"ჩემს საქმეში არ ჩაერიოთ!" - კვირის პალიტრა

"ჩემს საქმეში არ ჩაერიოთ!"

სახელის მოხვეჭას, ხალხის სიყვარულის მოპოვებას წლები სჭირდება. მაგრამ საკმარისია, ერთხელ დაგიცდეს ფეხი, ერთი შეცდომა დაუშვა და... ხუხულასავით ჩამოიქცევა შენი სახელიცა და წარსულიც. ეს ხომ საქართველოა, აქ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ (და წარსულ დიდებას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიგონებთ, თავის მოწონება თუ გვინდა ვინმესთან) დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია ცოტათი შორს გახედვას და თანაც, ეს კვერცხი მაინცდამაინც ცხელ-ცხელი თუ არ მოგვართვეს, მსწრაფლვე ახალი "მომტანის" ძებნას ვიწყებთ...

თემურ ქეცბაიამ ეს ყველაფერი კარგად იცის. დღეს ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელია. წინადადებაც არაერთი აქვს და გაცილებით დალაგებულ და აწყობილ გუნდში შეეძლო მუშაობის გაგრძელება, თუმცა... "თითოეული ჩვენგანი ელის იმ შანსს, იმ მომენტს, როცა შესაძლებლობა მიეცემა რაღაცით მაინც გამოადგეს საკუთარ ქვეყანას. მეც მომეცა ეს შანსი. ჩემთვის ეს საქმე დიდი პასუხისმგებლობაა", - ამბობს ქეცბაია და ამით ყველაფერია ნათქვამი. მას სხვაგვარად არ შეუძლია -  სამშობლოსთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ისე, როგორც ყოველთვის იხარჯებოდა ფეხბურთელობისასაც - კლუბშიც, ნაკრებშიც, გულშემატკივართანაც...

გასული კვირის მიწურულს, თემურ ქეცბაია ოფიციალურად წარადგინეს საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე. ხელშეკრულება ორწლიანია - ის ძალაში 2010 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს... და რა არის ორი წელი? მართალი ხართ, - დაქცეული ქართული ფეხბურთისთვის ხელის დასატყობად ძალზე მცირე დროა და ეს წინა შესარჩევი ციკლის დროსაც გამოჩნდა. თუმცა, თუ კუპერს ეს პერიოდი ქართველი ფეხბურთელებისა და მათი ხასიათის გასაცნობადაც ძლივს ეყო, ქეცბაია ამ მხრივ გაცილებით წინ არის...

სიმართლე გითხრათ, დღეს, ამ ვითარებაში თემურ ქეცბაია ნამდვილად არ მემეტება საქართველოს ნაკრებში სამუშაოდ. მით უმეტეს, ამდენი წარუმატებლობის შემდეგ, გულშემატკივარი მას ქართული ფეხბურთის (სანაკრებო დონეზე მაინც) გადამრჩენლის სტატუსით იღებს და დიდი შანსია, დღევანდელ კვერცხს დანატრებულმა ხვალინდელი ქათამიც მალე დაივიწყოს და რაც მთავარია, ქეცბაიას დამსახურებაც... ამიტომ ვამბობ, - არ მემეტება-მეთქი, მაგრამ... გულის სიღრმეში შერჩენილი ნაპერწკალი მაინც თავისას ითხოვს - იქნებ, ახლა მაინც...

მიუხედავად იმისა, რომ იცის, რა ვითარებაში მოუწევს მუშაობა, თემურს საკუთარი პრესტიჟის სასწორზე შეგდებისა არ ეშინია. ახალ გამოწვევას შეეჭიდა და იმიტომ. შესაძლოა, ცხოვრებაში ყველაზე დიდ გამოწვევასაც კი... საქართველოს ნაკრებს ხომ მასზე გაცილებით გამოცდილი სპეციალისტები მოუნელებია... მაგრამ მოგეხსენებათ, მწვრთნელი ამბიციური თუ არ არის, კაპიკია მისი ფასი. ამიტომაც, თემურ ქეცბაიას მაინც ყველაზე მეტი შანსი აქვს, წარმატებული მწვრთნელის იარლიყი საქართველოს ნაკრებში მუშაობის შემდეგაც არ მოიშოროს.

როგორ? ჯერ ერთი, ის მოვლენებს რეალურად აფასებს (ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებასაც და ნაკრების ფეხბურთელთა შესაძლებლობებსაც) და არათუ 2012 წელს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას ოთხ ან ექვს წელიწადშიც არ იქადნება. მერე კიდევ, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, საკუთარი პრინციპები აქვს, მკაცრიც არის და ფეხბურთელს გუნდში გვარ-სახელის კი არა, სათამაშო კონდიციების მიხედვით იძახებს. და თუ არ ჩამოვიდა, ან "სავიზო პრობლემების გამო" შეაგვიანდა? "ფეხბურთელს რომ დავურეკავ, სანამ ყურმილს დავკიდებ, უკვე აქ უნდა იყოს!" - ასეთია საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის პოზიცია...

დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ბევრი რამ ახლა ქვეყანაზეცაა დამოკიდებული. დროა, ხელისუფლებამ პირობა შეასრულოს, ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებაზე რეალურადაც იზრუნოს და მხოლოდ "თავისი კაცების მიყვანით" არ შემოიფარგლოს. ფეხბურთისთვის ხელშეწყობაში ინფრასტრუქტურის განვითარება, ფეხბურთში ფულის ჩადების მსურველთა მოზიდვა იგულისხმება, თორემ თემურ ქეცბაიას მთავარი მოთხოვნა ასე გამოიყურება: "ჩემს საქმეში არ ჩაერიოთ!"

არავის აქვს ილუზია, რომ ახალი წლიდან საქართველოს ნაკრები ციდან ვარსკვლავების წყვეტას დაიწყებს. თუმცა, თუ ეროვნული გუნდის ყველა ფეხბურთელი ისეთივე თავდადებით იბრძოლებს მოედანზე, როგორც მათი ახალი თავკაცი იხარჯებოდა ფეხბურთელობისას, იქნებ, შედეგიც მოვიდეს - "ოთხი ან ექვსი წლის შემდეგ" მაინც...