"როგორც იქნა ვნახე..." - კვირის პალიტრა

"როგორც იქნა ვნახე..."

საქართველო 1:0 ბელორუსი

როგორც იქნა ვნახე ქართველი ფეხბურთელები, სირბილი 90 წუთის განმავლობაში რომ შეუძლიათო - თემურ ქეცბაიამ ეს სიტყვები ბელორუსიასთან გამარჯვების შემდეგ თქვა. დავამატებთ: საქმე მხოლოდ გამძლეობაშიც არ არის - უკლებლივ ყველა ქართველი მოთამაშე ბოლომდე, თავდაუზოგავად იბრძოდა და ნაკრების წევრებისგანაც ხომ, უპირველესად, ამას ვითხოვთ?! სხვაფრივ, ჩვენი ნაკრების თამაშში ძალიან ადვილია "კარგად დავიწყებული ძველის" აღმოჩენა: ისევ ვუშვებთ ბავშვურ შეცდომებს, შეტევაც ძველებურად გვიჭირს და ცალკეული მოთამაშეების ეპიზოდური "გამონათებების" იმედად ვართ. ქეცბაიას ნაკრების ყველაზე ძლიერ რგოლად ყოველთვის დაცვა მიიჩნეოდა, მაგრამ ამჯერად მცველებმა (განსაკუთრებით - პირველ ნახევარში. - ავტ.) უჩვეულოდ ბევრი შეცდომა დაუშვეს და "თეთრ რუსებზე" მაღალი კლასის მეტოქე რომ გვყოლოდა, ძნელი სავარაუდოა, თუნდაც ასეთ კარგ ფორმაში მყოფ ლორიას გადავერჩინეთ.

დიდი ხანია, მივეჩვიეთ, რომ თითქმის ყველა შესარჩევი ციკლის წინ ახალი გუნდის "შენება" გვიწევს. მერე რა, რომ შექმნილ-აშენებული ჯერ არაფერი გვინახავს - კაცი იმედით ცოცხლობს და გვინდა, ეს იმედი ამჯერად მაინც მიუახლოვდეს რეალობას. შესარჩევ ქვეჯგუფში ჩვენს მეტოქეებს (ესპანეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ბელორუსია) რომ გადახედავ, ძნელია, ოპტიმიზმი შეინარჩუნო, მაგრამ ახლა იმ მოთამაშეთა ასაკს ვგულისხმობთ, ამჟამად რომ აცვიათ ეროვნული გუნდის მაისური. ნაკრები გაახალგაზრდავების გზას ადგას, ეს კი ისეთი "მარშრუტია", "პროექტის ავტორს" მომჩივან-მომდურავის ნაკლებობა ნამდვილად არ შეაწუხებს. აკი თქვა კიდეც ქეცბაიამ: მწვრთნელი ვარ და ის უნდა გავაკეთო, რაც გუნდისთვის არის კარგიო. ოღონდ, ისიც აღიარა, რომ ვეტერანები სხვა ფორმით იმსახურებდნენ "პენსიაზე გაშვებას"...

ძალიან კარგია, ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით რომ დაიწყო, თანაც - თავისივე "წონის" მეტოქესთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ბელორუსია იყო ის გუნდი, წინა შესარჩევ ეტაპზე საფრანგეთს რომ აართვა ოთხი ქულა; ამ ქვეყნის კლუბები ევროთასებზეც ღირსეულად ასპარეზობენ. სლავებს ამჟამადაც კარგი გუნდი ჰყავთ, ლიდერის - ალექსანდრ გლების არყოფნის მიუხედავად, უამრავი თავსატეხიც გაგვიჩინეს და გიორგი ლორიას დამაჯერებელი თამაში რომ არა, ვინ იცის, რა მოხდებოდა... თანაც, სტუმართა თავკაცმა სამივე ცვლილება ნაადრევად, მოთამაშეთა ტრავმის გამო გამოიყენა. ამიტომაც, რაც უნდა უკმაყოფილო ვიყოთ თამაშის ხარისხით, გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. მით უმეტეს, მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტუმრობამდე ოთხი დღით ადრე!

შეტევის ხაზზე ზემოთაც ვთქვით: აქ ძველებურად გვიჭირს და ლევან მჭედლიძის მოედნიდან გასვლის შემდეგ, ფაქტობრივად, უთავდამსხმელოდ დავრჩით. არასაკმარისად ეფექტიანად ვიყენებთ ფლანგის მოთამაშეებს. არადა, ამ პოზიციაზე თარგამაძესაც და ოქრიაშვილსაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ. მეტოქეთა შეტევის ჩაშლა რომ ეხერხებათ, ასეთი ფეხბურთელები საკმარისზე მეტი გვყავს, აი, შეტევის წამომწყების მოძებნა კი ჩვენს გუნდში ისევ პრობლემაა და აღარ უნდა გვიკვირდეს, რატომ გვიჭირს გოლების გატანა. მატჩის მთავარი "გამონათება" - თორნიკე ოქრიაშვილის გოლიც - მოთამაშის ინდივიდუალურ გარჯას მოჰყვა: ორი მცველი საოცარი მოძრაობით "მოასრიალა" და საბოლოო დარტყმაც "მესის სტილით" შეასრულა. მოგვიანებით თქვა კიდეც მატჩის მთავარმა გმირმა: ასეთი ეფექტიანი და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი გოლი პირველად გავიტანეო...

რა მოგვეწონა? ამაზეც უკვე ვთქვით: ყველა მოთამაშე ბოლომდე იბრძოდა, რამდენჯერმე შორიდან დარტყმაც ვცადეთ და ისიც სასიამოვნო სანახავი გახლდათ, გამარჯვების მაუწყებელი საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე შესული თემურ ქეცბაია ყველა მოთამაშეს სათითაოდ რომ გადაეხვია...

ბელორუსთან მოგება კარგი იყო - როგორც სატურნირო, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა, ქართული ფეხბურთის რეალურ სახეს ესპანეთთან მატჩი დაგვანახებს. 11 სექტემბერს გამოჩნდება, რა მანძილია ესპანეთამდე და მივდივართ თუ არა სწორი გზით... ასე რომ, სამშაბათს დიდი მატჩი იქნება - მოლოდინისა და მეტოქის ტიტულ-შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამიტომაც გადით და ითამაშეთ: კიდევ უფრო მეტი თავდადებით, მონდომებითა და ღირსების გრძნობით. და იმედია, წინა წლების მსგავსად, ქართველ ქომაგებს აღარ შეეშლებათ, რა ფერის მაისურით უნდა მივიდნენ სტადიონზე...