სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

გასულ კვირას ცენტრალურ სპორტულ მოვლენად ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული გუნდის თამაში იქცა ფინეთის ნაკრებთან. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურის შესარჩევ მატჩს გუნდები სხვადასხვა განწყობით შეხვდნენ და ეს თამაშზეც აისახა. როგორც ჩანს, ჩვენს ბიჭებზე უაღრესად დადებითად იმოქმედა ესპანეთის ნაკრებთან ღირსეულად ჩატარებულმა მატჩმა, იქამდე ბელორუსებთან მოპოვებულმა სამმა ქულამ, ოქრიაშვილის ულამაზესმა გოლმა და რეიტინგში წინსვლამ. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრები უშიშრად წარდგა გამწარებული მეტოქის წინაშე, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებთან პირველი საშინაო მარცხის შემდეგ განსაკუთრებით ეწადა პირველი სამი ქულის მოპოვება.

მატჩის სცენარიდან გამომდინარე კი საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოს იყო უმნიშვნელოვანეს გასვლით გამარჯვებასთან. ფინელების კართან პირველი რეალური საგოლე მომენტი ჩვენებმა მატჩის 41-ე წუთზე შექმნეს - გურამ კაშიას თავური მასპინძელთა გოლკიპერმა გაჭირვებით მოიგერია. ქართველმა უკანახაზელმა კი თავისი პირველი სანაკრებო გოლი შეხვედრის 56-ე წუთზე მიითვალა. დავით თარგამაძის კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ფინელ მცველთან ორთაბრძოლაში პირველი ჩვენებური დახვდა და ანგარიშიც გახსნა. აი, საქართველოს ნაკრებისთვის მასპინძელთა საპასუხო გოლი კი მით უფრო დასანანია, რომ იმ დროისათვის ფინელები ათი კაცის შემადგენლობით იყვნენ მოედანზე. სატურნირო თვალსაზრისით კი მატჩის საბოლოო შედეგი 1:1 მაინც პოზიტიურია ჩვენი ნაკრებისათვის და გუნდიც საბრძოლო განწყობითაა გამსჭვალული 16 ოქტომბერს ბელორუსის ნაკრებთან გასამართი მეტად მნიშვნელოვანი მატჩის წინ.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია რუმინეთის ნაკრების გასვლითი გამარჯვება 1:0 თურქეთის ნაკრებთან. ჩვენს ჯგუფში ესპანელებმა ანგარიშით 4:0 დაამარცხეს ბელორუსის ნაკრები. გარდა ამისა, იტალიელებმა გასვლაზე მოუგეს სომხეთის ნაკრებს - 3:1, გერმანელებმა 6:1 ირლანდიელებს, ხორვატებმა 2:1 მაკედონიის ეროვნულ გუნდს და ბელგიელებმა 3:0 სერბებს. უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა შინ რუსეთის ნაკრებმა, რომელმაც მინიმალური ანგარიშით - 1:0 სძლია პორტუგალიელებს.

მოლოდინისამებრ უაღრესად საინტერესოდ წარიმართა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეც. ბოლივიისა და პერუს ნაკრებებმა ფრედ 1:1 ითამაშეს, კოლუმბიამ ფალკაოს დუბლით ანგარიშით 2:0 დაამარცხა პარაგვაის ნაკრები, ეკვადორმა 3:1 მოუგო ჩილეს, ხოლო დღის ყველაზე საინტერესო მატჩში კი არგენტინის ნაკრებმა დიდი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა ურუგვაის ეროვნული გუნდი. სამივე გოლი შეხვედრის მეორე ტაიმში გავიდა. აქედან დუბლი - მესის და კიდევ ერთი გოლი სერხიო აგუეროს ანგარიშზეა.

გასულ კვირას თავი ისახელა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გიორგი საკანდელიძემ, რომელმაც 120 კგ წონით კატეგორიაში უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში ზედიზედ მესამე(!) ტურნირში გაიმარჯვა. ბაქოს “ოქროს დიდი პრიზისა” და ყაზახეთში გამართული ტურნირის ოქროს მედლებს საკანდელიძემ იაკუტსკის დმიტრი კორკინის სახელობის ასპარეზობის ოქროს მედალიც შემატა და ასე ასახელა სამშობლო საერთაშორისო სარბიელზე. ამავე ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მამუკა კორძაიამ (96 კგ) მოიპოვა.

გასულ კვირას დუდუ დადიანის რიგით მე-11 მემორიალით საქართველოს 2012-2013 წლების საკალათბურთო სეზონი გაიხსნა. ტურნირს ვაკის კალათბურთის აკადემიის დარბაზი მასპინძლობს.

არჩილ ბენაშვილი