სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

გასული კვირის სპორტული გრაფიკი საკმაოდ დაძაბული და სიახლეებით აღსავსე გამოდგა არა მარტო ჩვენში, არამედ გარემომცველ სამყაროშიც: თუკი ორი კვირის წინ სტარტი საქართველოს საფეხბურთო პრემიერლიგამ აიღო, გასულ კვირას მას ინგლისის პრემიერლიგამაც აუბა მხარი და” გათამაშების პირველივე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედის" "ევერტონთან" (ანგარიშით 0:1) მარცხით გაგვახსენა განუმეორებელი "პრემიერ ექშენი", რაც მთელი სეზონის მანძილზე ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდ სიამოვნებას მოგვიტანს.

პრიმერადივიზიონის სასტარტო ტურს ქვეყნის სუპერთასის პირველი შეხვედრაც მოჰყვა."ელ კლასიკოს" შედეგი, მადრიდის "რეალის" თავკაც– ჟოზე მოურინიოს მატჩისწინა ინტერვიუდანაც ჩანდა. პორტუგალიელი სპეციალისტი თავს იზღვევდა მოსალოდნელი მარცხით გამოწვეული კრიტიკისაგან და ამბობდა, რომ ეს მეორეხარისხოვანი დაპირისპირებაა. მიუხედავად ამისა, მატჩშის ანგარიში მისმა თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუმ 55-ე წუთზე გახსნა და კატალონიელებსაც თურმე ეს სჭირდებოდათ გამოსაღვიძებლად. პედრომ მაშინვე აღადგინა წონასწორობა; შემდეგ იყო მესის კარგად გამოყენებული თერთმეტმეტრიანი და ჩავი ერნანდესის გოლი, საბოლოო წერტილი კი მატჩს სამეფო კლუბის არგენტინელმა ლეგიონერმა ანხელ დი მარიამ დაუსვა. ანგარიშით 2:3 მარცხი,“"რეალის" პორტუგალიელ თავკაცს საპასუხო მატჩისწინა ინტერვიუში ამ შეხვედრის “პირველხარისხოვნად” მოხსენიების შანსს უტოვებს, თუმცა მესი, ჩავი და კომპანია ასე სულაც არ ფიქრობენ...

ამ შეხვედრამდე საათ-ნახევრით ადრე, ხუთშაბათ საღამოს, ქართველი გულშემატკივრისათვის გაცილებით მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა. ველოდით კვიპროსული ეპოპეის გაგრძელებას, მაგრამ სამწუხაროდ, პორტუგალიაში მინიმალური ანგარიშით (0:1) დავმარცხდით. ახლა მოუთმენლად ველით გორის "დილასა"” და პორტუგალიური "მარიტიმუს" 30 აგვისტოს საპასუხო მატჩს, რათა ქუდზე კაცი აღმოვჩნდეთ: ვინ - სტადიონზე და ვინ - ტელეეკრანებთან, შეძლებისდაგვარად რომ დავეხმაროთ ქართული საკლუბო ფეხბურთის ევროპულ ფლაგმანს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გზის გაკვლევაში. ეს ნამდვილად არ არის შეუძლებელი, რადგან “"მარიტიმუს"” ევროთასებზე ასპარეზობის მეტი გამოცდილება არ აქვს, ვიდრე გორის“"დილას", საკუთარი გუნდის გულშემატკივრობა კი ჩვენც ვიცით...

ქართული კალათბურთი აღმავლობის გზაზეა. გასული კვირის დამაგვირგვინებელ სპორტულ აკორდად იქცა  სპორტის სასახლეში ჩვენი ნაკრების ულამაზესი გამარჯვება ლატვიის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 79:76. დიდია შანსი, ევრო-2013-ის “შესარჩევ ჯგუფში მონაწილე საქართველოს ნაკრებმა  ყველა მატჩი მოიგოს და 2012 წელი დაუმარცხებლად დაასრულოს. აჰყვებიან ჩვენს კალათბურთელებს ფეხბურთელებიც? მალე ხომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი აიღებს სტარტს და თბილისს ჯერ ბელარუსის ეროვნული გუნდი, შემდეგ კი თვით მსოფლიოსა და ევროპის უცვლელი ჩემპიონი - ესპანეთის ნაკრები ეწვევა. ჩვენ სტარტი, ტრადიციულად, იმედის მომცემი გვაქვს ხოლმე. გასულ კვირას საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბაქოში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 69კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ომარ გურჯიძის გამარჯვებით ოქროს მედალი მიითვალა და ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ქართველ გულშემატკივარს სპორტის ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს სახეობაში მომავალი გამარჯვებების იმედი ჩაუსახა.

არჩილ ბენაშვილი