ფინეთი კაცნაკლულიც ვერ "გავიფინეთ" - კვირის პალიტრა

ფინეთი კაცნაკლულიც ვერ "გავიფინეთ"

ფინეთი - საქართველო 1:1

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ოფიციალურ მატჩში სტუმრად გამარჯვება ბოლოს 2006 წელს, ფარერის კუნძულებზე მოახერხა. მას შემდეგ ექვს წელიწადზე მეტი გავიდა და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, ჩვენმა გუნდმა გასვლაზე ერთხელაც ვერ ივარგა. ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევა თემურ ქეცბაიას გუნდს პარასკევს, ფინეთში გამართული მატჩისას შეეძლო, თუმცა...

მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივი უპირატესობა თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ჰქონდათ, ქართველებმა არათუ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, ფინელებს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობაც კი მისცეს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "აუცილებლად მოსაგებ" მატჩებში ჩვენს გუნდს ძველებურად უჭირს. ფინეთის ნაკრებთან შეხვედრა ზემოაღნიშნულ კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება და სუომელებმა ეს ფრანგებთან მატჩშიც დაამტკიცეს, მაგრამ, როცა გოლის გატანიდან სამიოდ წუთში გუნდი რიცხობრივ უპირატესობასაც იღებს, მოგების გარდა სხვა რა უნდა მოსთხოვო?!

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი ჩაატარა და თითო მოგება-წაგების შემდეგ ერთიანი ფრეების გრაფაშიც მოხვდა. თემურ ქეცბაიას სამწყსო ფინეთს საბრძოლო განწყობითა და შემადგენლობით ესტუმრა, თუმცა, მორიგი გასვლითი მატჩიდან კინკილა ქულაზე მეტი ვერც ამჯერად წამოიღო. ვინც თამაშს უყურა, დაგვეთანხმება, - ჩვენებს შთამბეჭდავი უპირატესობა არ ჰქონიათ, მაგრამ თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, გულდაწყვეტის საბაბი ნამდვილად გვაქვს: კაცნაკლული მეტოქე რომ გოლს გაგიტანს, რაღაზეა ლაპარაკი, მით უმეტეს, იმ ეპიზოდში კასპერ ჰამალაინენმა ზურაბ ხიზანიშვილი და ნუკრი რევიშვილი ძალზე იოლად მოატყუა... მართალია, დარჩენილ დროში სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ...

რიცხობრივი უპირატესობის მქონე გუნდს გაცილებით მეტი აქტიურობა მოეთხოვება. და რაც უნდა საკვირველი იყოს, მატჩის ბოლოს დაღლა... ქართველებს უფრო ეტყობოდათ!

მატჩის პირველ ნახევარში საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა, ტაიმის ყველაზე რეალური საგოლე მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს: 41-ე წუთზე, თარგამაძის კუთხურის შემდეგ, გურამ კაშიას თავური დარტყმა მეკარემ გაჭირვებით მოიგერია. თარგამაძე-კაშიას დუეტმა თავისი მაინც გაიტანა - "თაგვის" (თარგამაძის მეტსახელია. - ავტ.) მორიგ კუთხურს ამჯერადაც "ვიტესის" მცველი დაუხვდა და ბურთი მასპინძელთა კარში აღმოჩნდა. სხვათა შორის, კაშიასთვის ეს პირველი სანაკრებო გოლია და კარგი იქნებოდა, გამარჯვების მომტანიც ყოფილიყო. ანგარიშის გახსნიდან სამ წუთში მორიგი "საჩუქარი" მივიღეთ: ალექსეი ერიომენკომ ნუკრი რევიშვილისთვის განიზრახა კონკურენციის გაწევა და ჩვენს საჯარიმოში ბურთს ორივე ხელი წაჰკრა, რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი და გასახდელის "საგზურიც" დაიმსახურა. გავიდა კიდევ სამი წუთი და ამჯერად მასპინძლებმა გაიხარეს: ფინელთაგან ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა კასპერ ჰამალაინენმა ხიზანიშვილი ერთი მოძრაობით ჩამოიტოვა და ტრავმირებული გიორგი ლორიას ნაცვლად მოთამაშე ნუკრი რევიშვილს ახლო კუთხეში გაუტანა.

ამის შემდეგ, ძირითადად, ქართველები უტევდნენ, მაგრამ სანდრო კობახიძისა და ჯანო ანანიძის დარტყმებს ჩინებულად მოთამაშე მეკარე მაენპაა დაუხვდა, ჯაბა კანკავას კი სიზუსტემ უმტყუნა. ჩვენს გუნდს ბრძოლისუნარიანობასა და მონდომებას ვერც ამ მატჩში დაუწუნებდით, მაგრამ ვიმეორებ, - შექმნილ ვითარებაში საქართველოს ნაკრებს მეტი აქტიურობა მოეთხოვებოდა. დიდად არც შეცვლაზე შესულ მოთამაშეებს გამოუჩენიათ თავი: ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში მჭედლიძის ნაცვლად ითამაშა დავით დევდარიანმა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, ძნელი გასაგები იყო, რა პოზიციაზე და რა დავალებით გაამწესეს მოედანზე დანიური "ორჰუსის" ნახევარმცველი. მის გარდა, ქეცბაიამ მოედანზე შესვლის შესაძლებლობა ჯანო ანანიძესა და ლევან ყენიასაც მისცა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ათიოდე წუთი ითამაშა, განსაკუთრებულად სასიამოვნო სწორედ ყენიას გამოჩენა გახლდათ. შეგახსენებთ, ლევანი თემურ ქეცბაიაზე ნაწყენი გახლდათ, ისიც კი წამოსცდა, სანამ ნაკრებს ქეცბაია წვრთნის, იქ აღარ ვითამაშებო და კარგია, ეს გაუგებრობა უკვე წარსულს რომ ჩაჰბარდა. ცოტა არ იყოს, გასაკვირია, თემურ ქეცბაიამ თუნდაც რამდენიმე წუთით მაინც რომ არ მისცა თამაშის შესაძლებლობა ირაკლი სირბილაძეს, ვინც წლებია, სწორედ ფინეთის ჩემპიონატში თამაშობს და მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ. მით უმეტეს, წინა მატჩების მსგავსად, ლევან მჭედლიძეს არც ამჯერად უსახელებია თავი.

"გულდასაწყვეტია, ანგარიშის შენარჩუნება რომ ვერ შევძელით, მაგრამ ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ. გამოცდილება გვაკლია, რადგან გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ სწორედ ასეთ თამაშებში გაიზრდებიან და მომავალში მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებენ. ვიმეორებ, ძალიან დამწყდა გული, თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტუმრად ვითამაშეთ, ჩვენი მეტოქე კი საკუთარ მოედანზე ყოველთვის კარგად თამაშობს. ბელორუსში კიდევ უფრო რთული მატჩი გველის - მით უმეტეს, ბელორუსები ჯერაც უქულოდ არიან. ახლა მთავარია, ფეხბურთელებმა კარგად დაისვენონ, ისინი კი, ვისაც დღეს არ უთამაშია, კარგად მოემზადონ. იმედია, დარჩენილ სამ დღეში ამას შევძლებთ, - გავალთ და მომდევნო თამაშს მოვიგებთ. თუ 16 ოქტომბერს გავიმარჯვებთ, ჯგუფში მესამე ადგილს დავიმკვიდრებთ და მიზანი ნაწილობრივ შესრულებული გვექნება", - თქვა ნამატჩევს თემურ ქეცბაიამ. საქართველოს ნაკრებს ბელორუსთან მართლაც მძიმე მატჩი ელის. 12 ოქტომბერს "თეთრი რუსები" მინსკში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდნენ (0:4) და გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციისთვის ქართველების დამარცხება სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ ჩვენსას შევეცდებით და ამჯერად ვინ დარჩება გამარჯვებული ყოფილი საბჭოელების დუელში, სამშაბათის მატჩი გვიჩვენებს.

თ    მ    ფ    წ     ბ      ქ

1. ესპანეთი              2    2     0    0    5:0    6

2. საფრანგეთი         2    2    0    0    4:1    6

3. საქართველო        3    1    1    1    2:2    4

4. ფინეთი                 2    0    1    1    1:2    1

5. ბელორუსი           3    0    0    3    1:8    0

16 ოქტომბერი

ბელორუსი-საქართველო

ესპანეთი-საფრანგეთი