სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

გასული კვირის სპორტული მოვლენები სპორტის ქართველი ქომაგისათვის სასიხარულო ნამდვილად არ ყოფილა.ჯერ იყო და, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სამი მოგებული მატჩის შემდეგ, მოულოდნელად, პირველი მარცხი, ანგარიშით 88:91, ჰოლანდიის ეროვნულ გუნდთან იწვნია. კალათბურთელებს არც ფეხბურთელები ჩამორჩნენ” და გორის "დილამ" პორტუგალიის "მარიტიმუსთან" ანგარიშით 0:1 გასვლით მარცხს შინაურიც (0:2) შემატა და ევროპული ფეხბურთი საქართველოს წარმომადგენლის გარეშე დარჩა.

ახლა იმედის თვალი უკვე სანაკრებო ფეხბურთისკენ გვაქვს მიპყრობილი, რადგან უკვე ამ კვირაში, პარასკევს საღამოს, საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სადებიუტო მატჩში ჯერ ბელარუსის ნაკრებს, ხოლო 11 სექტემბერს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გამოაქვეყნა ფეხბურთელთა გაფართოებული, 25-კაციანი, სია. საქართველოს ეროვნული გუნდი მატჩებისათვის მზადებას 3 სექტემბრიდან შეუდგება. ორივე შეხვედრა "დინამო არენაზე" ჩატარდება.

ნაკრების შემადგენლობა 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემაც დაასახელა. 6 სექტემბერს ჩვენი გუნდი უეფას 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით შეხვედრაში შინ ესტონეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

გასული კვირის ევროპის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენები კი უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევას და სუპერთასს უკავშირდებოდა.

ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე 32 საფეხბურთო კლუბი, ტრადიციისამებრ, რვა ჯგუფად გაანაწილეს, საიდანაც მერვედფინალურ ეტაპზე ასპარეზობას ჯგუფებში პირველ და მეორე პოზიციებზე გასული გუნდები გააგრძელებენ. ევროპის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ტურნირი სტარტს 18 სექტემბერს აიღებს. წინასწარი ვარაუდით, “"სიკვდილის ჯგუფად" ამჯერად D ჯგუფი შეიძლება შევრაცხოთ. აქ უდავო ფავორიტები მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" არიან. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევის ამბიცია შეიძლება  გაუჩნდეს გერმანიის უკვე ზედიზედ ორგზის ჩემპიონ დორტმუნდის“"ბორუსიასაც". იურგენ კლოპის ბიჭებს სულაც არ სურთ, შარშანდელი სეზონის მსგავსად,  ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე სტატისტის როლში აღმოჩნდნენ.

უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ კი, ტრადიციულად, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაც გაირკვა. ამ პრესტიჟულ ტიტულს ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეას ინიესტა დაეუფლა, რომელმაც ხმების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესისაც აჯობა.

აი, ევროპის სუპერთასის მატჩი კი ძალიან საინტერესო გამოდგა. ლონდონის "ჩელსიმ" მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ესპანურმა კლუბმა ლიგის შარშანდელი გამარჯვებული ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მატჩის გმირად ფალკაო იქცა, რომელმაც პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

არჩილ ბენაშვილი