ზურაბ ხიზანიშვილი: "თუ პირველი პირი არ წავიდა, ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება!" - კვირის პალიტრა

ზურაბ ხიზანიშვილი: "თუ პირველი პირი არ წავიდა, ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება!"

ვიტო კოლელიშვილი: "აღსდექ, საქართველო!"

საქართველოში გასულ კვირას დატრიალებული მოვლენები ნებისმიერი პროფესიის ადამიანს მტკივნეულად შეეხო. ციხეში ძალოვანთა სადიზმს არც სპორტსმენები დაუტოვებია გულგრილი და თითქმის ყველა მათგანმა პრესით, ტელევიზიით თუ სოციალური ქსელის მეშვეობით დაგმო ეს საშინელება, რომელიც მარცხიანმა სისტემამ კიდევ ერთ სირცხვილად თავს დაატეხა ჩვენს სამშობლოს.

ყველაზე მწვავედ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ექსკაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ თუ პირველი პირი არ წავიდა, ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება: "ამაზე თვალის დახუჭვა წარმოუდგენელია, თუ არა ხარ ისეთივე, ვინც ამას აკეთებდნენ. კალმახელიძის, ახალაიას ან თუნდაც მერაბიშვილის გადადგომა საკმარისი არ არის. უპირველესად პრეზიდენტი უნდა გადადგეს! ნაკრებში ყველა ერთ აზრზე ვართ, ამას ყველა ფეხბურთელის სახელით ვამბობ".

მართალია, ნაკრების წევრი აღარ არის, მაგრამ რეაგირება ამ საშინელებაზე არც გერმანული "ბოხუმის" ფორვარდს, ალექსანდრე იაშვილს დაუყოვნებია: "სამწუხაროდ, შორიდან მიხდება იმ ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა, ვინც ასეთ არაადამიანურ დღეში აღმოჩნდნენ. სასტიკად უნდა დაისაჯოს ყველა, ვისაც ამ სამარცხვინო ვითარების შექმნაში მიუძღვის წვლილი, იდეოლოგებიდან ჯალათებამდე! რაც მოხდა, ყველა ჩვენგანის, თითოეული ქართველის ღირსების გათელვაა".

პოლონეთში მოთამაშე ქართველმა თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა კი მხოლოდ ერთი წინადადებით გამოხატა აღშფოთება და გულისტკივილი: "პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!"

გურამ კაშია, ჰოლანდიის "ვიტესის" კაპიტანი: "თბილისში რომ ვიყო, აქციაზე გავიდოდი".

გიორგი ჭანტურია, "ვიტესის" თავდამსხმელი: "ოჯახის წევრი, ნათესავი ან ახლობელი ყველას ჰყავს პატიმარი და ყველამ ვიცოდით, რომ ასეთი რამეები ხდებოდა, მაგრამ ნანახმა შემძრა. არ დავიწყებ იმ პირების ლანძღვა-გინებას, ვინც ამას სჩადიოდა. ღმერთი ყველაფერს ხედავს და ერთი ათად გადაუხდის. სულითა და გულით მინდა ახლა თბილისში ვიყო და ჩემს მეგობრებსა და ქართველ ხალხთან ერთად აქციაზე ვიდგე. საჯაროდ არასოდეს გამომითქვამს აზრი პოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ ახლა 100%-ით ვუჭერ მხარს "ქართულ ოცნებას".

ირაკლი სირბილაძე, საქართველოს ნაკრების წევრი: "გაგიჟებული ვარ! ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. დროა, მთელი საქართველო გამოვიდეს და ფეხზე დადგეს სიმართლის დასაცავად. ქართველებო, თქვენ გვერდით მიგულეთ!"

გულისტკივილი კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამაც გამოხატა და, ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მისი სიტყვები ნაკრების წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციაც არის. ისიც ლაკონიური, მაგრამ კატეგორიული გახლდათ: "ამ კადრების ნახვის შემდეგ არ შემიძლია აღშფოთება არ გამოვხატო. ვგმობ ძალადობას და თანავუგრძნობ პატიმართა ოჯახებს".

რასაკვირველია, მომხდარს გამოეხმაურნენ მორაგბეებიც: "საქართველოს რაგბის კავშირი იუნისეფთან ერთად 2011 წლის აპრილიდან ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია არასრულწლოვან მსჯავრდადებულთა რეაბილიტაცია და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში რაგბის მეშვეობით. ჩვენ ვცდილობდით წვლილი შეგვეტანა ამ ბიჭების სწორ გზაზე დაყენებაში.

მათი სარაგბო კლუბებში განაწილებით პასუხისმგებლობას ვიღებდით მათ მომავალზე. ამ ფონზე კიდევ უფრო ამაზრზენი და შემაძრწუნებელია პატიმართა წამების, დამცირებისა და ღირსების შელახვის ფაქტების ნახვა, მით უმეტეს, არასრულწლოვანებისა. საქართველოს რაგბის კავშირი კატეგორიულად გმობს მომხდარს და მოითხოვს ყველა დამნაშავის სათანადოდ დასჯას!"

ეს ციტატები მცირე ჩამონათვალია იმ აურაცხელი გამოხმაურებიდან, რაც ქართველი სპორტსმენების აღშფოთებას მოჰყვა. თუმცა, ხელისუფლების მრავალწლიანმა მცდელობამ, პარტიული ინტერესებითა და პირადი სიმპათია-ანტიპათიის გათვალისწინებით ქართულ სპორტსაც დააჩნია მსახვრალი კვალი. გახლეჩილი და დაყოფილია თითქმის ყველა ფედერაცია და სპორტის სახეობა. სპორტსმენთა ნაწილი მისაღებია, ნაწილი კი - მტერი(?!).

ეს ყველაფერი არჩევნების წინ არ დაწყებულა, როგორც ხელისუფლება ფუთავს. გაიხსენეთ, რა მოხდა  წლების წინ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე, როდესაც ახალარჩეული პრეზიდენტი გიორგი ნემსაძე ორიოდ საათში ვიღაც "უხილავი" მბრძანებლის” განკარგულებით გადააყენეს. ამით მიაფურთხეს ფიფასაც, ქართულ ფეხბურთსაც და ქართველ გულშემატკივარსაც. ბევრმა აღზევებულმა დილეტანტმა, რომლებსაც ფეხბურთი მხოლოდ ტელევიზიით ჰქონდათ ნანახი და ბურთთან შეხების ოცნებას მხოლოდ მინიმოედნების გახსნისას, ცარიელ კარში გატანილი გოლისას იხდენდნენ, იყნოსეს, რომ საფეხბურთო ტრანსფერებში მილიონები ტრიალებდა და ამ სფეროზე ტორის დადება არ დაუყოვნებიათ. რაც მივიღეთ, ყველა ხედავს: ქართული ფეხბურთი იმ დონეზე დაეშვა, რომ თუნდაც ესპანეთთან, შინაურ კედლებში, ბურთის აუტში უმისამართოდ მოგერიება გულშემატკივრის აღფრთოვანებას(?!) იწვევს. იმედია, არ მიწყენენ გულშემატკივრები და მით უმეტეს, ნაკრების ფეხბურთელები (რომლებმაც მართლაც თავდადებით იბრძოლეს მსოფლიო ჩემპიონებთან) და მიმიხვდებიან, თუ რას ვგულისხმობ. მე იმ თაობისა ვარ, რომელსაც ამ სტადიონზე უნახავს ქართული ფეხბურთის ზეობა და მასთან მებრძოლი მსოფლიო გრანდები, რომლებიც იქით ზრუნავდნენ აუტში ბურთის მოშორებაზე და თუნდაც დღევანდელ ესპანეთის ნაკრებს ძალიან გაუჭირდებოდა თავისი პრესტიჟის დაცვა დიდი ნოდარ ახალკაცის გუნდთან. დამაბრალონ წარსულში დაბრუნების მცდელობა და აგენტობა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ამ ესპანეთს ახლაც არ ჰყავს ყიფიანის, გუცაევისა და ჩივაძის დონის ფეხბურთელები(!). ვისაც არ გაგიგიათ ამის შესახებ არაფერი, გეტყვით, თუ რა დღეში ჩააგდო თბილისის "დინამომ" 1981 წელს იმდროინდელი ესპანეთის გრანდი, მადრიდის "რეალი" მისივე სტადიონზე და როგორ გაექცა სირცხვილს ფანების თვალწინ მიუნხენის "ბაიერნი", როცა ქართველებმა მათ ბურთი "დაუმალეს".

სამწუხაროდ, დილეტანტების ჯირითმა ქართული ფეხბურთი დაბალ დონეზე დაიყვანა და როდის ამოვალთ ამ ორმოდან, ჯერაც არავინ უწყის. ასე იქნება მანამ, ვიდრე აღმასკომში გვეჯდება მერიის დასუფთავების თუ ზედამხედველობის სამსახურის (რა მნიშვნელობა აქვს, რომელი!) ჩინოვნიკი და ვიდრე გვეგონება, რომ ფეხბურთის აშენება ეროვნული ნაკრებიდან უნდა დაიწყოს და არა პირამიდის ფუნდამენტიდან, რომელსაც ბავშვთა ფეხბურთი ჰქვია.

განა ასევე არ დაშალეს და გახლიჩეს ძიუდოს ფედერაცია? ჩვენი გუნდი ხაბარელის მწვრთნელობის დროს მსოფლიოს საუკეთესო გუნდად აღიარეს! რა მიიღეს სანაცვლოდ? მხოლოდ მართლაც უნიჭიერესი ყმაწვილის, ლაშა შავდათუაშვილის საოცარი თავგანწირვით მოგებული ოლიმპიადა. დანარჩენების გამოსვლა მხოლოდ წვალება იყო და ამის ჭეშმარიტი მიზეზიც უნამუსოდ შეიფუთა(!).

აგერ, კალათბურთელებმაც თავი გადადეს, ღირსეულად იბრძოლეს და გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ იმდენი მოახერხეს, რომ ეს გუნდიც დაშლის საშიშროების წინაშეა. უცერემონიოდ მოისროლეს სამი გამოცდილი კალათბურთელი და სათადარიგოთა სკამი ისე დაუპატარავეს ნაკრებს, რომ არაქათი გამოაცალეს ნაკრების ძირითად წევრებს. რატომ? არც ამაზე აქვს ვინმეს სრულფასოვანი პასუხი, - "ასე ვთვლით საჭიროდ და იმიტომ(?!)".

და ასე იქნება მანამ, ვიდრე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი მტრად გეყოლება და მდუმარე ტაშის დამკვრელი "ჯიგრად". ყველას გვახსოვს ათენიდან ტრიუმფით დაბრუნებული, პრეზიდენტთან ხელგადახვეული ზურაბ ზვიადაური, რომელიც ხელისუფლებამ გმირად შერაცხა. დღეს ის მტერია(?!), მისი ბანერები ყველგან ჩამოხეულია, თვით ახმეტაში მისი სახელობის დარბაზი სახელჩამორთმეულია.

P.S. ზემოთ ლადო დვალიშვილის სიტყვები მოვიყვანეთ: "პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!" შერცხვენილი ვართ ყველა ამ დილეტანტიზმის თარეშით - პატიმრებიც, სპორტსმენებიც და სხვა სფეროს ხალხიც.

გამოსავალი მხოლოდ აღშფოთება არ არის. ახლა ის გვჭირდება, რაც გასულ კვირას ვაჟკაცმა ქართველმა მორაგბე ვიტო კოლელიშვილმა თქვა ყველა ქართველის გულისნადებივით: "აღსდექ, საქართველო!"

იხილეთ ვიდეო: "პირველ რიგში უნდა გადადგეს პრეზიდენტი" - ზურაბ ხიზანიშვილი