სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

მძიმე იყო ჩვენი საზოგადოებისათვის გასული კვირა და, ბუნებრივია, იგი სპორტულ სამყაროსაც შეეხო. სპორტსმენების დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებისადმი აბსოლუტურად მსგავსია საზოგადოების უდიდესი ნაწილისა. იგი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრთა განცხადებით შეიძლება გამოიხატოს: "ქართველი მორაგბეები გმობენ ადამიანების უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტს, პიროვნების შეურაცხყოფის, წამებისა, თუ დამცირების თითოეულ ქმედებას. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ძალადობის ყველა მსხვერპლს და მათ ოჯახებს. ვისურვებდით, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საშინელება არასოდეს განმეორებულიყოს".

ევროპა კი ამასობაში ზეიმობს. საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის დებიუტს ხომ დიდი ინტერესით ელის გულშემატკივარი. პირველი ტურის მატჩებმა ნამდვილად გაამართლა. ორი დღის განმავლობაში საკმაოდ დრამატული მატჩები ვიხილეთ. გამორჩეულად საინტერესო იყო ლონდონის "ჩელსისა" და ტურინის "იუვენტუსის", აგრეთვე მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" მატჩები. გულშემატკივრის მოლოდინი ორივე შეხვედრამ გაამართლა, რაც არა მარტო გატანილი გოლების რაოდენობაზე, არამედ თამაშის ხარისხზეც აისახა.

როდესაც პირველი ტაიმის 31-ე და 33-ე წუთებზე ოსკარმა დუბლი შეასრულა, ფეხბურთის მრავალმა მოყვარულმა მატჩის ბედი გადაწყვეტილად ჩათვალა, თუმცა, ასე სულაც არ ფიქრობდნენ გასული სეზონის იტალიის სერია A-ს დაუმარცხებელი ჩემპიონები. ჯერ ვიდალმა, შეხვედრის 38-ე წუთზე, ხოლო შემდეგ კი მე-80 წუთზე კვალიარელამ მატჩის საბოლოო შედეგი - 2:2 დააფიქსირეს და კიდევ ერთხელ გვიჩვენეს "ბებერი ქალბატონის" უდრეკი სული.

მადრიდის "რეალმა" მატჩის გადარჩენა შეხვედრის ბოლო წუთებზე შეძლო, როდესაც ჯერ ბენზემამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დამატებულ წუთებზე კი კრიშტიანუ რონალდუმ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და მასპინძელთა სასარგებლოდ 3:2 მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

მსგავსი სცენარით წარიმართა "ბარსელონასა" და მოსკოვის "სპარტაკის" შეხვედრაც. მდევრის როლში მყოფ მასპინძელთა გმირად ლეო მესი იქცა, რომლის დუბლმაც კატალონიურ კლუბს 3:2 გამარჯვება მოუტანა. საინტერესო აღმოჩნდა მიუნხენის "ბაიერნისა" და ესპანური "ვალენსიის" დაპირისპირება, რომელშიც მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით 100%-იანი მაჩვენებლის მქონე იუპ ჰაინკესის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა, ხოლო “მილანს” კი სან-სიროზე ჩატარებულ ზედიზედ მესამე მატჩში გოლი ვერ გაუტანია. სილვიო ბერლუსკონის მიერ გასაყიდად გამზადებული "როსონერი", ბელგიის "ანდერლეხტს" ფრედ 0:0 ეთამაშა.

ქართველი ქომაგისათვის სასიხარულო ამბად ჯაბა კანკავას გუნდის დებიუტი იქცა ევროპის ლიგაზე. დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" ჰოლანდიის პსვ-ს უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით - 2:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 83-ე წუთიდან შევიდა, როდესაც "დნიპრო" სახელოვან მეტოქეს უკვე ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა.

გასულ კვირას ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" ვუელე პეზაროს" (87:69) დამარცხებით ბელაველიას მემორიალი მოიგო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 10 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა და მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ იქცა.

არჩილ ბენაშვილი