წარუმატებელი დებიუტი "ქართული დერბის" წინ - კვირის პალიტრა

წარუმატებელი დებიუტი "ქართული დერბის" წინ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ სანიკიძის ევროლიგური დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. სიენას "მონტეპასკი", რომლის ღირსებასაც ქართველი ფორვარდი იცავს, ყველასათვის მოულოდნელად საკუთარ მოედანზე დამარცხდა ბერლინის "ალბასთან" 82:92, ვიკამ კი მოედანზე გატარებულ 17 წუთში საკუთარ ანგარიშზე მხოლოდ 6 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერის გვარის გასწვრივ პირველი მეოთხედის ბოლოსაც სწორედ ეს სტატისტიკური მონაცემები ეწერა. სწორად მიხვდით, - საწყის ათწუთეულში მოპოვებულ მონაგარს დარჩენილ დროში ვიქტორმა ვეღარაფერი შემატა და თავად კალათბურთელთან ერთად ამაში დამნაშავე სიენელთა მწვრთნელიც გახლავთ, რომელმაც ჩვენებური მხოლოდ პირველ და ბოლო მეოთხედში ათამაშა. სანიკიძისგან განსხვავებით, ევროლიგის წლევანდელი გათამაშება მოგებით დაიწყეს გიორგი შერმადინმა და მისმა "მაქაბიმ". ებრაულმა კლუბმა სტუმრად "მალაგა" დაამარცხა - 85:80, გიორგიმ კი აქტივში 9 ქულა და 3 მოხსნა ჩაიწერა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მომდევნო ტურში კი სწორედ "ქართული დერბი" გველის - "მაქაბი" "სიენას" დაუხვდება.