სპორტული კვირის პალიტრა
სპორტული კვირის პალიტრა
ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარება, ბუნებრივია, ეროვნულ სპორტზეც პოვებს ასახვას. იმედია, უკვე მომდევნო კვირის ნომერში ქართველი სპორტსმენიცა და გულშემატკივარიც გაცილებით მშვიდად გადაშლის ჩვენი გაზეთის სპორტულ გვერდს და შეიტყობს თუნდაც ძიუდოს სიახლეებს, რომლებიც აგრერიგად გვაინტერესებს ყველას...


საქმე ისაა, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები გაურკვეველი დროით გადაიდო. ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივნის, ვლადიმერ ნუცუბიძის თქმით, ამის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაა. არჩევნები წლის ბოლომდე აუცილებლად ჩატარდება, თუმცა ზუსტი თარიღი დასაზუსტებელია.

გაცილებით
კონკრეტულია გასულ კვირას ფიბა-ევროპის საკალათბურთო  ჩემპიონატის შესახებ მიღებული ინფორმაცია. აქ უკვე ყველაფერი გარკვეულია და საქართველოს ნაკრები მე-5 კალათაში მოხვდა ბელგიის, ლატვიისა და თურქეთის ეროვნულ გუნდებთან ერთად.

როგორც მოსალოდნელი იყო, კალათებში გუნდები გასულ ევრობასკეტზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით განაწილდნენ. უძლიერესთა კალათაში კონტინენტის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები, ფინალისტი საფრანგეთი,
ასევე მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული რუსეთი და მაკედონია აღმოჩნდნენ.

მეორე კალათაში ლიტვა, საბერძნეთი, მომავალი ევრობასკეტის მასპინძელი სლოვენია და დიდი ბრიტანეთი, ხოლო მესამეში - იტალია, გერმანია, ხორვატია და მონტენეგრო არიან. ფინეთი, პოლონეთი, უკრაინა და ბოსნია-ჰერცეგოვინა ჩვენზე წინ - მეოთხე კალათაში, შედარებით უკეთესი ბურთების სხვაობის გამო აღმოჩნდნენ.
რეგლამენტის თანახმად, 24 ნაკრები ოთხ, ექვსი გუნდისაგან შემდგარ ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფებიდან სამ-სამი უძლიერესი მომდევნო ეტაპზე გადავა, სადაც 12 გუნდი ორ ჯგუფად დაიყოფა და მათგან საუკეთესო ოთხეულები ასპარეზობას მეოთხედფინალური ეტაპიდან  უკვე ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტს 2013 წლის 4-22 სექტემბერს სლოვენიის ოთხი ქალაქი უმასპინძლებს.

ამ კვირაში გულშემატკივარი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩების მოლოდინშია. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ტურთან შედარებით "მშვიდი" მატჩები გველის, რადგან "რეალი" - "სიტისა", თუ "ჩელსი" - "იუვენტუსის" დარი დაპირისპირებები ამ კვირას აღარ იგეგმება. დიდია ინტერესი "სიტისა" და ბუნდესლიგის ზედიზედ ორჯერ გამარჯვებული დორტმუნდის "ბორუსიას" პაექრობისადმი. იურგენ კლოპის აღზრდილები ეგებ წელს მაინც გაისარჯონ ღირსეულად ეროვნული ჩემპიონატის მიღმა. დანარჩენი ასპარეზობებიდან, ალბათ, ყველაზე საინტერესო იქნება მატჩები პორტუგალიური გუნდების მონაწილეობით. სამშაბათს ლისაბონის "ბენფიკა" "ბარსელონას" უმასპინძლებს, ხოლო ოთხშაბათს "პორტო" - ამბიციურ "პსჟ"-ს.

დღევანდელ ჩვენს მიმოხილვას მიროსლავ კლოზეს დიდებულ საქციელზე საუბრით დავასრულებთ. იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის მატჩში "ნაპოლისთან" კუთხურის შემდეგ "ლაციოს" ფორვარდს ბურთი ხელზე მოხვდა და მეტოქის კარში გოლი ისე გავიდა. კლოზემ მატჩის არბიტრს საქმის ვითარება აუხსნა, რის შემდეგაც მან ჩათვლილი გოლი გააუქმა(!).

არჩილ ბენაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები