სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

როგორი იყო გასული კვირის სპორტული მოვლენები? მთავარია, რომ ლატვიაში სტუმრად გამარჯვებით (73:70) საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა!

ფეხბურთელებმაც გაგვახარეს. ხუთშაბათ საღამოს ალექსანდრე ჩივაძის თავკაცობით 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში  ესტონეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ესპანეთისა და შვეიცარიის ნაკრებების შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

მომდევნო საღამოს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში, ჩვენი ნაკრების ბელორუსის გუნდთან მოგებამ კი როგორც ფეხბურთელები, ასევე  გულშემატკივარი, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან სათამაშოდ დადებითად განაწყო. იქამდე, ფიფა/კოკა-კოლას სექტემბრის რეიტინგი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველ გამარჯვებამდე თემურ ქეცბაიას გუნდი 86-ე ადგილზე იყო და ზუსტად ათი საფეხურით ჩამორჩებოდა ბელორუსიის ნაკრებს.

ფეხბურთის და კალათბურთისა არ იყოს, გასულ კვირას მოვლენები დაძაბულად ვითარდებოდა ძიუდოშიც. გაირკვა, რომ ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ერთ თვეში ეყოლება. ვაკანტურია ნაკრების მწვრთნელის ადგილიც. სავარაუდოდ, ამ ორივე პოსტზე არჩეული პირების ვინაობას 5 ოქტომბერს შევიტყობთ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი ტაილანდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატიდან ორი ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანა. შოთა გოგისვანიძე ახლოს იყო ზედიზედ ორგზის ჩემპიონობასთან, მაგრამ სამწუხაროდ 120 კგ წონით კატეგორიაში ფინალური შეხვედრა უნგრელ სპორტსმენ ბალინტ ლამთან წააგო.

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა კი მას შემდეგ, რაც ჯერ სერბებს დაუზავდნენ, ხოლო შემდეგ კი აზერბაიჯანელებთან დამარცხდნენ, სამწუხაროდ, სტამბოლში მიმდინარე ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილების მოპოვების შანსი დაკარგეს.

არჩილ ბენაშვილი