ევროლიგაზე მანუც ითამაშებს - კვირის პალიტრა

ევროლიგაზე მანუც ითამაშებს

საკალათბურთო ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე მანუჩარ მარკოიშვილის "ბენეტ კანტუც" ითამაშებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში, იტალიურმა კლუბმა ფრანგულ "ლე მანს" მოუგო - 80:66. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის დარჩენილი საგზურისთვის რვა გუნდი იბრძოდა, "ლე მანთან" მატჩამდე კი, კანტუელებმა ბულგარულ "აკადემიკს" და ჩეხური "ნიმბურკის" ბარიერი დასძლიეს. "კანტუმ" საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო და A ჯგუფში მოხვდა რუსულ "ხიმკისთან", თურქულ "ფენერბაჰჩესთან", ბერძნულ "პანათინაიკოსთან", ესპანურ "რეალთან" და სლოვენიურ "ოლიმპიასთან" ერთად. "ლე მანთან" შეხვედრაში მარკოიშვილმა 10 ქულას, 4 მოხსნას, 3 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.