"მატჩი მხოლოდ პულენს არ მოუგია" - კვირის პალიტრა

"მატჩი მხოლოდ პულენს არ მოუგია"

ბოლო ორი მატჩია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები მეტოქეთა დაწიოკებას და საკუთარი ქომაგისთვის "გულის გახეთქას" თანაბარი წარმატებით ახერხებენ. კალათბურთი სწორედ იმიტომ არის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა, რომ იქ მოვლენები ელვის უსწრაფესად იცვლება და შესაძლოა, ანგარიშში "მსუყე" უპირატესობაც შარშანდელი თოვლივით შემოგადნეს ხელში. თუმცა, როცა 20 ქულის სხვაობით იგებ, ანდა, საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე 10-ქულიანი ჰანდიკაპი გაქვს, ქომაგი ბოლო წამამდე არ უნდა ანერვიულო. არადა, ბოსნიასთან მატჩის მსგავსად, იგორ კოკოშკოვის გუნდმა ლატვიის ნაკრებთან შეხვედრის ბოლო წამებზეც ნერვები დაგვაწყვიტა. ეგ ბოლოს იყო, "გაქართველებული ამერიკელის" - ჯეიკობ პულენის ჩაგდებულმა ჯადოსნურმა სამქულიანმა ლამის რომ დააქცია სპორტის სასახლის გადავსებული ტრიბუნები. მანამდე კი... მარეკ მეჟერისს ორიდან ერთი საჯარიმო მაინც რომ ჩაეგდო, გმირის ნაცვლად, პულენისგან მატჩის ანტიგმირი შეგვრჩებოდა ხელში! აშკარაა, რომ ამერიკელი უაღრესად სასარგებლო მოთამაშეა და ეს ბოლო წამზეც დაამტკიცა, მაგრამ მანამდე, რამდენიმე ეპიზოდში აშკარად ზედმეტი მოუვიდა და ძირითადად, სწორედ მისი შეცდომების ბრალია, სპორტის სასახლეში შეკრებილმა 12 ათასამდე (!) ქომაგმა დარბაზი ფერდაკარგულმა რომ დატოვა. საბოლოოდ, 79:76 მოვიგეთ და შესარჩევ ტურნირს ჯერაც წაუგებლად ვაგრძელებთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ იღბალს მომავალ მატჩებში მაინც აღარ გამოვცდით და მოპოვებულ ქულებს ასე უშურველად არ გავანიავებთ. მანამდე კი დრამატული მატჩის მონაწილეთა კომენტარებს გავეცნოთ:

მანუჩარ მარკოიშვილი: - მატჩის ბოლოს ისეთი შეცდომები დავუშვით, ლატვიელებს თამაშის მოგების შესაძლებლობა მივეცით. გაგვიმართლა, რომ მეჟერსმა ორიდან ორივე საჯარიმო ააცილა, პულენმა კი ძალიან რთული სამქულიანი ჩააგდო. თამაში რომ დამთავრდა, რამდენიმე წამის განმავლობაში ვერც კი გავაცნობიერე, რომ მოვიგეთ. თუმცა, როგორც რაჭველს, მეპატიება (იცინის). საწყენია, რომ ბოლო ორი მატჩია, ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებთ და დიდ უპირატესობას ბოლო წუთებზე ვანიავებთ. ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტოქეები ყოველთვის ბოლო წამამდე იბრძოლებენ ჩვენ წინააღმდეგ...

- როგორ ფიქრობ, რისი ბრალია ეს - დიდი სხვაობით დაწინაურების შემდეგ, მატჩის ბოლოს, კონცენტრაციას კარგავთ?

- პირველ რიგში, ალბათ, ფსიქოლოგიური გადაღლის, რაც ნამდვილად არ გვეპატიება - თუ დაღლილი ხარ იმ მომენტში, უნდა დაისვენო, სხვა შემთხვევაში კი ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვა. თუმცა, კალათბურთში ასეთი რამ იშვიათი ნამდვილად არ არის.

- ჯეიკობ პულენი მატჩის გმირი კი გახდა, მაგრამ ფაქტია, რომ მანამდე ბევრი შეცდომა დაუშვა...

- ჩვენ გმირები კი არა, მოთამაშეები გვჭირდება, რომლებიც საჭირო დროს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ლატვიასთან მატჩში პულენმა წინანდელზე მეტი შეცდომა დაუშვა. კარგია, რომ ბოლო ტყორცნა არ გაუცუდდა, თუმცა, შეიძლებოდა, პირიქითაც მომხდარიყო. ასეა თუ ისე, არ მიმაჩნია, რომ პულენმა მოიგო მატჩი, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა - მწვრთნელების, გულშემატკივრების, გუნდის მასაჟისტებისაც კი, რადგან მთავარი მზადება და თამაშია და არა მხოლოდ ბოლო წამები...

- ბოსნიასთან მატჩიც არანაკლებ დრამატული იყო...

- ბოსნიაშიც ზუსტად იგივე შეცდომები დავუშვით, რაც ლატვიასთან მატჩში. თუმცა, ბოსნია ძლიერი გუნდია, რომელიც საკუთარ მოედანზე არასდროს ნებდება და მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე დიდი სხვაობით დავწინაურდით, ეჭვიც არ შეგვპარვია, რომ ადრე თუ გვიან, მასპინძლები "აფეთქდებოდნენ". ასეც მოხდა - 20 ქულითაც კი ვუგებდით, მაგრამ მართლაც საოცარი ბურთები ჩაყარეს. საბედნიეროდ, ბოსნიიდან ორი ქულა მაინც წამოვიღეთ.

-  ჩვენი ნაკრები გაცილებით თავისუფლად და თავდაჯერებულად თამაშობს, ვიდრე წინა შესარჩევი ეტაპისას...

- ჩემი აზრით, ჩვენი გუნდის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ... უპირატესობა არ გვაქვს (იცინის). ყველა მოთამაშეს აქვს თავისი ადგილი და პლუსი, ყველას შეუძლია გუნდისთვის სარგებლობის მოტანა და ვცდილობთ, ეს გუნდურ თამაშზეც ავსახოთ.

- ჰო, მაგრამ ძირითადად, მხოლოდ 7-8 კალათბურთელი უცვლის ერთმანეთს ადგილს მოედანზე. ბოისას, ცქიტიშვილის, გამყრელიძის არყოფნა მომდევნო მატჩებში ხომ არ დაგვეტყობა?

- ადრეც ვთქვი: კარგი იქნებოდა, ეს მოთამაშეები ნაკრებში რომ იყვნენ, მაგრამ მწვრთნელმა სხვანაირად გადაწყვიტა და ეს მისი არჩევანია. ისე კი, თანამედროვე კალათბურთში სულ ასეა: ძირითადად, 8-9 კაცს უწევს თამაში. ვფიქრობ, მომდევნო მატჩებში უფრო მეტ კალათბურთელს მიეცემა თამაშის შესაძლებლობა. მით უმეტეს, ვარჯიშებზეც ამტკიცებენ, რომ ძალიან კარგი კალათბურთელები არიან. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მწვრთნელს გამოცდილი კალათბურთელები უფრო ეიმედება. მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, კოკოშკოვს ქართული კალათბურთის მომავლად სწორედ ეს ბიჭები მიაჩნია და თავის გამოჩენის შანსს აუცილებლად მისცემს. ახლა, მთავარია, ბოლო მატჩებში დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ და დარჩენილ მატჩებში ბოლო წამებამდე მობილიზებული ვიყოთ...

ვიქტორ სანიკიძე: - თეორიულად, ყველამ ვიცით, რომ სანამ არ დასრულდება, მატჩი მოგებული არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. კიდევ კარგი, საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ამ გაკვეთილიდან ამჯერად მაინც უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა. ვიცოდით, რომ ლატვიის სახით ძალიან სახიფათო მოწინააღმდეგე გვყავდა და თამაშისას ეს დამტკიცდა კიდეც. მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ათ ქულას ვიგებდით და... მართალია, ჩვენ დავუშვით უხეში შეცდომები, მაგრამ მათაც მაღალი კლასი აჩვენეს და რომ არა მარეკ მეჟერისის უზუსტობა, ალბათ, დაგვსჯიდნენ კიდეც. ბოლო წამზე ნამდვილად გაგვიმართლა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ უფრო დიდი სხვაობით გამარჯვება გვეკუთვნოდა...

- ბოლო წამებს თუ არ ჩავთვლით, ჯეიკობ პულენი წინა შეხვედრებში უფრო სასარგებლო იყო...

- ვფიქრობ, იმ ნატურალიზებულ მოთამაშეებს შორის, ვისაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია, ჯეიკობი ერთ-ერთი საუკეთესოა. მის თამაშს იტალიის ჩემპიონატშიც ხშირად ვადევნებდი თვალს და სერია A-შიც გამორჩეული იყო. იმედია, მხოლოდ ამ შესარჩევში არ დაგვეხმარება. რაც შეეხება ლატვიასთან მატჩს, ამერიკელმა ლეგიონერმა მართლაც ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ გამარჯვების მომტანი ბურთის შემდეგ, ალბათ, ამაზე ლაპარაკი და პულენის შეცდომების განსჯა აღარ უნდა დავიწყოთ. პირიქით - მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი სამქულიანის ჩაგდებისთვის!

- შეცდომებზე უკვე ვთქვით, მაგრამ რა არის ჩვენი უპირატესობა, საქართველოს ნაკრების მთავარი "კოზირი"?

- ალბათ, ის, რომ ყველა პოზიციაზე გვყავს მაღალი დონის მოთამაშეები. ნაკრების ძირითადი ბირთვი, უკვე რვა წელიწადია, ერთად ვთამაშობთ, "გავიზარდეთ", გამოცდილებაც მოგვემატა და თავდაჯერებაც. შესაბამისად, ხალხიც მეტს მოითხოვს ჩვენგან და ჩვენც - საკუთარი თავისგან... მით უმეტეს, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ყოველი მომდევნო მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება. ვფიქრობ, იოლი გასეირნება არც ჰოლანდიაში გველის, რადგან მეტოქე შეეცდება, თავის კედლებში ერთი თამაში მაინც მოიგოს.

გიორგი ცინცაძე: - დაძაბული მატჩი იყო. მთელი თამაში წინ ვიყავით და ბოლოს დაშვებული უხეში შეცდომებით თავადვე გავირთულეთ საქმე. მართალია, უკანასკნელ წამებზე გაგვიმართლა, მაგრამ სპორტში უძლიერესი იმარჯვებს  და ვფიქრობ, მაინც დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მატჩის ბოლო წუთებზე უფრო მეტი ყურადღება და მობილიზება გვმართებს. ნაადრევად ვიჯერებთ მოგებას და ალბათ, ამიტომ ვისჯებით. შემდგომში უფრო მობილიზებული უნდა ვიყოთ. კალათბურთი ამიტომაც არის ასეთი სანახაობრივი სახეობა, რომ თამაშის მსვლელობისას შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს.

- შენ და პულენი გამთამაშებლის პოზიციაზე ერთმანეთს ცვლით ხოლმე. ამერიკელის თამაშით კმაყოფილი ხარ?

- ბოლო წამებზე ურთულესი ტყორცნა შეასრულა ზუსტად. საერთოდ, სამივე მატჩში ძალიან დაგვეხმარა და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. გუნდს კარგად შეეწყო, სასარგებლოა და გამარჯვებაში გვეხმარება, სხვა რა უნდა გააკეთოს (იცინის)?

- საქართველოს ნაკრები აღარ არის გუნდი, რომლის თამაშიც ერთ მოთამაშეზე იყო აწყობილი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მოედანზე გასვლა, ძირითადად, 7-8 კაცს უწევს. ფიზიკურად არ გაგიჭირდებათ?

- გასაგებია, რასაც გულისხმობთ. ნაკრებში ბოისა, ცქიტიშვილი და გამყრელიძე რომ ყოფილიყვნენ, უფრო ძლიერები ვიქნებოდით, სათადარიგოთა სკამიც უფრო "გრძელი" იქნებოდა და კალათბურთელებს დასვენების მეტი შესაძლებლობა ექნებოდათ, მაგრამ ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ნაკრებს, ყველა პოზიციაზე მაღალი დონის კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული, არ არის ერთ მოთამაშეზე აგებული და გუნდურ თამაშს აჩვენებს. ამიტომაც არის ასე რთული ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ თამაში.

- მომდევნო მატჩებისგან რას ელით?

- ჯერ არაფერია განაღდებული და ურთულესი მატჩები გველის. საკმარისია, რამდენიმე მატჩი წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსს დაკარგავ. ამიტომაც, ყველა მეტოქეს ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ.