სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

გასულ კვირას, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგა გულშემატკივრისთვის მართლაც მისწრება იყო. "განტვირთვა" სამშაბათ საღამოს მოსკოვის "სპარტაკისა" და "სელტიკის" მატჩით დაიწყო, რომელში მარცხიც, ანგარიშით 2:3,“რუსეთის გუნდს” ძვირად შეიძლება დაუჯდეს. მატჩის უკანასკნელ წუთზე მასპინძლები სამარასის გოლმა დაასამარა და ორი ტურის შემდეგ ქულის გარეშე დატოვა.

ასეთივე ანგარიშით შინ მარცხი მეორე დღეს უკვე "ზენიტმა" იწვნია "მილანთან" შეხვედრაში. აი, დორტმუნდის "ბორუსიის" ფეხბურთელებს კი დიდხანს ემახსოვრებათ "მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ მატჩის უკანასკნელ წუთზე გაშვებული გოლი. გერმანიის ჩემპიონთა პოლონელი ბომბარდირი ლივანდოვსკი მეორე ტაიმში ღიმილიანი სახით ზედიზედ აფუჭებდა მომენტებს მრისხანე მეტოქის კართან. ამ ყოველივეს შემყურე გულშემატკივარსაც ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, რომ დორტმუნდელთა მეტოქე არა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი, არამედ "ნიურნბერგი" ან“"ჰანოვერი" იყო...

საბოლოო ანგარიში 1:1 ნამდვილად ვერ ასახავს მატჩის სურათს და ინგლისის ჩემპიონი ბედნიერი უნდა იყოს ქულის მოპოვებით. ამ შედეგით კმაყოფილია მადრიდის “"რეალიც", რომელმაც გასვლით თამაშში ანგარიშით 4:1 გაანადგურა ამსტერდამის "აიაქსი". ამ გამარჯვებით სამეფო კლუბმა "ბორუსია" ორი, ხოლო "სიტი"  ხუთი ქულით ჩამოიტოვა უკან. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტურში ოთხივე ესპანურმა კლუბმა იმარჯვა, თანაც "ბარსელონამ", "ვალენსიამ" და "მალაგამ" საკუთარი კარი მშრალად შეინარჩუნეს. მე-2 ტურის სენსაციად მიუნხენის "ბაიერნის" გასვლითი მარცხი იქცა, ანგარიშით 1:3,  ბელარუსის "ბატესთან", რომელიც მადრიდის "რეალის" მსგავსად, ასპროცენტიანი მაჩვენებლით ჩაუდგა საკუთარ ჯგუფს სათავეში.

ევროპული საფეხბურთო ფორუმის ფონზე გულშემატკივარს უპირველესად მაინც საკუთარი გუნდის ამბები აინტერესებს. თემურ ქეცბაიამ დაასახელა საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 12 და 16 ოქტომბერს გასვლით შეხვედრებში ფინეთისა და ბელარუსის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ მოემზადება. სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანეს მატჩებში გუნდს ძირითადი მეკარე გიორგი ლორია ვერ დაეხმარება, რომელიც ტრავმებს იშუშებს, თუმცა ერთი წამახალისებელი ამბავი მაინც უძღვის წინ ამ შეხვედრებს - ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა 86-ე ადგილიდან 65-ეზე აინაცვლა. ასეთმა საგრძნობმა პროგრესმა კი, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად ხელი შეუწყოს ჩვენს  გუნდს ფინელებისა და ბელარუსის ნაკრებებთან მატჩებში.

სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საწვრთნელ შეკრებას შეუდგა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები. გიორგი დევდარიანის გუნდი ელიტრაუნდის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. შესარჩევი ეტაპის მე-13 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები უკრაინის, შოტლანდიისა და ლუქსემბურგის გუნდები არიან. ელიტრაუნდში ასპარეზობას კი ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები გააგრძელებენ.

გასულ კვირას გვასახელა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელმაც ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი მოიპოვა. ზურაბ იაკობაშვილმა და გიორგი საკანდელიძემ ოქროს მედლები 66 კგ და 120 კგ წონით კატეგორიებში მოიპოვეს, გიორგი ედიშერაშვილი 55 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დასჯერდა, თორნიკე სვანიძე (84 კგ) და მამუკა კორძაია (96 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

არჩილ ბენაშვილი