარეშე ვერაფრით ვერ გავძლებ, როცა 25 წლის განმავლობაში ვარჯიშობ, ცხოვრების სტილის შეცვლა რთული იქნება. გავაგრძელებ ვარჯიშს და დანარჩენს დრო გამოაჩენს.

- ეს ბოლო ოლიმპიადა იყო ჩემთვის, კარიერა უნდა დავასრულოო, თქვით. ეს ცხელ გულზე ნათქვამი იყო ?

- პეკინში ჩემპიონი რომ გავმხდარიყავი, ჭიდაობას აუცილებლად დავანებებდი თავს. სპორტში იმიტომ დავრჩი, ოთხი წელიწადი გავიჭირვე და ლონდონში იმისთვის წავედი, მინდოდა, ოქროს მედალი მომეგო. აპრილის ბოლოს, სალიცენზიო ტურნირის ფინალში ფეხზე მყესი გავიგლიჯე. ექიმმა მითხრა, რომ ქირურგიული ჩარევის გარეშე დაახლოებით 30% იყო იმის შანსი, ლონდონში მეჭიდავა. ამ ხნის განმავლობაში თავისუფლად ვერ ვვარჯიშობდი, ბოლომდე ვერ ვიტვირთებოდი, რამდენჯერმე ტრავმა განმეორდა კიდეც... ნებისმიერი შეხვედრის დროს იყო რისკი, მეტოქეს ფეხი უხერხულად დაეჭირა და ჩემი ჭიდაობა იქ დამთავრდებოდა. ამიტომაც არ ვახმაურებდი ამ ამბავს, მოწინააღმდეგეებს რომ არ ესარგებლათ ჩემი ტრავმით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, კმაყოფილი უნდა ვიყო, ლონდონიდან უმედლოდ რომ არ წამოვედი. მაგრამ ვიმეორებ - ოთხი წელიწადი სპორტში ოლიმპიური ოქროსთვის დავრჩი და ეს ამჯერადაც რომ ვერ შევძელი, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ.

- სპორტსმენს დამატებით პასუხისმგებლობად არ ემატება, როცა ფავორიტად ასახელებენ, მისგან ყველა უმაღლესი სინჯის მედალს ელის?

- პეკინის ოლიმპიადაზე ჩემგან ყველა ოქროს მედალს ელოდა, ჩემზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა. თუმცა, მაშინდელ წარუმატებლობას იმ აჟიოტაჟს ნამდვილად ვერ დავაბრალებ. რაც შეეხება წლევანდელ ოლიმპიადას, ამჯერად სხვაგვარად იყო, ძირითადად, სხვების ეიმედებოდათ, ახალგაზრდა ძიუდოისტების, მოჭიდავეების, ძალოსნების და ა.შ. მე კი ჩრდილში ვიყავი, შეკრებაზე მოსული ჟურნალისტები ინტერვიუსაც კი არ მთხოვდნენ (იცინის). ვხუმრობდი ხოლმე, ოლიმპიადაზე ტურისტად მივდივარ-მეთქი. სინამდვილეში კი მიხაროდა, გაცილებით თავისუფლად ვგრძნობდი თავს და ვფიქრობდი, როცა არავინ ელოდა, სწორედ მაშინ გამეკეთებინა ჩემი გასაკეთებელი. მით უმეტეს, ასეთი კარგი კენჭისყრა არასდროს მქონია, ჩემი უმთავრესი კონკურენტებიც ერთიმეორის მიყოლებით გამოეთიშნენ ბრძოლას. სხვა დროს ფინალში გასასვლელად ყოველთვის "ხორცსაკეპში" მიწევდა გავლა, მაგრამ... როგორც ჩანს, არ წერია ჩემს სახელზე ოლიმპიური ჩემპიონობა.

- მოლდაველ მეტოქეს უპრობლემოდ სძლიე, აი, ნახევარფინალში კი... ამერიკელი უორნერია ასეთი ძლიერი თუ სათანადოდ არ შეაფასე მეტოქე?

- ასეთი რამ გამორიცხულია. პირველი გრან-პრი 14 წლის წინ მოვიგე, მას მერე უამრავ ტურნირში მიმიღია მონაწილეობა და უმაღლეს დონეზე ჭიდაობის დიდი გამოცდილება მაქვს. ახალგაზრდობაში მართლაც ყოფილა შემთხვევები, როცა მეტოქე სათანადოდ არ შემიფასებია და ამისთვის დავსჯილვარ კიდეც. მას შემდეგ ყველა მოწინააღმდეგეს შესაბამისად, ხშირად ზედმეტადაც კი ვაფასებ. ამერიკელთან შეხვედრას რაც შეეხება, პირველივე სეტში შემეძლო სუფთად დამემარცხებინა, მაგრამ ტრავმის გამო ბოლომდე ვერ ვატანდი ფეხს ძალას. ამის მიუხედავად, პირველი პერიოდი მოვიგე, მეორეშიც მქონდა უპირატესობა, თუმცა, როგორც ჩანს, უორნერი გააფრთხილეს, ფეხი "დაემალა", ხელში მის დაჭერას კი მსაჯი არ მაცლიდა, - რამდენჯერაც ჩავავლე ხელში, იმდენჯერ გამაშვებინა, გაკვირვებული ვუყურებდი და დღემდე ვერ გამიგია, რა უნდოდა. სამწუხაროდ, ბურთულაც მეტოქის ფერის ამოვიდა. თანაც, მსაჯი ისევ თავისას აგრძელებდა, - როცა უორნერმა მოძრაობა დაიწყო, არბიტრმა მხოლოდ მას შემდეგ მისცა ნიშანი და გამიშვა ხელი. ასეთ დროს თავის დაცვა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვიყავი, რომ გადამწყვეტ სეტში მაინც მოვახერხებდი ამერიკელის დამარცხებას, თუმცა... ოღონდ, არ გეგონოთ, წაგებას სხვას ვაბრალებდე, ჩემი ბრალია, იყო შანსი და ვერ გამოვიყენე...

- და ისევ ბრინჯაოს დასჯერდით...

- ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ბრინჯაო არაფერში მჭირდებოდა და საჭიდაოდ განწყობა ძალიან გამიჭირდა. მაგრამ მობილიზებაში იმაზე ფიქრი დამეხმარა, რომ ჩემი ქვეყნისთვის, გუნდისთვის დამატებითი მედალი უნდა მომეტანა. გავაცნობიერე, რომ წინა ორთაბრძოლაზე აღარ უნდა მეფიქრა და ეს შეხვედრა მომეგო. სანამ საჭიდაოდ გავდიოდით, უზბეკი მეტოქე ძალიან თბილად, მოკრძალებით მელაპარაკა და გადავწყვიტე, ძიძგილაობის გარეშე, ილეთებით მოვუგებ-მეთქი. პირველ სეტში ძალიან მოდუნებული ვჭიდაობდი, მეტოქეც მაგრად დამიხვდა და პირველ პერიოდში ილეთიც გამიკეთა. თანაც, იმ ეპიზოდში ძალიან მეტკინა ფეხი. მყესი გაგლეჯილია, სრულად არ არის გაწყვეტილი და მხოლოდ 20-30-წამიანი ტკივილი იცის. ამიტომ მალევე გამიყუჩდა. ოღონდ შესვენება ბოლომდე არც გამოვიყენე, ერთი სული მქონდა, ლეიბზე შევსულიყავი, მებრძოლა და მომეგო! ისეთი ჟინი დამეუფლა, ისე შევუტიე, ვეღარ გაუძლო...

- ყველაზე ემოციური ეპიზოდი კი შეხვედრის დასრულების შემდეგ იყო, როცა ვიდეოკამერების წინ დადექით და შვილს მიმართეთ...

- ტელეფონით ჩემი შვილის ვიდეოჩანაწერი გამომიგზავნეს, აბა, შენ იცი, მამა, კარგად იჭიდავე და არ დაგავიწყდეს, ოქროს მედალი ჩამომიტანეო. ვიცოდი, რომ ბავშვიც მიყურებდა და დამთავრდა თუ არა მესამე ადგილისთვის შეხვედრა, გამიჩნდა სურვილი, ეს ერთგვარი "ანდერძი" და თხოვნა დამებარებინა მისთვის. რომ ჩამოვედი, მითხრა, მამიკო, ოქროს მედალს აუცილებლად მოვიგებო. ხუთი წლის არის, მაგრამ ჭიდაობა ძალიან უყვარს და ცოტა ხანში საჭიდაო სექციაშიც მივიყვან.

- მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ხართ, ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი... მაგრამ ამ ყველაფრის მისაღწევად ძალიან ბევრი რამის გადატანა მოგიხდათ. კარგა ხნის განმავლობაში სავარჯიშოდ გორიდან ყოველდღიურად დადიოდით თბილისში...

- ტიტულებით უკმაყოფილო არა ვარ, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე მაინც ვერ გამოვიყენე. უიღბლობა ყოველთვის თან მდევდა... როცა კარგად ვიცი, ვის როგორი ნიჭი, ცოდნა აქვს და რა ტიტულები, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მიჩნდება. 2000 ან 2004 წელს რომ მეჭიდავა ოლიმპიადაზე, აუცილებლად გავხდებოდი ჩემპიონი. არადა, ოლიმპიადებზე მაჭიდავეს 2008 წელს, 2012-ში... მაშინ კი, როცა აღმასვლის პერიოდი მქონდა, არ წამიყვანეს.