სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები აქვს ჩასატარებელი, ამიტომაც ქვეყანა საფეხბურთო ციებ-ცხელებით ცხოვრობს და ქვეცნობიერად თითოეული გულშემატკივარი წარმატებას ელის.

მოდი, ვაღიაროთ, რომ ფინეთის ნაკრებთან თამაშმა ბელორუსის ეროვნულ გუნდთან მატჩის წინ იმედი ჩაგვისახა. პირველ გასვლით შეხვედრაში ჩვენი გუნდი საკმაოდ კარგად თამაშობდა და  სამი ქულის მოპოვებაც შეეძლო. რა მოხდა ბელორუსის ნაკრებთან? რატომ დავუშვით საბედისწერო შეცდომები თამაშის დასაწყისშივე? წესით, პირიქით, საქართველოს ნაკრებს უნდა ესარგებლა მეტოქის შეცდომებით, რადგან ბელორუსის ნაკრებსა და მის მთავარ მწვრთნელ კონდრატიევს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უღიმღამო სტარტის გამო უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ.

სამწუხაროდ, მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. საქართველოს ნაკრები ორბურთიან სხვაობას მეორე ტაიმში რომ ვერ აღმოფხვრიდა, ცხადი იყო. გულშემატკივარს კი სანუგეშოდ ისღა დარჩა, რომ ნაკრები  თემურ ქეცბაიას პროგრამის მიხედვით ირჯება და ჯგუფში ჯერჯერობით ინარჩუნებს მესამე ადგილს...

გაცილებით საინტერესო მატჩები ჩატარდა სხვა სტადიონებზე. აღსანიშნავია ჩვენი ჯგუფის ლიდერების - ესპანეთისა და საფრანგეთის გუნდების ფრე 1:1. როგორც ჩანს, მსოფლიოს უძლიერესმა გუნდმა ნაადრევად ჩათვალა მატჩის ბედი გადაწყვეტილად და დამშვიდდა, რასაც ფრანგთა მიერ უკანასკნელ წუთზე გატანილი საპასუხო გოლი მოჰყვა.

არჩილ ბენაშვილი