ფულადმა ჯილდოებმა ოლიმპიელებამდე ვერ მიაღწია... - კვირის პალიტრა

ფულადმა ჯილდოებმა ოლიმპიელებამდე ვერ მიაღწია...

ცოტა ხნის წინ გორში ოლიმპიური ჩემპიონის, ერთადერთი ქართველი ოქროსმედალოსნის - ლაშა შავდათუაშვილის ოჯახმა დიდი წვეულება გამართა. სტუმრებს შორის იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რომლისგანაც იქ შეკრებილთ გამარჯვებულთა ქება-დიდების მოსმენა კი ესიამოვნათ, მაგრამ ისიც აინტერესებდათ, მათთვის რა რაოდენობის ფულადი პრემიის გადაცემას აპირებს სახელმწიფო. ვარძელაშვილმა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ხალხის ცნობისმოყვარეობა და როგორც ამბობენ, განსხვავებული სასმისით ხელში, განაცხადა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი 100 000 ლარს მიიღებს, ვერცხლის მედალოსანს 250 000 ლარი ერგება, ოქროს მედალოსნისთვის დადგენილი პრიზის ოდენობას კი ვერ გაგიმხელთ, სანამ პრიზებს ჩემპიონებს არ გადავცემთო.

იმ დღეს არავინ შეიმჩნია, მაგრამ ვარძელაშვილის დაპირებამ ეჭვი გააჩინა - ხელისუფლება ფეხს ითრევს და ფულადი ჯილდოს გაცემა არ უნდა, ან უნდა, მაგრამ იმდენი ფული არ აქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიას მოაკლოს და ჩემპიონებს გადასცეს. ხელისუფლება პრიზებს გასცემს, მაგრამ, ალბათ, ფულს ეტაპობრივად გადაიხდის, ან არჩევნების დასრულების შემდეგ სტიქიით დაზარალებული კახელების საკომპენსაციო თანხის მსგავსად, ამ ფულსაც ბიძინა ივანიშვილს გადაახდევინებენო.

”კვირის პალიტრა” შეეცადა, სპორტსმენებისგან მიეღო ინფორმაცია, მაგრამ ისინი საუბარს თავს არიდებენ. ამბობენ, რომ ფული ჯერ არ აუღიათ და არც ის იციან, მათთვის რა თანხის გადაცემას აპირებს ხელისუფლება.

ოლიმპიელების ფულადი დაჯილდოების თემა თავიდანვე მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ჯერ იყო და, ინფორმაცია გავრცელდა, სახელმწიფო ოლიმპიური ჩემპიონების დასაჩუქრებას მსოფლიოში ყველაზე დიდი საპრიზო თანხით აპირებს - ოქროს მედალოსანს 1 200 000 ლარი გადაეცემაო, რაც კატეგორიულად უარყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ. ”ვადასტურებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული ინდივიდუალური და გუნდური სახეობის სპორტსმენებისთვის სახელმწიფოს ნამდვილად აქვს გათვალისწინებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოები, თუმცა ამ ჯილდოს კონკრეტული ოდენობა თითოეული სპორტსმენისთვის განისაზღვრება მიღწეული შედეგებით და მედლების საერთო რაოდენობით. შესაბამისად, 2012 წლის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოს ოდენობა ცნობილი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჯერ კიდევ ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს გავრცელდა.

ახლახან პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძემაც დაადასტურა დაპირება, რომ ქართველ სპორტსმენებს წარმატება დაუფასდებათ და ფულადი პრემიები აუცილებლად გადაეცემათ, თუმცა პრიზების ოდენობასა და გაცემის ვადებზე არც მას უთქვამს რამე.

კულუარული ინფორმაციით, ამ მიზნით ორი მილიონი ლარი უნდა გამოყოფილიყო, რადგან ერთ-ერთ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი ოლიმპიადაზე წამსვლელ სპორტსმენებს დაჰპირდა, წინა საპრიზო ფონდს გავაორმაგებო.

ცნობისათვის, წინა ოლიმპიადის თითოეულმა ჩემპიონმა 1 მილიონი ლარი მიიღო სახელმწიფოსგან და საპრეზიდენო ფონდიდან.

”კვირის პალიტრა” ზუსტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ პრიზების გაცემა მართლაც დაბრკოლდა, რადგან მოულოდნელი პრობლემები შეიქმნა - ოლიმპიელების საპრიზო თანხის დეფიციტი კახეთში მომხდარ სტიქიას დაუკავშირეს. არადა, როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ პოლიტიკური მოძრაობა ”ქართული ოცნების” ლიდერმა 80 მილიონი ლარი გაიღო, რაც ოპოზიციური პარტიების ვარაუდით, კახელებსაც უნდა ჰყოფნოდათ და ოლიმპიელებსაც უნდა დაემშვენებინათ ხელი. ”საპრიზო თანხა აუცილებლად გადაეცემათ არა მხოლოდ ჩემპიონებს, მათ მწვრთნელებსაც; ასევე იმ სპორტსმენებს, ვინც მეოთხე და მეხუთე ადგილზე გავიდა. თანხის ოდენობა ბიუროკრატიული პროცედურების გამო ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული; ეს, ალბათ, უახლოეს ხანებში გვეცოდინება. ფული, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ გაიცემა”, - განაცხადეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ოქრო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, ვერცხლის მედლები - რევაზ ლაშხმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და დავით მოძმანაშვილმა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ გიორგი გოგშელიძე, მანუჩარ ცხადაია და დავით მარსაგიშვილი. საქართველომ ოლიმპიადა შვიდი მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში, მექსიკასთან ერთად, 39-ე ადგილზე გავიდა.