"მგონი, 200 კილოგრამიც აღარ ვარ" - კვირის პალიტრა

"მგონი, 200 კილოგრამიც აღარ ვარ"

"გაგამარუ" იაპონელ ცოლს არ მოიყვანს

ჩემს ქართველებს გაძლებას და მტკიცედ დგომას ვუსურვებ...

იაპონიაში მოასპარეზე ქართველ სუმოისტებს ერთი მებრძოლი გამოაკლდათ - ევროპული სუმოს პიონერმა "კოკაიმ" (ლევან ცაგურია) კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ბოლო წლებია, ლევანს ტრავმები აწუხებს; სუმოს მიტოვებას ჯერ კიდევ შარშან აპირებდა, მაგრამ საყვარელ საქმეს აქამდე მაინც ვერ შეელია. სექტემბრის ბაშო (სუმოს სუპერტურნირი, რომელიც ორ თვეში ერთხელ იმართება. - ავტ.) კოკაიმ სწორედ ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა, ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანში" ჩატარებულ ტურნირში არც დანარჩენ ქართველებს გამოუჩენიათ თავი. "ტოჩინოშინმაც" (ლევან გორგაძე) და "გაგამარუმაც" (თეიმურაზ ჯუღელი) ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულეს. ბოლო ტურნირების მსგავსად, ჯუღელი შემოდგომის პირველ ბაშოსაც ელიტური დივიზიონის ყველაზე მძიმე (212კგ) სუმოისტის სტატუსით შეხვდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, წონაში უკვე საგრძნობლად დაიკლო. "გაგამარუს" განვლილი ტურნირის შესახებაც ვესაუბრეთ, კოკაის გადაწყვეტილებაზეც, წონის "პრობლემაზეც" და მომავალი ცოლის ეროვნებაზეც კი...

- თემურ, რა იყო სექტემბრის ბაშოზე ცუდი ასპარეზობის მიზეზი?

- მეც და ტოჩინოშინმაც ცუდად ვიასპარეზეთ. როცა უმაღლეს დივიზიონში ჭიდაობ, თითქმის ყველა ტურში უძლიერეს მოჭიდავეებთან გიწევს შეხვედრა და თითოეული ორთაბრძოლის მოსაგებად მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო. ამ ბაშოზე კარგად ვერ ვიჭიდავეთ, მაგრამ იმედია, შემდეგ ტურნირებზე ყველაფერი კარგად იქნება.

- არადა, ტურნირი საკმაოდ კარგად დაიწყე...

- მესამე ტურში ოძეკი ბარუტოს მოვუგე, შემდეგი მეტოქე ტრავმის გამო არ გამოცხადდა, მერე კი მიყოლებით დავმარცხდი. როცა ზედიზედ რამდენიმე ორთაბრძოლას აგებ, საბრძოლველად აღარც განწყობა გაქვს და თან იმაზე ნერვიულობ, როგორ ჩაივლის შემდეგი მატჩი. ალბათ, ამის ბრალიც არის, ტოკიოს ბაშოზე ასე ცუდად რომ გამოვედი.

- ამჟამად რამდენს იწონის ელიტარული დივიზიონის ყველაზე მძიმე მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელი?

- ბოლო ბაშოს წინ რომ ავიწონე, 212 კილოგრამი ვიყავი. ასეთი წონა ნამდვილად არასასიამოვნოა ჩემთვის, დავიკელი კიდეც, მაგრამ სექტემბრის ტურნირის დაწყების წინ წონა მაინც "გამექცა". თუმცა, მას შემდეგ საკმაოდ დავიკელი და ახლა, მგონი, 200 კილოც აღარ ვარ. ნოემბრის ბაშოს დაწყებამდე კიდევ ერთხელ ავიწონებით და ზუსტად მაშინ გეტყვით (იცინის).

- სუმოისტისთვის წონას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?

- ჩემს ორთაბრძოლებს თუ ნახავთ, თავადაც დარწმუნდებით, რომ ტექნიკური მოჭიდავე არ ვარ. პირიქით - უმეტესწილად, ვცდილობ, მოწინააღმდეგეს დაჯახების, ძალის ხარჯზე ვაჯობო. ამ ფონზე, რაც უფრო დიდი წონა მექნება, ჩემთვის უკეთესი უნდა იყოს, მაგრამ... თავად არ მსიამოვნებს, ამხელა რომ ვარ.

- შენს მეტოქეებს ფსიქოლოგიურად არ უჭირთ, ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტთან რომ უწევთ შეხვედრა?

- ასეთი წონის მეტოქის შეჩერება ყველასთვის ძალიან ძნელია. არათუ მოწინააღმდეგეებს, დაჯახების შემდეგ თავის შეკავება თავადაც კი მიჭირს ხოლმე. ნამდვილად არ მინდა, 200 კილოგრამს გადავაჭარბო; საკმაოდ ადვილადაც ვახერხებ წონაში დაკლებას, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი კარიერისთვის ასეა საჭირო. ვფიქრობ ხოლმე - დავიკლებ, მაგრამ რა მოჰყვება ამას? წონის კლებასთან ერთად ძალაც გეცლება, მობილიზებაც გიჭირს. კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ, თორემ როცა ამის დრო მოვა, წონაში აუცილებლად დავიკლებ.

- მონღოლმა "ჰარუმაფუჯიმ" ზედიზედ მეორე ბაშო მოიგო და გასულ კვირას "იოკოძუნას" ტიტულითაც დააჯილდოეს. "ჰაკუჰოს" მზე საბოლოოდ ჩაესვენა, თუ დროებითი ჩავარდნა აქვს?

- ამის თქმა ჯერ ძნელია. "მზიური ცხენი" ("ჰარუმაფუჯი" სწორედ ამას ნიშნავს. - ავტ.) ძლიერი, ტექნიკური მოჭიდავეა, თუმცა, აქამდე არასტაბილურად ასპარეზობდა, ბოლო ორი ტურნირის დროს კი ჩინებულად გამოიყურებოდა და "იოკოძუნას" ტიტულიც სამართლიანად დაიმსახურა. ყველაფერი მის სასარგებლოდ აეწყო: ტურნირს კარგ ფორმაში, საბრძოლო განწყობით შეხვდა, მეტოქეებშიც გაუმართლა და ა.შ.

- იოკოძუნას ტიტულის მინიჭების ცერემონიალი როგორია?

- ცერემონიალი ახალი იოკოძუნას კლუბში ან იაპონიის სუმოს ფედერაციაში იმართება ხოლმე. თუმცა, პირადად მე ასეთ ღონისძიებას ჯერ არ დავსწრებივარ: როცა ჰაკუჰოს მიენიჭა სუმოს იერარქიის უმაღლესი ტიტული, ელიტის წევრი ჯერ არ ვიყავი და არც "ჰარუმაფუჯის" "კურთხევაზე" ვყოფილვარ.

- "გაგამარუს" და "ტოჩინოშინის" მონაწილეობით "ქართული დერბი" სექტემბრის ბაშოზეც ვნახეთ. როცა მეტოქედ თანამემამულე გყავს, დოჰიოზე სხვა განწყობით გადიხარ?

- დოჰიოზე ასვლისას იმაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ გაქვს, იაპონელი დგას შენ წინ, მონღოლი თუ ქართველი - უნდა გახვიდე და მობილიზებულმა, საბრძოლო განწყობით იჭიდაო. "დერბის" რაც შეეხება, ვინც უნდა მოიგოს, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრობას ამით არაფერი აკლდება (იცინის).

- "ქართული დერბის" პოტენციურ მონაწილეების ერთი კანდიდატი უკვე ოფიციალურად გამოგაკლდათ - "კოკაიმ" კარიერის დასრულება გადაწყვიტა...

- ელიტურ დივიზიონში ლევანის ასაკის არაერთი სუმოისტია, თუმცა, ბოლო სამი-ოთხი წელიწადია, კოკაის ტრავმები აწუხებდა და ლოგიკურიც არის, ასპარეზობა რომ დაასრულა. როცა სუმოისტი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, მის პატივსაცემად სპეციალური მიღება იმართება. იკრიბებიან მისი თანაკლუბელები, მეგობრები, გულშემატკივრები, ტარდება თმის მოკვეცის სიმბოლური რიტუალი და ა.შ. კოკაიმ კარიერის დასრულების შესახებ უკვე გამოაცხადა, თუმცა გაცილების ოფიციალური ცერემონიალი ჯერ არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ არაიაპონელებისთვის ასეთი ღონისძიებების გამართვა ადვილი არ არის, ლევანს ისეთი ავტორიტეტი აქვს, სხვა რომ არაფერი, მისი გულშემატკივრები არ დაუშვებენ, კოკაი გაცილების ცერემონიალის გარეშე წავიდეს.

- როგორც უცხოელს, კოკაის იაპონიაში მწვრთნელად მუშაობის უფლება არ აქვს და ალბათ, სამშობლოში დაბრუნდება...

- უცხოელს მწვრთნელად მუშაობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ იაპონელი მეუღლე ჰყავს, ან ამ ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს. სხვა შემთხვევაში, რამდენი წელიწადიც უნდა იცხოვროს "ამომავალი მზის ქვეყანაში", მწვრთნელად ვერ იმუშავებს. ლევანიც, როგორც ვიცი, სამშობლოში აპირებს დაბრუნებას.

- გამოდის, შენ ისღა დაგრჩენია, იაპონელი ცოლი მოიყვანო...

- იმის გამო, რომ მწვრთნელად მუშაობის უფლება მომცენ, ასეთ მსხვერპლზე ნამდვილად არ წავალ (იცინის). წლებია, სპორტსმენი ვარ, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, მაგრამ სპორტის გამო ჩემი სურვილის საწინააღმდეგო ნაბიჯს არ გადავდგამ.

- ბოლოს იმ არასასიამოვნო თემასაც შევეხოთ, რომელსაც, სხვებთან ერთად, ქართველი სპორტსმენების უმრავლესობაც გამოეხმაურა: საქართველოს ციხეებში გადაღებული შოკის მომგვრელი კადრები, ალბათ, თქვენც ნახეთ...

- პოლიტიკაში ნამდვილად ვერ ვერკვევი, მხოლოდ ის მინდა, საქართველოში მშვიდობა იყოს. რაც შეეხება თქვენს ნახსენებ კადრებს, ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა. არაადამიანი უნდა იყო, ასეთი რამ გულთან არ მიიტანო და თანაგრძნობა არ გამოხატო. ნანახმა ისე ძალიან იმოქმედა ჩემზე, იმ ღამეს ვერც კი დავიძინე. შენი ქვეყნის შვილი რომც არ იყოს, როცა ასეთ რაღაცას ნახავ, შეუძლებელია, გულზე არ მოგხვდეს. ჩემს ქართველებს გაძლებას და მტკიცედ დგომას ვუსურვებ...