თორნიკე ოქრიაშვილი: ”ინიესტა დგას ჩემ წინ თუ რამოსი - არ მეშინია!” - კვირის პალიტრა

თორნიკე ოქრიაშვილი: ”ინიესტა დგას ჩემ წინ თუ რამოსი - არ მეშინია!”

გიორგი ლორია და ზურაბ ხიზანიშვილი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ, ესპანური პრესა კი საქართველოს ნაკრების მეკარით ”რეალისა” და ”ბარსელონას” დაინტერესებაზე ლაპარაკობს. თუმცა, ბოლო დღეების მთავარ გმირად მაინც თორნიკე ოქრიაშვილის დასახელება შეიძლება: 20 წლის ნახევარმცველმა პირველივე ოფიციალურ სანაკრებო მატჩში გაიბრწყინა და ულამაზესი გოლით საქართველოს ნაკრებს ბელორუსთან მოაგებინა, ოთხი დღის შემდეგ ისე უშიშრად ”დაძვრებოდა” ესპანელ ფეხბურთელებს შორის, თითქოს მსოფლიო დონის ვარსკვლავებს კი არა, მარიუპოლის ”ილიჩივეცის” დარ (ამჟამად დონეცკის ”შახტარიდან” სწორედ ამ უკრაინულ კლუბშია განათხოვრებული. - ავტ.) გუნდს ეთამაშებოდა. ბელორუსისთვის ოქრიაშვილის გატანილი ბურთი უეფამ კვირის საუკეთესო გოლად(!) დაასახელა. ქართველი ნახევარმცველის მინიშედევრი პოპულარულ ვებგვერდ www.tvgolo.com-ზე მიმდინარე გამოკითხვაშიც საგრძნობი სხვაობით ლიდერობს და მისთვის ხმის მიცემა ჯერაც შესაძლებელია (მის.: www.tvgolo.com). გარდა ამისა, თორნიკე ოქრიაშვილის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა: ესპანეთთან მატჩიდან ორ დღეში ახალგაზრდა ფეხბურთელი ვაჟიშვილის მამა გახდა! ”ოქრის” მარიუპოლში დავუკავშირდით და კარგ თამაშთან ერთად მამობაც ”ექსკლუზიურად”, ქართული გამოცემებიდან პირველად ჩვენ მივულოცეთ...

- მოლოცვისთვის დიდი მადლობა. ალექსანდრე 13 სექტემბერს დაიბადა და ისე გამაბედნიერა, რომ ბოლო დღეების ყველა წარმატება გადაფარა! ღვთის წყალობით სექტემბერი ბედნიერად დაიწყო ჩემთვის და იმედია, ასეც გაგრძელდება.

- გამარჯვების მომტანი გოლი ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ პირველივე ოფიციალურ მატჩში გაიტანეთ.

- გოლის შემდეგ საოცარი გრძნობა დამეუფლა, სიტყვებით ვერც გადმოვცემ... მით უმეტეს, გამარჯვების მომტანი ბურთი რომ აღმოჩნდა, ორმაგად ბედნიერი ვიყავი. პირველ ნახევარში კარგად ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ მეორეში ვიბრძოლეთ და მოვიგეთ!

- ბელორუსებთან გატანილი გოლის შემდეგ თავადაც თქვით, ასეთი ინდივიდუალური ოსტატობისა და მნიშვნელობის გოლი პირველად გავიტანეო.

- მცველები მოძრაობაზე დავიჭირე, ბურთი მეორე მხარეს გადავიტანე და...

- უეფამ თქვენი გატანილი ბურთი გასული კვირის (ინტერვიუ ჩაწერილია 15 სექტემბერს. - ავტ.) საუკეთესო გოლად აღიარა.

- ძალიან მიხარია, რომ აღიარეს, რადგან მართლა ლამაზი გოლი გამომივიდა. რამდენიმე მეტოქე სხვა დროსაც მომიტყუებია და არანაკლებ ეფექტიანი ბურთებიც გამიტანია, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი - არასდროს.

- ალბათ, ბელორუსთან კარგმა თამაშმა ესპანეთთან თავდაჯერება შეგმატათ.

- რა თქმა უნდა, უფრო თავდაჯერებული გავედით მოედანზე. თან ესპანეთი ისეთი გუნდია, აზრი არც აქვს, დაიძაბები თუ არა (იცინის). ვიბრძოლეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ გავძელით და დავმარცხდით. წაგება ყოველთვის არასასიამოვნოა, მაგრამ ჩვენმა გულშემატკივარმა დაინახა, რომ ბრძოლა და თავდადება შეგვიძლია.

- ესპანეთის ნაკრების შეჩერებას იტალია და გერმანია ვერ ახერხებენ, მაგრამ საინტერესოა, რა დაგავალათ ესპანეთთან მატჩის წინ თემურ ქეცბაიამ?

- ესპანეთზე, ფაქტობრივად, არც ულაპარაკია, გარდა იმისა, რომ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ისედაც ყველამ იცის, რა დონის გუნდია და რა ფეხბურთს თამაშობს. ბიჭებო, გავიდეთ და ხალხს, რომელიც სტადიონზე მოვიდა, დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ უნდა გვიგულშემატკივროს და არა ესპანეთს. გავედით და რაც შეგვეძლო, ვიბრძოლეთ. თამაშის შემდეგ ფაბრეგასმა უთხრა ზურა ხიზანიშვილს, როცა ასე, დაცვიდან გვეთამაშება გუნდი, დიდი ანგარიშით ვუგებთ, მაგრამ თქვენ ვერაფერი მოგიხერხეთ, ასე რამ გადაგრიათ, საჯარიმოში ვერ შემოვდიოდითო (იცინის).

- კი ვამბობთ, რომ თამაში ყველასთან შეიძლება და ესპანელი ფეხბურთელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ თქმა ერთია, ხავის, ინიესტას, ალონსოს, კასილასის წინააღმდეგ თამაში კი - მეორე...

- ძნელი როგორ არ არის, მაგრამ ისინიც ხომ ჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან, მართლაც უცხოპლანეტელები ხომ არა? სხვათა შორის, ესპანელთა უმეტესობამ ისეთი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, როგორსაც ველოდი. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, თორემ ინიესტა, ხავი, სილვა და სხვები მართლაც უცხოპლანეტელები არიან. იმავეს ვერ ვიტყვი, მაგალითად, ბუსკეტსზე, არბელოაზე და ა.შ.

- რამდენჯერმე ისე უშიშრად გაძვერით ესპანელ მცველებს შორის, კოჭებში გეტყობათ, მოედანზე ავტორიტეტებს არ ცნობთ.

- თამაშის დაწყებამდე ბევრს ვფიქრობ და ვნერვიულობ ხოლმე, მაგრამ გავალ თუ არა მოედანზე, აღარაფრის მეშინია: არც მეტოქის, არც შეცდომის ან ბურთის დაკარგვის. ბურთი თუ არ დაკარგე, რაღა ფეხბურთია?! ინიესტა დგას ჩემ წინ თუ სერხიო რამოსი, მნიშვნელობა არა აქვს - არ მეშინია!

- ასეთი თამაშების შემდეგ, მეტოქე გუნდის ვარსკვლავებთან მაისურის გაცვლის მსურველთა რიგი დგება ხოლმე, ესპანეთთან მატჩის მერე კი მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა.

- პირადად მე არავისთან მისვლის სურვილი არ გამჩენია. მით უმეტეს, წაგებული მატჩის შემდეგ. ფრე მაინც რომ გვეთამაშა, შესაძლოა, გამეცვალა კიდეც ვინმესთვის მაისური, მაგრამ ამის ხასიათზე არ ვიყავი: გამოვედი და ჩემი მაისური ქართველ ქომაგებს ვუსახსოვრე.

- მატჩის შემდეგ რა გითხრეს თანაგუნდელებმა?

- კონკრეტულად ჩემზე არაფერი თქმულა და სიმართლე გითხრათ, არც მინდოდა, ვინმეს გამოვერჩიე, მთელმა გუნდმა თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ და ქებას თუ საყვედურს თანაბრად ვიმსახურებდით. ბელორუსთან მატჩის შემდეგ სხვებზე ხშირად მე რომ მახსენებდნენ, ბუნებრივიც არის - გამარჯვების მომტანი ბურთი მე გავიტანე. აი, ესპანეთთან კი განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. თანაც, ბოლო წუთებზე წაგებამ ხასიათი ყველას გაგვიფუჭა.

- აუცილებლად უნდა ვახსენოთ სტადიონზე არსებული საოცარი ატმოსფეროც: ალბათ, ამდენი მაყურებლის თვალწინ პირველად ითამაშეთ.

- ასე გადავსებული ტრიბუნების წინ მართლაც პირველად ვითამაშე. თანაც, ძალიან აქტიურად გვქომაგობდნენ, მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულან. ქომაგების გამამხნევებელი შეძახილები რომ მესმოდა, ახალი ენერგიითა და საბრძოლო ჟინით ვივსებოდი და ასე იყო მთელი გუნდი. ასეთი მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი ტრიბუნაზე თუ კიბის საფეხურზე მსხდომ თითოეულ ქომაგს, ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე თუ ტელეეკრანთან გვქომაგობდნენ.

- ბევრისგან მომისმენია, რომ სექტემბრის მატჩებმა საქართველოს ნაკრების ახალი ლიდერი გვაჩვენა: თორნიკე ოქრიაშვილი.

- ასეთი შეფასება ფეხბურთელისთვის დიდი სტიმულია. ვეცდები, უფრო მეტი ვიშრომო და მოლოდინი გავამართლო.

- ყურადღების ცენტრში ყოფნა და ქება-დიდება ახალგაზრდა ფეხბურთელზე ცუდად ხომ არ იმოქმედებს?

- შიშობთ, თავში არ ამივარდეს? ასეთი რამ გამორიცხულია! პირიქით, როცა ვიცი, რომ ჩემი ეიმედებათ, მეტად მოვინდომებ - ნაკრებშიც და კლუბშიც.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ლორიამ უკვე დააინტერესა ესპანური კლუბები. ბელორუსსა და ესპანეთთან მატჩების შემდეგ, თქვენი შეძენის მსურველთა რიცხვიც გაიზრდებოდა.

- ჩემმა მენეჯერმა ბესო ჩიხრაძემ მითხრა, რომ სექტემბრის მატჩების შემდეგ ჩემით დაინტერესებულ კლუბთა რიცხვი გაიზარდა. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რომელ კლუბებზეა ლაპარაკი. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ სამი თვეა. მენეჯერს რამდენიმე დღეში შევხვდები და უფრო კონკრეტული ინფორმაციაც ამის შემდეგ მექნება. სხვათა შორის, ჩემი დაბრუნებით ”შახტარიც” დაინტერესებულია და ვნახოთ.

- შენი სანაკრებო მატჩები უკრაინელმა თანაგუნდელებმა თუ ნახეს?

- ორივე თამაშს უყურეს და ძალიან ამაყობენ, ასეთი თანაგუნდელები რომ ჰყავთ (იცინის). ჩემი გოლით ყველა აღფრთოვანებულია და ეს ძალიან მიხარია! მე და დათოს (დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი ”ილიჩივეცშიც” თანაგუნდელები არიან. - ავტ.) კლუბში ძალიან კარგად დაგვხვდნენ.

- აშკარაა, რომ ორი ქართველი მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც კარგად უგებთ ერთმანეთს.

- რა თქმა უნდა. ”თაგვი” (თარგამაძის მეტსახელია. - ავტ.) ჩემი შვილის ნათლიაა და საუკეთესო მეგობრები ვართ. როცა უცხო ქვეყანაში თამაშობ, თანამემამულის და მით უმეტეს - მეგობრის გვერდით ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.

- რა არის თორნიკე ოქრიაშვილის საფეხბურთო ოცნება?

- სიმართლე გითხრათ, ასეთ რაღაცებზე დიდად არ ვფიქრობ - ჩემთვის მთავარია, მოედანზე გავიდე და თამაშით სიამოვნება მივიღო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, 20 წლისას ეროვნულ გუნდში თამაშის პატივი თუ მექნებოდა და ახლა, როცა ეს ოცნება ამიხდა, მინდა, კარგი თამაშით ქართველი ქომაგები უფრო გავახარო.