"მსოფლიო ფეხბურთის ბოლო ვაგონით ვმგზავრობთ" - კვირის პალიტრა

"მსოფლიო ფეხბურთის ბოლო ვაგონით ვმგზავრობთ"

"ქეცბაია უნდა ჩამოშორდეს იმ წრეს, რასაც სიჭინავას წრე, ფეხბურთის ფედერაციის წრე ჰქვია!"

ბოლო დროს ძველებურად აქტიური აღარ არის; დროს, ძირითადად, თავისივე სახელობის საფეხბურთო აკადემიას უთმობს და ახალგაზრდა მოთამაშეებს პროფესიული ფეხბურთისკენ უკვალავს გზას. დარწმუნებულია, რომ ქართული ფეხბურთი გაცილებით მეტს იმსახურებს და მისი შეფასებებიც ისეთივე კრიტიკულია, როგორიც უწინ. "კვირის პალიტრის" სტუმარი ცნობილი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი გახლავთ.

- მაქვს ჩემი სახელობის საფეხბურთო აკადემია, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს პროფესიულ კლუბებში სათამაშოდ ვამზადებთ. ანუ, ფაქტობრივად, პირადი მწვრთნელის ფუნქციას ვასრულებ. ჩემი მომზადებული ახალგაზრდები უკვე თამაშობენ როგორც ეროვნული პირველობის, ასევე უცხოურ კლუბებში.

- მიუხედავად იმისა, რომ აღარ აქტიურობთ, ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას კარგად იცნობთ...

- რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობ... ერთადერთი, რამაც შეიძლება მეტ-ნაკლებად იმედიანად განგვაწყოს, ბავშვთა ფეხბურთია. აი, რაც შეეხება ეროვნული პირველობისა და ნაკრების სიძლიერეს, ამ მხრივ ძალიან ჩამორჩენილები ვართ და მსოფლიო ფეხბურთის ბოლო ვაგონებით ვმგზავრობთ. ჩვენი ფეხბურთის დიდი პოტენციალის მიუხედავად, დღეს სანაკრებო დონეზე ფაქტობრივად, არაფერს წარმოვადგენთ. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, კარგად ვნახეთ, რომ სატურნირო ცხრილის ზედა ადგილების ბედი ფედერაციაში წყდებოდა. ნახეთ, როგორ თამაშობენ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართული კლუბი ვერ მიეკარა. ამიტომაც, თავს ნუ მოვიტყუებთ და თქვენი გაზეთის მეშვეობით მაინც ვთქვათ სიმართლე: ქართული ფეხბურთი ძალიან ცუდ დღეშია!

- რა არის ამის მიზეზი?

- პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის სათავეში მყოფი ხალხი. არაპროფესიონალებს ჩააბარეს ფეხბურთი! მათ მეტის გაკეთება არ შეუძლიათ, ამიტომ ვერც მოსთხოვთ, შედეგს კი ყველანი ვხედავთ. გადახედეთ, ვინ ხელმძღვანელობს ევროპის, ან თუნდაც ყოფილი საბჭოეთის წარმატებულ კლუბებს - პროფესიონალები, ვისაც თავის დროზე დიდი ფეხბურთი უთამაშია, ვისაც ზურგს უდიდესი გამოცდილება და ავტორიტეტი უმაგრებს. და ჩვენთან? ერთი კლუბი მაინც დამისახელეთ, სადაც ისეთი ვეტერანი მუშაობს, ვისაც მსოფლიო დონის ფეხბურთი უთამაშია. ასეთი პროფესიონალები საერთოდ გარიყული იყვნენ ქართული ფეხბურთიდან და უმეტესობა დღემდე ასეა! სულ გვიჩიჩინებდნენ - არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც დიდი ფეხბურთელი იყო, მაღალი დონის მწვრთნელი რომ დადგეო; ამის გამო უნდოდათ დიდი ფეხბურთელების "ჩარეცხვა". ფეხბურთის ფედერაციის ბოლო ორი პრეზიდენტი ხომ ცალკე საუბრის თემაა: ისეთი საქმე ანდეს, ეს იგივეა, საოპერაციო მაგიდასთან მიგვეყვანა და ოპერაციის გაკეთება მიგვენდო მათთვის. სფფ-ის მოქმედი თავკაცი საცირკო დასის ხელმძღვანელის პოსტიდან მოხვდა ახლანდელ თანამდებობაზე, უმცროსი ნოდარ ახალკაცი კი... დიახ, მამამისმა ქართული ფეხბურთისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ მამის დამსახურების გამო ამხელა პასუხისმგებლობა უნდა ავკიდოთ შვილს, რომელსაც ბურთისთვის ფეხი ერთხელაც არ დაურტყამს?!

- ჰო, მაგრამ სწორედ ბოლო წლებში აშენდა ახალი სტადიონები, ბაზები, ინფრასტრუქტურა...

- დაანგრიეს უნიკალური კონსტრუქციის ბათუმის სტადიონი, სკა-ს სტადიონი ავლაბარში, "დინამოს" სათადარიგო მოედნის ადგილას კი, სადაც არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი გაიზარდა, დღეს ავტოსადგომია გახსნილი... ახალ არენებს რაც შეეხება, სარბენი ბილიკი არც ერთ მათგანს არ აქვს და საინტერესოა, სად უნდა მოემზადონ ფეხბურთელები ფიზიკურად? თანაც, ისეა დაპროექტებული, ღობის იქით თუ გადავარდა ბურთი, ან სულ დაიკარგება, ან მის მოსატანად ნახევარი საათია საჭირო. წლებია, გვესმის - ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ, ამ სფეროს უნდა მივხედოთო, მაგრამ... სხვათა შორის, ბავშვთა ფეხბურთი მისახედად ყველაზე ადვილია, მით უმეტეს - მშობლების ხარჯზე. მაგრამ გარდატეხის ასაკის შემდეგ მოზარდები ვეღარ ვითარდებიან. უკრაინაში ვისაც დიდი ფეხბურთი უთამაშია, ყველა ფეხბურთში ტრიალებს, ჩვენთან კი მხოლოდ ორიოდე ვეტერანისთვის "გაიმეტეს" ასაკობრივი ნაკრებები. სანამ ყიფიანს, გუცაევს, ჩივაძეს, ძოძუაშვილს, ხურცილავას ჰქონდათ მუშაობის შესაძლებლობა, უკრაინასაც ვჯობდით და რუსეთსაც, ახლა რა დღეში ვართ? საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი გამოცდილი სპეციალისტები და თუ არ გვინდა, "ტიტანიკივით" ჩავიძიროთ, ახლა მაინც მივხედოთ საქმეს. თანამედროვე ფეხბურთი ყოველ წუთს ითხოვს ტაქტიკური მონახაზების შეცვლას, თამაშის დეტალურ გარჩევას. უნდა ნახოთ, როგორ აანალიზებენ თითოეულ მატჩს რუსულ, უკრაინულ, თუნდაც თურქულ არხებზე, ჩვენთან კი ამ მხრივაც უმძიმესი მდგომარეობაა...

- ნაკრებზე რას იტყვით, რა შეიძლება ქეცბაიამ დღევანდელი კონტინგენტით გააკეთოს?

- რა უნდა გააკეთოს და, უნდა ჩამოშორდეს იმ წრეს, რასაც სიჭინავას წრე, ფეხბურთის ფედერაციის წრე ჰქვია!

- როგორ უნდა ჩამოშორდეს, გადადგეს?

- კი არ უნდა გადადგეს, მათ გვერდით არ უნდა იყოს! თვითონ სიჭინავა უნდა გადადგეს, ქეცბაია კი საფეხბურთო საზოგადოების გვერდით დარჩეს!

- კითხვას გავიმეორებ: იმ ფეხბურთელებით, ვინც დღეს გვყავს, მეტის გაკეთება შეიძლება?

- კი, მაგრამ ვინ ირჩევს ამ ფეხბურთელებს? მუდმივი მუშაობა და სწორი სელექციაა საჭირო. თანაც, ფეხბურთელების ასე ხშირად შეცვლა როგორ შეიძლება? ნაკრების ბირთვი 14-15 მოთამაშისგან ყალიბდება. დანარჩენი შვიდიდან კი, შეიძლება, წელიწადში მაქსიმუმ 2-3 კაცი შეიცვალოს. ჩვენთან? ყოველ ორ თამაშში ახალი დაცვა, ნახევარდაცვა, შეტევა გვყავს, დღეს ერთი თამაშობს, ხვალ - მეორე და ა.შ. ფეხბურთელმა კი არ უნდა გამოიყენოს ნაკრები უკეთეს გუნდში გადასასვლელად, ნაკრებმა უნდა გამოიყენოს ფეხბურთელები!  და თუ ვინმე ერევა მის საქმეში, ქეცბაიამ ხმამაღლა უნდა თქვას, რომ  გარეშე სამყარო მის საქმიანობაში ერევა!

- თქვენ როგორ ფიქრობთ, ერევა ვინმე?

- შეიძლება არ ერევიან, მაგრამ გარედან ასე ჩანს. აბა, შეიძლება პროფესიონალი მწვრთნელი ასე ხშირად ცვლიდეს ნაკრების მოთამაშეებს? ხან ევროპის ჩემპიონატისთვის "ვაშენებთ" ახალ გუნდს, ხან - მსოფლიო პირველობისთვის, სინამდვილეში კი ამდენი ხანია, ატყუებენ გულშემატკივარს. რა აქვს თავის გასამართლებელი იმ ხალხს, ვისაც დღეს ქართული ფეხბურთი აბარია?

- თაობათა ცვლა, გუნდის გაახალგაზრდავების პროცესი და ა.შ...

- ამ ზღაპრებს ერთმანეთს მოუყვნენ. თუმცა, რატომაც არა - თავის გასამართლებლად მშვენიერი მიზეზია. თაობა ისე უნდა შეცვალო, რომ გუნდის სიძლიერეს არაფერი შეეტყოს. როცა სწორად არ მუშაობ და ფეხბურთი სწორი გზით არ მიგყავს, მაშინ ეძებ ასეთ მიზეზებს. ხშირად მომისმენია - რეზო ძოძუაშვილს გაუმართლა, ნაკრებშიც და თბილისის "დინამოში" მუშაობის პერიოდშიც კარგი თაობა შეხვდაო. არველაძე, ქინქლაძე, ჯამარაული, ყაველაშვილი კი არ "შემხვდნენ", ფეხბურთელებს ვეძებდით და სხვადასხვა გუნდიდან ჩამოგვყავდა. თუნდაც, კობიაშვილსა და იაშვილზე ვთქვათ: შეიძლება ეს მოთამაშეები მეტ-ნაკლები წარმატებით შეცვალეს კიდეც სხვა ფეხბურთელებმა, მაგრამ რატომ უნდა ვთქვათ, მაგალითად, კობიაშვილზე, რომლის ჩაგდებული თამაში არავის ახსოვს და რომელიც დღემდე ერთ-ერთი საუკეთესოა - თაობათა ცვლაში "მოყვაო"?

- თქვენ რომ იყოთ ნაკრების მწვრთნელი, ამ კონტინგენტით უკეთეს შედეგს მიაღწევდით?

- ფეხბურთელები კი არა, სისტემა, საქმისადმი მიდგომაა შესაცვლელი.  ყველა უნდა იყოს ჩართული მზადებაში, თამაშების გარჩევაში. სამთვიან შვებულებას რომ მოიწყობენ და ნაკრები მატჩამდე ერთი თვით ადრე გაახსენდებათ, ეს არის საქმე?! იცის ვინმემ, რა სტრატეგია და ტაქტიკა აქვს ნაკრებს? მხოლოდ დაცვაში "ჩაჯდომისა" და კონტრშეტევების იმედად ვინღა თამაშობს, რომელი საუკუნეა? დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიძლება, ყველა მეტოქესთან ერთნაირად ითამაშო? როგორ შეიძლება, ვზეიმობდეთ, როცა ესპანელებს მთელი თამაშის განმავლობაში ბურთი ვერ წავართვით და ბურთის ფლობის მაჩვენებლით ახალი რეკორდი (80%-20%) დავამყარებინეთ?! გვაქვს პოტენციალი და ვალდებული ვართ, ქართული ფეხბურთი დღესვე გავიყვანოთ ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, იმიტომ, რომ ჩვენნაირმა ქვეყნებმა ეს უკვე მოახერხეს! მაგრამ რა სტიმული უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ფეხბურთელს, როცა ხედავს, რომ მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ხელისუფლებას სამაგალითოდ ჰყავს დასჯილი? გიორგი დემეტრაძე ხომ ტყუილუბრალოდ იხდის სასჯელს იმის გამო, რომ თურმე "ძველ ბიჭებთან" ძმაკაცობდა...